სიახლეები
TDI
აპრ/1812

შეხვედრები მარნეულის, ბოლნისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში

4 და 12 აპრილს, TDI-მ გამართა შეხვედრები მარნეულის, ბოლნისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მონაწილეობით.

12 აპრილს, TDI-ის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა რუსთავის მერიაში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რუსთავის საკრებულოს წევრები, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგნელები, მათ შორის ევანგელურ-ლუთერული, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეპარქიისა და სახარების რწმენის ეკლესიის სასულიერო პირები.

4 აპრილს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, ქალაქ მარნეულში გაიმართა იგივე ფორმატის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ნაკერიანი, ასევე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები: მუსლიმი თემის წევრები და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეპარქიის სასულიერო პირები.

4 აპრილს შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. TDI-ის წარმომადგენლებთან ერთად, მუსლიმი თემისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს, ვალენტინა ნავერიანსა და ლონგინოზ გასანოვს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის სამსახურისა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრებზე განხილული იყო საკულტო ნაგებობების მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და წახალისების, რელიგიური გაერთიანებების სოციალური, საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის სხვა აქტუალური საკითხები.

TDI-ის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან რელიგიური გაერთიანებების შეხვედრათა ციკლი იმართება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რელიგიური გაერთიანებების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, რელიგიური გაერთიანებებისთვის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე.