ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ გუგული მაღრაძის სიტყვის შეფასება

2015 წლის 30 სექტემბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე, რომელზეც განიხილებოდა რეზოლუცია (2076) "რელიგიის თავისუფლება და თანაცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში"სიტყვით გამოვიდა (35-ე წუთიდან) დეპუტატი, ევროსაბჭოს თანასწორობის და არადისკრიმინაციის კომიტეტის წევრი, გუგული მაღრაძე, რომელმაც საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

გვსურს, გამოვეხმაუროთ გამოსვლისას მის მიერ აღნიშნულ ზოგიერთ საკითხს.

გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ქვეყნის წარმომადგენელია, სადაც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანაარსებობენ. თუმცა, მისი თქმით, ეს არ გამორიცხავს რელიგიურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის არსებობის ფაქტებს, მაგალითად: "ბოლო დროს ქრისტიან და მუსლიმ ქართველებს შორის დავა წარმოიშვა ახალი მეჩეთის, მინარეთისა და მედრესეს მშენებლობის საკითხზე. თუმცა, სახელწმიფო ინსტიტუტების, საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს ჩარევის შედეგად საკითხი მშვიდობიანად გადაწყდა"- აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

აჭარის მუსლიმი მოსახლეობა, უკვე მრავალი წელია, აყენებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საჭიროების საკითხს, რადგან ბათუმში მოქმედი ერთადერთი მეჩეთი  მლოცველებს ვერ იტევს. მიუხედავად მუსლიმი მრევლის აღნიშნული თხოვნისა, ამა წლის იანვარში ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში მედრესესა და სამუფთო რეზიდენციისთვის შენობის შეძენისა და ბათუმის "ორთა ჯამეში" ფართის გამოთავისუფლების შესახებ. შესაბამისად, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი მუსლიმი თემისთვის დღესაც აქტუალურია.

თუკი გუგული მაღრაძე თავის სიტყვაში ბათუმის მეჩეთის საკითხს გულისხმობს, ზემოთქმულიდან გამომდინარე, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით რეალობას არ შეესაბამება.

გარდა ამისა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ისლამოფობია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.  ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში მუსლიმთა დევნისა და რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლის ფაქტებზე არ დამდგარა არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;  ქობულეთში უკვე მეორე წელია, მუსლიმ თემს არ ეძლევა სკოლა-პანსიონის გახსნის შესაძლებლობა. არცერთ ზემოთხსენებულ შემთხვევაში, სახელმწიფომ არ უზრუნველყო მუსლიმი თემის კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების დაცვა. სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური, არაეფექტური და დისკრიმინაციული მოქმედება უმთავრესი მიზეზი გახდა იმისა, რომ რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმთა დევნამ სისტემური ხასიათი შეიძინა. უფრო მეტიც,  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელასა და მოხეში სახელმწიფო უშუალოდ დაუპირისპირდა მუსლიმ თემს.

რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ერთი რელიგიური ჯგუფის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლება,  სახელმწიფოს წარმომადგენელი არ უნდა განიხილავდეს მეორე რელიგიურ ჯგუფს ამ პრობლემის გადაჭრაში მონაწილედ.  აღნიშნული განცხადება კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ სახელმწიფო საქართველოს საპატრიარქოს რელიგიურ საკითხებში არაფორმალურ არბიტრად აღიარებს.

გუგული მაღრაძე საკუთარ სიტყვაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგნეტოს შექმნას რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის ეფექტურ მექანიზმად ასახელებს და აღნიშნავს, რომ ყველა რელიგიური ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ამ სახელმწიფო უწყებასთან.

უნდა ითქვას, რომ რელიგიის საკითხთა სახელწმიფო სააგენტო დაფუძნდა და მისი მანდატი განისაზღვრა იმგვარად, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნის თაობაზე წინასწარი კონსულტაციები მთავრობას რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებთან და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან არ გაუვლია. სააგენტოს დეკლალირებული მიზნებისა და პრაქტიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ იგი არ პასუხობს რელიგიის თავისუფლების,  თანასწორუფლებიანობისა და სეკულარობის დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, და რელიგიური ჯგუფების ავტონომიურობაში უხეში ჩარევის საფრთხეს ქმნის.

გუგული მაღრაძე რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სამართალდარღვევებთან მიმართებით, სახელმწიფოს ეფექტური პოლიტიკის საილუსტრაციოდ, ასახელებს 2014-2015 წლებში შეუწყნარებლობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების სტატისტიკას, რაც  რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის შესახებ სრულ სურათს არ იძლევა - გარდა რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულებისა, რელიგიური უმცირესობები სისტემატურად აწყდებიან სხვადასხვა ტიპის პრობლემებს. მათ შორისაა, სახელმწიფოს მხრიდან საკულტო ნაგებობების მშნებელობასთან დაკავშირებული ბარიერები, საკულტო ნაგებობების რესტიტუციის საკითხი, საჯარო სკოლებში დისკრიმინაციული მოპყრობა, უთანასწორო საგადასახადო სისტემა და სხვ.

მიგვაჩნია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეების წინაშე გუგული მაღრაძის მიერ გაკეთებეული განცხადება არ შეესაბამება საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ რეალობას.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, საერთაშორისო საზოგადოებას ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებოდეს. 

ოქტ/1508