სიახლეები
TDI
მაისი/1921

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 22 მაისს გრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა გრძელდება. მომავალი სხდომა 2019 წლის 22 მაისს 10 საათზე გაიმართება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბოლო სხდომა 2019 წლის 10 აპრილს გაიმართა. ამ სხდომაზე მერიის წარმომადგენლის მიერ არა ერთხელ გაჟღერდა პოზიცია მოლაპარაკების სურვილისა თაობაზე, რომელსაც მოსარჩელე მხარემ თანხმობა გამოუცხადა. ამის მიუხედავად, დღემდე მერიის მხრიდან მოლაპარაკებებზე კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა მოსარჩელე მხარესთან. ბათუმის მერის ეს მიდგომა აჩვენებს, რომ მოლაპარაკებების შესახებ შეთავაზება რეალურად ფორმალურ ხასიათს ატარებს და სინამდვილეში მას არ აქვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხის სამართლიანი და ადამიანის უფლებების სასარგებლოდ გადაწყვეტის პოლიტიკური ნება და რესურსი. ბათუმის მერი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების მიზნით მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის გაზაფხულზე შეხვდა და ისე, რომ მუსლიმი თემის წინაშე მდგარი გამოწვევები სათანადოდ არ ჰქონდა გააზრებული, მათ უსამართლო და დისკრიმინაციული პირობები შესთავაზა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, თემის მიერ კოლექტიურად შეძენილი მიწის ნაკვეთის სხვა რელიგიური ორგანიზაციისთვის გადაცემა მოითხოვა. ცხადია, ეს შეთავაზებები ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. ამ პირობებით მოლაპარაკებების მიმართ გაჩენილი კრიტიკის შემდეგ, მერს მოლაპარაკებებისთვის საჭირო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩვენთვის განსაკუთრებით გაუგებარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ბათუმის მერის მხრიდან მუდმივი აპელირება მოლაპარაკებების პროცესზე, რისთვისაც მათ სათანადო და გონივრული ძალისხმევა არც კი გაუწევიათ.

აშკარაა, რომ მუსლიმი თემის უფლებების, საჭიროებების და ინტერესების უგულებელყოფის და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ისტორიული საკითხის განხილვის გაჭიანურების ეს პრაქტიკა ნეგატიურად აისახება რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე ქვეყანაში. სამწუხაროდ, სხვადასხვა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა აჭარაში, სადაც ისტორიულად მაღალია მუსლიმი თემის რელიგიური და კულტურული რეპრეზენტაცია, ისეთი უფლებრივი და სოციალური გარემოს შექმნა, რომელიც მუსლიმ თემში თანასწორობის და ინკლუზიურობის ღრმა რწმენას და პრაქტიკას გააჩენდა. ამის საპირისპიროდ სხვადასხვა პერიოდი ჩანს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხის პოლიტიზების ნიშნები. ამგვარი მიდგომები დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებებთან და იდეასთან შეუსაბამოა და არსებით რევიზიას საჭიროებას.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში მიმდინარე დავის არსს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის აქტების კანონიერების შესწავლა, ბათუმის მერიის მხრიდან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრაა. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებაზე უარი განპირობებული იყო, იმ საფუძვლით, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საცხოვრებელ ზონა 6 (სზ-6), რომელიც მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, შესაბამისად ბათუმის მერია მიიჩნევს, რომ მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლო განვითარება უნდა გაგრძელდეს საცხოვრებელი სახლების მეშვეობით. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სპეციალური ზონალური შეთანხმება შესაძლებელია თუ საქმე გვაქვს სხვა საზოგადოებრივ ინტერესებთან. იმ პირობებში როდესაც „ორთა ჯამეს“ ისტორიული მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს და ასეულობით მუსლიმს ქუჩაში უწევს ლოცა (2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში დაახლოებით 40 000 მუსლიმ ცხოვრობს), სახელმწიფოსთვის აშკარა უნდა ყოფილიყო მეორე მხარს მდგარი მწვავე სოციალური საჭიროება მეჩეთის არსებობაზე და რელიგიის თავისუფლების დაცვაზე.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმავე ფუნქციურ ზონაში, რომელშიც სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს, უკვე აშენებულია და ამჟამადაც მიმდინარეობს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე საკულტო ნაგებობის მშენებლობა. საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმის მერის მიმართ 2018 წელს გაცემულ რეკომენდაციაში (N 04-9/4743) უთითებს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ ზონაში მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობებთან დაკავშირებით და გაირკვა, რომ მათზე არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა, უნებართვო მშენებლობისთვის კი არ დაწყებულა ადმინისტრაციული წარმოება. ეს გარემოება შეფასებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არაერთგვაროვან მიდგომად, სხვადასხვა კონფესიის მიმართ. სახალხო დამცველის შეფასებით, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება არასწორად იქნა გამოყენებული და ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება კერძო და საჯარო ინტერესების დაუბალანსებლად მიიღო. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებები არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რის გამოც, სახეზეა სპეციალურ ზონალურ შეთანხმებასა და ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ბათუმის მერის მხრიდან მოლაპარაკების თაობაზე პოზიციების ფორმალურობის და არასათანადო ძალისხმევის გათვალისწინებით, მუსლიმი თემი სამართლებრივი გზების გამოყენებით აგრძელებს ბრძოლას დარღვეული უფლებისათვის.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.