ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/1910

ქსენოფობია და უცხოელების უფლებრივი მდგომარეობა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეა. წარმოგიდგენთ მიმდინარე წელს რასიზმის, ქსენოფობიისა და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ ძირითად ტენდენციებს:

ბოლო წლებში შეინიშნებოდა უცხოელების, განსაკუთრებით კი, აზიის და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ დაუსაბუთებელი უარების საგანგაშო მაჩვენებელი. აღნიშნულს დაემატა ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაც უცხოელების მიმართ.

მაგალითად, 2019 წლის 30 მაისს, ამოქმედდა ცვლილებები “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში.[1]  ამასთან, 2019 წლის 2 ივლისს, ამოქმედდა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რიგი შეზღუდვებისა უცხოელისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების კუთხით.

სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა-გასხვისების მარეგლამენტირებელი ნორმები და მათი შინაარსი, 2011 წლიდან მოყოლებული, რამდენჯერმე შეიცვალა. საგულისხმოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენჯერმე ცნო არაკონსტიტუციურად საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მხრივ მიღებული რეგულაციები.[2]

ამასთან, საყურადღებოა, რომ 2019 წლის დასაწყისი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა პოლიტიკოსების ქსენოფობიური და პოპულისტური განცხადებებით.[3]

წინა წლების მსგავსად, 2019 წელს კვლავ შეინიშნებოდა საქართველოში უცხო ქვეყნების (განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის) წარმომადგენლებისა და მიგრანტების მიმართ ძალადობის, აგრესიისა და ქსენოფობიის ტენდენციები. 2019 წელსაც დაფიქსირდა სავარაუდო რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის რამდენიმე შემთხვევა.[4]  ამასთან, ახალგაზრდა უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, 2019 წლის 27 ივნისს, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. თუმცა სასამართლომ ბრალდებიდან გამორიცხა დანაშაულის ჩადენის შეუწყნარებლობის მოტივი (109 მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი) - მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.[5] უფლებადამცველებმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.  

საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში, რასობრივი დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით კი, 2019 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში რასობრივი/ ეთნიკური/ ეროვნული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლის (რასობრივი დისკრიმინაცია) საფუძველზე, სასამართლოში შევიდა 1 საქმე;  საქართველოს სააპელაციო სასამართლოებში შევიდა 2 სააპელაციო საჩივარი; ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღნიშნულ პერიოდში მითითებული დანაშაულების მიხედვით, არც ერთი საქმე არ შესულა.

აღსანიშნავია სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით უცხოელების მიმართ არსებული პრობლემებიც. სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნებს წარმომადგენლებს საქართველოში შემოსვლაზე დაუსაბუთებლად ეუბნება უარს.[6]

მაგალითად, 2019 წლის დასაწყისის სტატისტიკურ მონაცემებს რომ გადავავლოთ თვალი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით: 2019 წლის იანვარში საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე მეტი უარი ეთქვათ ირანის (576) ინდოეთის (366) და აზერბაიჯანის (124) მოქალაქეებს. 2019 წლის თებერვალში - ირანის (564) ინდოეთის (428) და აზერბაიჯანის (141) მოქალაქეს, ხოლო 2019 წლის მარტში - ირანის (1815) ინდოეთის (404) და აზერბაიჯანის (228) მოქალაქეს.[7]

 

 

[1] მაგალითად, ცვლილებების მიხედვით, D 5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელზე,  რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე,  რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. კანონის ძველი რედაქციით თანხობრივი ზღვარი მხოლოდ 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში შეადგენდა. ასევე, შრომითი ბინადრობის ნებართვისათვის მისაღებად, მუშაობისა ან/და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა საბუთი) პარალელურად, დამატებით სავალდებულო გახდა დამსაქმებელი საწარმოს წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. საწარმოს წლიური ბრუნვა არ უნდა იყოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები.

[2] იხ. TDI-ს ანგარიში, გვ. 47: http://tdi.ge/sites/default/files/tdi_angarishi_rasobrivi_diskriminacia_ucxoelebis_uplebebi.pdf

[3] http://tdi.ge/sites/default/files/rasizmi_da_ksenopobia_sakartveloshi_ianvari-marti_2019.pdf

[4] იხ. TDI-ს კვარტალური ანგარიში: http://tdi.ge/sites/default/files/rasizmi_da_ksenopobia_sakartveloshi_ianvari-marti_2019.pdf

[5] იხ. რადიო თავისუფლების სტატია: https://rb.gy/ot6m2y

[6] იხ. TDI-ს ანგარიში, გვ. 44: http://tdi.ge/sites/default/files/tdi_angarishi_rasobrivi_diskriminacia_ucxoelebis_uplebebi.pdf

[7] http://tdi.ge/sites/default/files/rasizmi_da_ksenopobia_sakartveloshi_ianvari-marti_2019.pdf