ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

არასამთავროების ერთობლივი განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სამცხე-ჯავახეთის შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

შეშფოთებას გამოვთქვამთ, 23 მარტს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პანორამაში" (20:00) გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს შეეხება. სიუჟეტი, რომელშიც, ჩვენი შეფასებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის არაერთი ნორმაა დარღვეული,  საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და  ვითარების ხელოვნურად დრამატიზირების მცდელობას წარმოადგენს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული სიუჟეტი არ გამოხატავს ტელეკომპანიის გაცნობიერებულ სარედაციო პოლიტიკას და მივმართავთ "იმედის" ხელმძღვანელობას, რეაგირება მოახდინოს გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მხრიდან მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შემდეგი ნორმების დარღვევის ფაქტებზე:

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე (1) მუხლის თანახმად,  "მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან."

გადაცემის წამყვანმა სოსო კაციტაძემ დაარღვია აღნიშნული მუხლი, როდესაც ყირიმის ანექსია დაუსაბუთებლად დაუკავშირა სომხეთის პარლამენტის წევრის შირაქ ტოროსიანის განცხადებას, ჯავახეთში აჯანყების შესახებ და მისი ამ განცხადების ასოცირება (რომლის არც წყარო, არც წარმომავლობა სიუჟეტში იდენტიფიცირებული არ ყოფილა)  საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების პოზიციასთან მოახდინა.

სოსო კაციტაძე, წამყვანი: "რა განწყობებია ჯავახეთში ყირიმის ანექსიის შემდეგ? სომხეთის პარლამენტის წევრი შირაქ ტოროსიანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ჯავახეთში აჯანყებით იმუქრება. საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებში მართლაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ბაქო თბილისის ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის მიმართაც. მიზეზი აქაც ნატო და თურქეთია."

როგორც გადაცემის წამყვანის, ასევე ჟურნალისტ გურამ როგავას მხრიდან იკვეთება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა, რადგან სიუჟეტის რესპონდენტებად მხოლოდ ერთი შეხედულების მქონე რესპონდენტები არიან შერჩეული, ხოლო მათი მოსაზრებები განზოგადებულია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომეხ მოქალაქეებზე, რაც ანტითურქული და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ განწყობების გაღვივების კუთხით არის მოწოდებული.

გურამ როგავა, ჟურნალისტი: "თუმცა სტრატეგიულად მნიშნელოვან ამ პროექტს [ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი] ეწინააღმდეგებიან საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეები. მათთვის მთავარი პრობლემა თურქეთია."

ამ განზოგადებას მთელ ეთნიკურ ჯგუფზე (საქართველოს მოქალაქე სომხებზე) ჟურნალისტი ერთი რესპონდენტის, გაზეთ „ახალი სათავის" რედაქტორის   მელს ტოროსიანის კომენტარის საფუძველზე აკეთებს, რომელიც პოტენციურ საფრთხეებზე საუბრისას, თავის მხრივ, არა დადასტურებელ ფაქტებზე, არამედ მოარულ ხმებზე აპელირებს:

მელს ტოროსიანი, გაზეთ „ახალი სათავის" რედაქტორი:"რკინიგზის მთავარი მიზანი თურქი ხალხების გაერთიანებაა. ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ამას იმიტომ, რომ უკვე იმ ფირმებმა, რომლებიც რკინიგზას აშენებენ, გაავრცელეს ხმები, რომ საქართველოს ხელისუფლება რკინიგზის დაცვას ჩააბარებს აზერბაიჯანელებს. აზერბაიჯანის და სომხთის ურთიერთობები თქვენ ჩემზე კარგად იცით. ანუ რკინიგზა მხოლოდ რელსები არაა, გვერდით გზები უნდა მივცეთ - კილომეტრი აქედან, კილომეტრი იქიდან და მთელ ჯავახეთს გააკონტროლებენ აზერბაიჯანელები".

მედია საშუალებას არ მიუღია სათანადო ზომები ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან ასარიდებლად. სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რესპონდენტის მიერ მოყვანილ მოარულ ხმებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მთავრობა რკინიგზის დაცვას აზერბაიჯანელებს ჩააბარებს, რაც ერთის მხრივ, მედია საშუალების მიერ ჭორების ტირაჟირებას, ხოლო მეორე მხრივ,  სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას უწყობს ხელს. უფრო მეტიც, ყოვლად დაუშვებელია, როცა ჟურნალისტი რესპონდენტის მიერ შემოთავაზებულ ამ ვერსიას საფრთხეების და ეთნოკონფლიქტების ჭრილში განაზოგადებს.

გურამ როგავა, ჟურნალისტი: "მიზანი აზერბაიჯანისა და თურქეთის გაერთიანება და საქართველოს მიწაზე დასახლებული სომხების ემიგრირებაა."

მედია საშუალებამ დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 (2) (მაუწყებელი ვალდებულია, მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება); მე-14 (4) (როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია); მე-16 (4) (მაუწყებელი ვალდებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია); მე-18 (1,2) (1. პოლიტიკური მოვლენების თავისუფალი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუკერძოებლობა არ გულისხმობს თითოეული შეხედულებისთვის თანაბარი დროის  დათმობას, არამედ მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა. 2.პროგრამა ან სიუჟეტი  მიკერძოებული იქნება,  თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს  მიკერძოებული პირის მოსაზრებებს) მუხლები.

ყოვლად გაუმართლებელია ასევე უფლებრივი საკითხის - რეგიონალური ენის სტატუსის თემის სეპარატიზმის კუთხით განხილვა, მით უფრო მაშინ, როცა სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, თავად რესპონდენტთა უმრავლესობა (ვაჰაგან ჩახალიანი, არტაკ გაგრიელიანი, დავით რსტაკიანი) სეპარატიზმის ჭრილში ამ საკითხის წარმოჩენას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების სურვილს გამოხატავენ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ასევე აწესებს ნორმებს, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების თავიდან აცილება. სიუჟეტში მოყვანილია ადგილობრივი გაზეთის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმად ადგილობრივთა 70% ევროინტეგრაციის მომხრეა, 30% კი წინააღმდეგი, თუმცა არ არის წარმოდგენილი კვლევის გაშუქებისთვის აუცილებელი ისეთი რეკვიზიტები, როგორიცაა გამოკითხულთა რაოდენობა, სავარაუდო ცდომილება, გეოგრაფიული არეალი და სხვა.

უფრო მეტიც, სიუჟეტში მოყვანილია თავად ჟურნალისტის მიერ ჩატარებული ალტერნატიული გამოკითხვა, რომელშიც ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობები  რუსეთთან ურთიერთობის საპირწონედ არის წარმოდგენილი. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 27-ე (3) მუხლი ავალდებულებს მაუწყებელს, "ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგის გაშუქებისას მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ის არ არის წარმომადგენლობითი, სანდო და ზუსტი, ვინაიდან ასახავს მხოლოდ თვითშერჩეულ ადამიანთა მოსაზრებებს," რაც ტელეკომპანია "იმედის" მხრიდან დაცული არ ყოფილა.

ვთვლით, რომ ტელეკომპანია "იმედი" მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი მგრძნობიარე თემების გაშუქებას, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და მათ შორის ურთერთობებს შეეხება და მსგავსს შემთხვევებში იხელმძღვანელოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32-ე (1) მუხლით, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს, "სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით".

იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელეკომპანია "იმედი" სათანადო რეაგირებას მოახდენს გადაცემა "პანორამაში" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რითაც პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას და პატივისცემას გამოხატავს.

მედიის განვითარების ფონდი, MDF 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

მარ/1425