ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/1727

საკონსტიტუციო სასამართლომ კონფესიების სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

მიმდინარე წლის 23 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო რელიგიურ გაერთიანებათა საკონსტიტუციო სარჩელი N671, სადაც მოსარჩელეთა ინტერესებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელთა საფუძველზეც, საგადასახადო შეღავათები მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას) ენიჭება.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება.

კერძოდ, გასაჩივრებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის I ნაწილის “დ” ქვეპუნქტის ის სიტყვები, რომლებიც მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოყენებული რელიგიური დანიშნულების ნივთების რეალიზაციით მიღებულ მოგებას ათავისუფლებს გადასახადიდან და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ამგვარი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას არ უტოვებს. ასევე, ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტისა და მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის ის სიტყვები, რომლებიც მხოლოდ დომინანტ რელიგიურ გაერთიანებას ათავისუფლებს დამატებული ღირებულების გადასახადისგან, საღვთისმსახურო საგნების მიწოდების შემთხვევაში. ამასთან, ამავე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია ეკლესიებისა და ტაძრების რესტავრაცია, მშენებლობა და მოხატვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით.

სარჩელის თანახმად, ასევე სადავოა საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტი, რომელიც რელიგიური გაერთიანებების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაბეგვრის ობიექტად განიხილავს და, შესაბამისად, არ ათავისუფლებს მათ ქონების გადასახადისგან მაშინ, როცა მართლმადიდებელი ეკლესია გათავისუფლებულია ამგვარი გადასახადისგან.

სარჩელის თანახმად, ზემოთ აღნიშნული ნორმები რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა უწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, რითაც აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში, უქმნის არამართლზომიერ დაბრკოლებებს და ხელყოფს მათ კონსტიტუციურ უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის სიტყვების “საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ეკლესიებისა და ტაძრების მოხატვა გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, თუ დამკვეთი საპატრიარქოა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკულტო ნაგებობების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა, სხვა რელიგიური გაერთიანებების დაკვეთის შემთხვევაშიც, გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საინტერესო განმარტებები გააკეთა გასაჩივრებულ ნორმებთან დაკავშირებით (მოგების გადასახადისა და საღვთისამსახურო  საგნების დღგ-სგან გათავისუფლების ნაწილში). სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ რელიგიური გაერთიანებებზე, რელიგიური საქმიანობის ნაწილში, ისეთივე საგადასახადო რეჟიმი გავრცელდეს, როგორიც საქართველოს საპატრიარქოზე, რადგან რელიგიურ გაერთიანებათა საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები სწორედ ამგვარი განმარტების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული განმარტება პოზიტიურად აისახება რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობაზე და გააუვნებელყოფს იმ ნეგატიურ ეფექტს, რასაც კანონის ბუნდოვანი ნორმების ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობა ქმნიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე რელიგიურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ:

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;

ქართველ მუსლიმთა კავშირი;

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;

მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი;

საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია;

წმიდა სამების ეკლესია;

ქრისტეს ეკლესია.

 

სარჩელი მომზადებულია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის მიერ, თავისუფალი უნივერსიტეტისა და TDI-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.