ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
იან/1817

სასამართლომ სამინისტროს ერაყის მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, მიანიჭოს ლტოლვილის სტატუსი ერაყის მოქალაქე ა.ა.ჰ.ჰ.-სა და მისი ოჯახის ხუთ წევრს, რომლებიც  საკუთარი რელიგიის გამო იდევნებიან.

ერაყის მოქალაქეთა ინტერესებს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოში საქართველოს გაეროს ასოციაცია და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

ერაყში მოსარჩელეებს  სახელმწიფო მათი ეთნიკური (ქურთი) და რელიგიური კუთვნილების (ქრისტიანი) გამო დევნიდა და ავიწროებდა.

2014 წლის 9 იანვარს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მათ სამინისტროს განცხადებით მიმართეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განიხილა აპლიკანტების განცხადება, მიიჩნია, რომ არსებობდა კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, თუმცა, უარი განაცხადა მათთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, განმცხადებლების საქართველოში ყოფნა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ინტერესებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, განმცხადებელმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2015 წლის გადაწყვეტილებითაც, სადავო გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და სამინისტროს დაევალა საკითხის ხელახლა შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა.

ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

სამინისტრომ ხელახლა შეისწავლა საკითხი, თუმცა, ზუსტად იგივე გარემოებების არსებობის გამო, ისევ უარი განაცხადა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

სამინისტროს უარი გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნაც და, შესაბამისად, სამინისტროს გადაწყვეტილებაც უსაფუძვლო და უკანონო იყო, რის გამოც ითხოვდნენ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და სამინისტროსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას, რომელიც განმცხადებლებს ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებდა.

2017 წლის 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და სამინისტროს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განმცხადებლების მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მათ ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებათ. მხარეებს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში ჩაბარდებათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას არ აქვს სავალდებულოდ მბოჭავი ძალა და ის შესაძლოა იყოს როგორც უსაფუძვლო, ასევე უკანონო.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული ნეგატიური დასკვნების სტატისტიკა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ პრივილეგიას, უსაფუძვლოდ ზღუდავს განმცხადებელთა უფლებებს და აწარმოებს შერჩევით და დისკრიმინაციულ პოლიტიკას კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეების მიმართ.

საყურადღებოა, რომ აღნიშნულ პრობლემას ეხმიანება ევროკომისიის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშიც, რომელიც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მიმოიხილავს. დოკუმენტში ევროკომისია უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დიდი ნაწილი სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით  არ არის დაკმაყოფილებული.

TDI ბენეფიციარებს იურიდიულ დახმარებას უწევს პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციისდაძლევა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობისმხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.