ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

მუსტაფა ჩაბუქის საქმის სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს პრეზიდენტ

ბატონ გიორგი მარგველაშვილს

____________________________

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

____________________________

 საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

 ____________________________

საქართველოს იუსტიციის მინისტრს

ქალბატონ თეა წულუკიანს

____________________________

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,

ლტოლვილთა და განსახლების მინიტრს

ბატონ სოზარ სუბარს

____________________________

 საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ ირაკლი შოთაძეს

 

ხელმომწერი ორგანიზაციების - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI), თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), მედიის განვითარების ფონდის (MDF), საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) სახელით, გვაქვს პატივი მოგმართოთ თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესაძლო ექსტრადიციის საქმესთან დაკავშირებით და მოგიწოდოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, არ დაუშვათ მისი გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.

საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები[1]

საქმის ზოგადი კონტექსტის მიმოხილვა

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო, 2012-2016 წლებში კი - „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2017 წლის 24 მაისს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი ფეთულაჰჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდების გამო, თურქეთის მთავრობის მოთხოვნით დააკავა და მის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობა გამოიყენა.   

ფეთულა გიულენი თურქეთში, 2016 წლის 15 ივლისს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არის ეჭვმიტანილი, რის გამოც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და თურქეთის მთავრობა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გზით დევნის მას და მასთან დაკავშირებულ ყველა ორგანიზაციას და ადამიანს.

არსებობს ეჭვი, რომ 2016 წელს თურქეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში მოქმედ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებსაც თურქეთის მხარე ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობასთან აკავშირებს, პრობლემები სწორედ თურქული მხარის მოთხოვნით ექმნებათ. 3 თებერვალს, საქართველოს განათლების სამინისტრომ ავტორიზაცია შეუჩერა შაჰინის სკოლა - ლიცეუმს და მიზეზად სამინისტროს მიერ გარკვეული დარღვევების აღმოჩენა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთის ავტორიზაციის გაუქმებაც დროში დაემთხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს თურქეთში. მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის განცხადებით, მისი მეუღლის დაკავება საეჭვოდ დაემთხვა თურქული მხარის ოფიციალურ ვიზიტს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები

2017 წლის 25 მაისს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის თანამშრომელსა და დამფუძნებელთა წარმომადგენელს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის შუამდგომლობის საფუძველს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკის მოთხოვნა, რომლის მიხედვით მუსტაფა ემრე ჩაბუქი იძებნება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის  ჩადენისთვის, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მუსტაფა ემრე ჩაბუქს კავშირი  აქვს  ფეთულაჰჰ გიულენის მიერ დაარსებულ  ორგანიზაციასთან ,, FETÖ/PDY” , რომელიც თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის ე.წ. მოვლენების შემდგომ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა და ამ ორგანიზაციის მიზნებისთვის ახდენდა საქართველოში არსებული დემირელის სახელობის  კერძო კოლეჯის  წილის გასხვისებას მმართველთა ნების შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანიაზე  ,,Metropolitan  Education and Colsultation Services“. როგორც სისხლის სამართლის საქმიდან ირკვევა, გარკვეული მიზეზების გამო წილების გასხვისების პროცესი შეჩერებული იქნა, რის შემდეგაც მუსტაფა ჩაბუქს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მიერ მიეცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გასხვისების პროცესის დასრულების მიზნით.

მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ექსტრადიციის განხორციელებამდე საქართველოს პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ითხოვა და ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობა დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე მოსალოდნელი სასჯელისათვის თავის არიდების, ასევე შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეების აბსტრაქტული დასაბუთებით ახსნა.   გასათავლისწინებელია ის ფაქტიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია უმეტესად აღწერს ფეთულაჰჰ გიულენის საქმიანობას თურქეთში და არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება წარმოადგენდეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ან ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია ტერორისტულ ორგანიზაციას და მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება რატომ შეიძლება განიხილებოდეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობად.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები და ექსტრადიის დაუშვებლობის საფუძვლები

,,სისხლის სამართლის სფეროში  საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება განხორციელდება იმ შემთხვევაში თუ ჩადენილია დანაშაული, რომლისთვისაც სასჯელის სახით სულ მცირე ერთი წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. ამასთან ერთად, ექსტრადიციის განხორციელებამდე პირის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება.

საექსტრადიციო პროცედურების დასრულების შემდგომ  ,,სისხლის სამართლის სფეროში  საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფო მიერ გადმოგზავნილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის საქართველოს მთავარ პროკურატურას, რის შემდგომაც  საექსტრადიციო მასალას გააცნობენ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს და  ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი პროკურორი მიმართავს სასამართლოს  ექსტრადიციის დასაშავებობის შესახებ საკითხის განსახილველად. სასამართლო სხდომაზე განიხილება ექსტრადიციის დასაშვებობა და მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ. სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, კანონის 34-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად იუსტიციის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. 

 ,,სისხლის სამართლის სფეროში  საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში შესაძლოა გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (სასამართლოს პირველი სხდომა უნდა ჩაინიშნოს 5 დღის ვადაში) და  ამავე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული წესის მიხედვით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ თუ პირის ექსტრადიცია დაუშვებლად იქნება  ცნობილი, იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ გარემოებებს რა დროსაც დაუშვებელია ექსტრადიციის განხორციელება. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ  ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19, მე-20 მუხლები კრძალავს ექსტრადიციას თუ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკურ ან პოლიტიკურთან დაკავშირებულ დანაშაულად სამხედრო დანაშაულად განიხილება. ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად განიხილება თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი. აქვე, კანონის  29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ  ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო. ხოლო ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კი ექსტრადიცია აკრძალულია თუ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.

განსახილველ შემთხვევაში ექსტრადიციის დაუშვებლობის საფუძვლები

წამებისა და არაადამინური მოპყრობისა და დასჯის რისკები თურქეთში

ავტორიტეტული არასამთავრობო ადამიანის უფლებების ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch[2] და Amnesty International[3] ანგარიშებში მიმოიხილავენ ე.წ. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას. ორგანიზაციები მიუთითებენ არასათანადო მოპყრობის, წამების ფაქტების (ცემა, გაშიშვლება, ხანგრძლივად სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება, გაუპატიურების მუქარა) ზრდაზე, ამავე დროს საკანონმდებლო დონეზე მიღებულ ცვლილებებზე, რომლებიც დაკავების დროს წამების წინააღმდეგ არსებულ გარანტიებს ართმევს დაკავებულებს.[4]  წამების ამსახველი მტკიცებულებები გავრცელდა მედიაშიც.[5]

ორგანიზაციები ასევე საუბრობენ სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ პროცესებში სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების არ არსებობაზე. არაერთი დაკავებული, მათ შორის საჯარო მოხელეები, მასწავლებლები, მოსამართლეები (მინიმუმ 2200 მოსამართლე) მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, იმყოფებიან პატიმრობაში სასამართლო განხილვამდე. თურქეთში სამსახურიდან გათავისუფლებულ 100 000 საჯარო მოხელეს შორის იყო 28 000 მასწავლებელი, რომელთა გათავისუფლების მიზეზად დასახელებული იყო გიულენის მხარდაჭერა და შესაბამისად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.[6]

წამების პრაქტიკები თურქეთში შეაფასა და დაგმო ევროპულმა კომისიამ, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა (CAT), წამებაზე გაეროს მომხსენებელმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა. [7] თურქეთმა უარი განაცხადა წამების წინააღმდეგ ევროსაბჭოს კომიტეტის (CPT) 2016 წლის მოვლენების შემდგომ სპეციალურად დაგეგმილი ვიზიტის შედეგად შედგენილი ანგარიშის გამოქვეყნებაზე.[8]

ევროპული კომისია აკონკრეტებს, რომ სამხედრო გადატრიალების შემდგომი სადამსჯელო ღონისძიებები, წამების შემთხვევები, გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ გრძელდება.  კომისია აღნიშნავს, რომ თურქეთამ მიმართა რამდენიმე ევროპის ქვეყანას გიულენთან სავარაუდოდ ასოცირებული სკოლების და სხვა დაწესებულებების დახურვასთან დაკავშირებით. კომისია სპეციფიკურად უთითებს ე.წ. სამხედრო გადატრიალების შემდგომ გიულენის მოძრაობასთან კავშირის დადგენის „ბუნდოვან კრიტერიუმებზე“ და ამ დროს გამოყენებულ არასაკმარის მტკიცებულებით სტანდარტზე, კერძოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის არაგამჭვირვალე და ბლანკეტურ დადგენაზე. კომისია აღნიშნულს აფასებს როგორც „ასოციაციით ბრალს“. [9] მნიშვნელოვანია, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოს (FETÖ terrorist organization)  საქმიანობაში მხარდაჭერაში თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთში წამების პრაქტიკების შესახებ საერთო ანგარიშის[10] გავრცელების შემდგომ Amnesty International და Human Rights Watch – იც დაადანაშაულა. [11]

