ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1812

TDI-ის შეხვედრები ბათუმში

8-10 ოქტომბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები ბათუმში, რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევების უკეთ შესწავლის მიზნით, აჭარის ხელისუფლების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიური გაერთიანებების  წარმომადგენლებს, მედიასა და სტუდენტებს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, 9 ოქტომბერს, TDI-მ, ბათუმის ამერიკულ კუთხეში,  შეხვედრა გამართა ადგილობრივ რელიგიურ გაერთიანებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 3 ივლისს მიღებული იმ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაცნობა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სახელმწიფო ქონების კანონში რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ დისკრიმინაციულ ნორმებს შეეხებოდა. სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გაერთიანებების სარჩელები. მათ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა იცავდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში, მათ შორის აჭარაში, რელიგიის თავისუფლებასა და რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებულ პრობლემებზე,  რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაზე, დაფინანსების დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე, საზოგადოებრივ განწყობებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

10 ოქტომბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ახალ თანამშრომლებს -  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს - ლევან ჯაშს, დონორებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველს - გოგი ფუტკარიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში  მრჩეველს, ლაშა ხოზრევანიძეს შეხვდნენ. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მიზნად ისახავდა აჭარის რეგიონში ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი ჯგუფების პრობლემატიკის იდენტიფიცირებას, ინფორმაციის გაცვლას, მათი გადაჭრის გზებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ მსჯელობას.

ვიზიტი პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში შედგა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მიერ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.