ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

განცხადება გავრცელებულ უკანონო ჩანაწერებზე

13 სექტემბერს მედიასა და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის ფაქტების შესახებ უკიდურესად საგანგაშოა. 

ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტოტალური კონტროლი, უკანონო მოსმენა, პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული მასალების მოპოვება და დამუშავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ხელჰყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუვალობას და სახელწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს. 

გავრცელებულმა მასალებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლება, სუს-ის მეშვეობით, აკონტროლებს და უთვალთვალებს საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ჯგუფის წარმომადგენელს. 

გასაჯაროებული ინფორმაციით ხელისუფლება უსმენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, რელიგიურ გაერთიანებებს - როგორც საპატრიარქოს, ასევე არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს, აგროვებს და ინახავს მათ პირად საუბრებს, მიმოწერას, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას. მასალები შეიცავს ადამიანების პირადი ცხოვრების, მათი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას. 

რელიგიის თავისუფლების დაცვა და საზოგადოების ტოლერანტული განვითარების პერსპექტივა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. რელიგიურ გაერთიანებებს, ორგანიზაციებს, ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ საქართველოში კონსტიტუციისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აკონტროლებს ხელისუფლება და ცდილობს მათ დისკრედიტაციას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩანაწერებს შორის არსებობს TDI-ის წარმომადგენლების შესახებ რეზიუმეები დაგეგმილი შეხვედრების, ვიზიტების, სამომავლო გეგმების, რელიგიურ ორგანიზაციებთან საუბრებისა და ურთიერთობის შესახებ. საჯაროდ გავრცელებული მასალის თანახმად, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების ფარული კონტროლი, სავარაუდოდ, ატარებს ინტენსიურ და ყოვლისმომცველ  ხასიათს. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა ამ დროისთვის არაერთმა ადამიანმა და ორგანიზაციამ დაადასტურა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები უნდა იყოს  საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა და სხვა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ხელისუფლება წლების განმავლობაში საკუთარ უფლებამოსილებას პოლიტიკური ანგარიშსწორების, ადამიანების ყოვლიმომცველი კონტროლის, დაშინების, შანტაჟის, მათ შესახებ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მადისკრედიტირებელი ჭორების გავრცელებისა და პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იყენებს. 

უახლოეს მომავალში აუცილებელია, განხორციელდეს სუს-ის ინსტიტუციური რეფორმა და მის მთავარ ფუნქციად განისაზღვროს კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული საქმიანობა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. სუს-ის რეფორმა უნდა მოიცავდეს სამსახურის ეფექტიანი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების კომპონენტს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის რისკებს.

სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევის, მათზე ზეწოლისა და სუს-ის უკანონო პრაქტიკის შესახებ TDI-მ არაერთი განცხადება გაავრცელა. 2014 წელს პრემიერის დაქვემდებარების ქვეშ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებამ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფერო სახელმწიფო კონტროლისა და უსაფრთხოების სამსახურების მოქმედების სფეროში მოაქცია. წლების განმავლობაში სააგენტოს საქმიანობამ და განცხადებებმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი არა რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ მისი სახელმწიფო უსაფრთხოების პრიზმით განხილვა და რელიგიურ გაერთიანებებზე, განსაკუთრებით უმცირესობებზე, კონტროლის მექანიზმების გაძლიერება იყო. 

მსგავსი მახინჯი პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითია 2013 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეიხ ვაგიფ აქპეროვის იძულება, დაეტოვებინა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის პოზიცია. როგორც მოგვიანებით  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერზე ვირუსული ფაილი ფარულად ჩატვირთა შეიხის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით. ვაგიფ აქპეროვის იძულების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. 

გარდა ამისა, ხელისუფლებას ბოლო წლებში არაერთი მცდელობა ჰქონდა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფერო სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე შეეზღუდა. 

ხელისუფლებას ამ დრომდე არ აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა უპრეცედენტო მასშტაბის მასობრივ უკანონო მიყურადებაზე, თვალთვალზე, შანტაჟზე - მოქალაქეების ფარულ კონტროლზე. მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არ გაკეთებულა არცერთი განცხადება, რომელიც ადეკვატურად შეაფასებდა საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. ამგვარი ხელისუფლება აღარ იმსახურებს მოქალაქეების ნდობას!

 

 

 

 

სექ/2115