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე 12.450 განცხადებაა წარდგენილი 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შედეგად დარღვეული უფლებების შესახებ, რაც ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე სასამართლოს პრეზიდენტმაც აღნიშნა.[12]

თურქეთში თვითნებური დაკავებები ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაუსაბუთებელი კავშირის ბრალდებით 2016 წლის სამხედრო გადატრიალებამდეც ხდებოდა. ევროპულმა სასმართლომ 2016 წელს საქმეზე Mergen and others v. Turkey , რომელიც ერთ-ერთი ასოციაციის წევრებს, რომლებიც გოგონების განათლების ხელშეწყობისთვის გასცემდნენ გრანტებს, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი საკმარისი საფუძვლების გარეშე შეეფარდათ პატიმრობა, ადამიანის უფლებების დარღვევად შეაფასა.[13]

ევროპული სასამართლო კონვეცნიის მე-3 მუხლის დარღვევად მიიჩნევს პოლიტიკური დევნის გამო წამების რისკების შემცველ გარემოებებში პირის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას.[14] ევროპული სასამართლო საუბრობს ტერორისტული საფრთხეების კონტექსტშიც სახელმწიფოს უალტერნატივო ვალდებულებაზე, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად,  არ გადასცეს პირი სხვა ქვეყანას, სადაც საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე პირი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას.[15]

საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული უფლებრივი მდგომარეობის თანახმად, თურქეთში სამხედრო გადატრიალების შემდგომ მიღებული საყოველთაო სადამსჯელო ღონისძიებები, რომლებიც წამების ფაქტებშიც გამოიხატა,  საჯარო მოხელეების, მათ შორის მასწავლებლების წინააღმდეგ ხორციელდება, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ გიულენის მოძრაობასთან მათი დაკავშირება კი როგორც ამას ევროპული კომისია ახასიათებს ბუნდოვან კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება.  

აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან ევროპული ქვეყნებისთვის თურქეთის მიერ წარდგენილი 399 ექსტრადირების მოთხოვნიდან მხოლოდ 11 დაკმაყოფილდა, აქედან 9 ევროკავშირის ქვეყნების მიერ. 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედმგომ ორგანიზაცია FETO-ს 59 წევრის ექსტრადირების შესახებ თურქეთის მოწოდების მიუხედავად, დღემდე არცერთი პირის გადაცემა არ მომხდარა. გერმანიამ უარი განაცხადა გულენთან დაკავშირებული 22 პირის გადაცემასთან დაკავშირებით.[16]  სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი[17] საბერძნეთში თურქეთის ექსტრადირების მოთხოვნაზე საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს უარით დასრულდა.[18]

იურისდიქციების საკითხები და საქმის საქართველოს მიერ გამოძიების ვალდებულება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება თუ ის დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე.

მუსტაფა ჩაბუქის შემთხვევაში, საქმის მასალები ადასტურებს, რომ თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციის მიზნებისათვის განხორციელებულ ქმედებად მიჩნეული  დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანიას შორის წილების გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდა მუსტაფა ემრე ჩაბუქი განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, თუ თურქეთის რესპუბლიკის მიერ აღწერილი ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მასზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ  ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის 28-ე მუხლის თანახმად, საქართველოს აქვს უფლება უარი განაცხადოს პირის ექსტრადიციაზე თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც  მოითხოვება გადაცემა, ჩადენილია მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის  დადებული ხელშეკრულება ,,საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ35-ე მუხლით ადგენს, რომ პირის გადაცემა დაუშვებელია თუ დანაშაული ჩადენილია იმ სახელმწიფოში სადაც ფაქტობრივად იმყოფება გადასაცემი პირი.

ამდენად, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ საქართველო მიიჩნევს, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ დანაშაულად მიჩნეული ქმედება მართლაც განხორციელდა, მასზე  ვრცელდება  საქართველოს იურისდიქცია. შესაბამისად, საქმის გამოძიების ვალდებულება საქართველოს შესაბამის ორგანოებს ეკისრებათ და ამ პირობებში პირის გადაცემა სხვა ქვეყნისთვის გაუმართლებელია.

