ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/1807

დისკუსია: საჯარო სკოლა და რელიგია

2018 წლის 6 თებერვალს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა  დისკუსია “საჯარო სკოლა და რელიგია”.

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოს უფროსი - მარიამ ჩიქობავა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე. დისკუსიას უძღვებოდა TDI-ის გამგეობის წევრი, მარიამ ღავთაძე.

მომხსნებლებმა ისაუბრეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბოლოდროინდელ ინიციატივაზე საჯარო სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების შესახებ, მიმოიხილეს  რელიგიის თავისუფლებასა და ზოგად განათლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რელიგიური ნეიტრალობის დაცვის, პროზელიტიზმის, ინდოქტრინაციისა და დისკრიმინაციის კუთხით საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა, სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსი, გრიფირების ახალი სტანდარტები და ზოგადსაგანმანთლებლო სივრცეში რელიგიასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ისაუბრა საჯარო სკოლაში რელიგიის სწავლების ისტორიულ კონტექსტსა და მნიშვნელობაზე, საგნის სახელმძღვანელოსა და მასწავლებლების გადამზადებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმებზე. მან აღნიშნა, რომ საგანი, რელიგიის ისტორია, არჩევითი იქნება, რომლის სტანდარტსა და შინაარსზე, სამინისტროსთან ერთად, ინტერრელიგიურმა კომისიამ უნდა იმუშაოს. მისი განცხადებით, სწავლება არ უნდა იყოს კონფესიური და საგანი მიზნად უნდა ისახავდეს “ძირითადი რელიგიების” ისტორიის შესახებ მოსწავლეების ინფორმირებას.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიქობავამ აღნიშნა, რომ სამინისტრო განიხილავს რელიგიის სწავლების საკითხს, შეიმუშავებს საგნისა და სახელმძღვანელოების სტანდარტს. მისი თქმით, საგანი უნდა იყოს არჩევითი და მოიცავდეს რელიგიების ისტორიის სწავლებას. მარიამ ჩიქობავამ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებისა და სახელმძღვანელოს სტანდარტების დადგენაში, მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, მონაწილეობა შესთავაზა საქართვლოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს. კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება ასწავლოს აღნიშნული საგანი, ჩიქობავამ განაცხადა, რომ ეს შეიძლება შეითავსონ  ძირთადად ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენელმა მასწავლებლებმა, რომელთა გადამზადება ეტაპობრივად მოხდება.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორმა, შალვა ტაბატაძემ აღნიშნა, რომ  “რელიგიის ისტორიის” სწავლება თავისთავად კარგი იდეაა, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმართავენ, თუმცა ტაბატაძის თქმით, საგნის პროფილური სწავლების საჭიროება არ არსებობს, რელიგიების შესახებ ინფორმაცია უკვე არის ინტეგრირებული სხვადასხვა საგანში და სასურველია, სწორედ ამ ფორმით შენარჩუნდეს. მან განაცხადა, რომ საგნის პროფილური სწავლების შემთხვევაში,  სკოლაში ინდოქტრინაციის და პროზელიტიზმის რისკები გაიზრდება. გარდა ამისა, საჭირო იქნება დამატებით ადამიანური და ფინანსური ხარჯების გაწევა, რისთვისაც სახელმწიფო მზად არ არის.

ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ისაუბრა საჯარო სკოლებში არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მოსწავლეების მიმართ არსებულ დისკრიმინაციულ სასწავლო გარემოზე, მოსწავლეების მიმართ ინდოქტრინაციის პრაქტიკასა და იმ რისკებზე, რაც ახალი საგნის პროფილურმა სწავლებამ შეიძლება გამოიწვიოს. მან ასევე ისაუბრა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციებზე, რომლებშიც ასახულია საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური ნეიტრალობის დაცვის მხირვ არსებული პრობლემები და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.

დისკუსიის ნაწილში მომხსნებლებმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს. სტუმრების მიერ დასმული კითხვები და გამოთქმული მოსაზრებები შეეხებოდა ახალი სასკოლო საგნის შინაარსს, დღის წესრიგში რელიგიის სწავლების შემოტანის არგუმენტებს, სახელმძღვანელების მომზადებაში მრავალმხრივი ჩართულობის საკითხს და სხვ. აღინიშნა, რომ საჯარო სკოლებში არსებობს ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრობლემა, რომლის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და კანონის მოთხოვნების აღრულება.

დისკუსიას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

იხილეთ დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ბმულზე.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ წამოწყებული დისკუსიების ციკლი მიზნად ისახავს რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრობლემატიკაზე მრავალმხრივი დიალოგის ხელშეწყობას, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).