დასკვნა

ამ პირობებში მიგვაჩნია, რომ რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია არსებითად დაარღვევს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზანაესობის ფუნდამენტურ სტანდარტებს და დააზიანების ქვეყნის  დემოკრატიული გავითარების პროცესს.

ამავდროულად ხელმომწერი ორგანიზაციები მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც წლების განმვლობაში საქართველოში პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ასევე მის ოჯახსა და თანამოააზრეებს ვუცხადებთ სოლიდარობას და შევეცდებით, რომ ჩვენი მანდატის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ მათი უფლებების დაცვას საქართველოში

ზემოთ აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ

საქართველოს მთავრობას

  • წამების, არაადამიანური მოპყრობისა ანდა დასჯის თურქეთის ტერიორიაზე მუსტაფა ჩაბუქის პოლიტიკური დევნისა აშკარა და რეალური რისკების გამო საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადოს მის ექსტრადიციაზე;
  • საქართველოს მთავრობამ ყველა ზომა მიიღოს მუსტაფა ჩაბუქისა და მისი ოჯახის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური, უსაფრთხო ცხოვრებისა და საქმიანობისთვის და მათ შორის, მას, მის ოჯახსა და თანამოააზრებს, რომლებიც მსგავსი რისკების წინაშე შეიძლება დადგენენ მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი;

საქართველოს პარლამენტს

  • უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება თურქეთის მოქალაქეების შესაძლო უკანონო ექსტრადიციისა და საქართველოში ფეთულაჰჰ გიულების მოძრაობასთან კავშირში განხილული თურქული სკოლებისა შესაძლო შევიწროების პრაქტიკაზე და ამ მიმართულებით მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა.

 

[1] შენიშვნა: წარმოდგენილი ფაქბობრივი გარემოებების ანალიზი სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ოფიციალურ დოკუმენტებსა და მასალებს ეფუძნება. 

[2] https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/turkey

[3] https://www.amnesty.org/en/countries/europe-and-central-asia/turkey/report-turkey/; http://stockholmcf.org/amnesty-international-torture-and-other-ill-treatment-under-detention-increased-in-turkey/  

[4] http://www.ecoi.net/file_upload/1226_1481885250_58529e5b4.pdf გვ. 84-88;

[5] http://www.independent.co.uk/news/world/europe/turkey-coup-attempt-photo-turkish-soldiers-president-erdogan-crackdown-a7142126.html; https://www.turkishminute.com/2016/09/08/turkey-removes-evidence-torture-maltreatment-prisons-ahead-cpt-visit/;

[6] https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/turkey

[7] https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/sites/near/files/pdf/key_documents/2016/20161109_report_turkey.pdf გვ. 29; 70; http://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=20977; http://www.ohchr.org/EN/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=20976&LangID=E;   http://www.coe.int/en/web/commissioner/country-monitoring/turkey; http://www.refworld.org/country,,CAT,,TUR,,57a98fe64,0.html; http://www.ecoi.net/file_upload/1226_1481885250_58529e5b4.pdf გვ. 84;

[8] http://stockholmcf.org/cpt-head-gnatovsky-says-ankara-does-not-allow-report-on-turkey-to-be-published/;

[9] https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/sites/near/files/pdf/key_documents/2016/20161109_report_turkey.pdf გვ. 9;

[10] https://www.amnesty.org/en/documents/eur44/5012/2016/en/

[11] https://www.amnesty.org/en/countries/europe-and-central-asia/turkey/report-turkey/#endnote-5

[12] http://www.echr.coe.int/Documents/CP_Turkey_ENG.pdf; http://echrblog.blogspot.com/2017/01/the-court-in-2016-overview.html;  

[13] http://hudoc.echr.coe.int/eng-press#{"itemid":["003-5390762-6739725"]}

[14] Chamber Judgment Y.P and L.P. v. France 02.09.2010

[15] Chahal v. the United Kingdom, §§ 73-74; Soering v. the United Kingdom, §§ 88-91; Shamayev and 12 Others v. Georgia and Russia, §§ 355;

[16] http://aa.com.tr/en/europe/germany-falling-short-on-turkish-extradition-requests/687077; http://greece.greekreporter.com/2017/01/31/turkish-propaganda-targets-greece-eu-for-not-responding-to-extradition-requests/;

[17] https://www.solidaritynow.org/en/oxto-tourkoi/

[18] https://www.theguardian.com/world/2017/jan/26/greek-court-turns-down-extradition-request-eight-turkish-officers-ankara-failed-coup

ივნ/1704