ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI-ის განცხადება ბათუმის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ

2017 წლის 4 თებერვალს, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დავით კობახიძის განცხადების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ბათუმში ავტორიზაცია უნდა გააუქმდეს, რის მიზეზედაც სკოლაში გეგმიური მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევები სახელდება.

4 თებერვალს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სკოლა-ლიცეუმის დირექტორს, ელგუჯა დავითაძეს შეხვდა და მისგან ახსნა-განმარტებები მოისმინა. დირექტორის თქმით, ავტორიზაციის საბჭო მთავარ დარღვევად, სკოლაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართულ სექტორზე ჩარიცხვას უთითებს.

სკოლამ ავტორიზაცია 2015 წლის 4 სექტმბერს, 5 წლის ვადით მიიღო. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, 2015 წლის 05 ოქტომბრის #01-03/64 გ ბრძანების შესაბამისად, სკოლას დაევალა გაეუქმებინა თურქულენოვანი სექტორი და მოსწავლეები ეტაპობრივად გადაეყვანა ქართულ სექტორზე. ამის შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავდა გეგმა, თუ როგორ უნდა გადასულიყვნენ მოსწავლეები თურქულიდან ქართულენოვან სექტორში. 2016-2017 სასკოლო წლისთვის დარჩენილი 10 თურქულენოვანი მოსწავლე სკოლამ ქართულენოვან სექტორში ჩარიცხა, რაც დადებითად შეფასდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად. მეორე, სკოლისთვის მოულოდნელი მონიტორინგი, 2017 წლის 20 იანვარს განხორციელდა და 24 იანვრის მონიტორინგის დასკვნით, სკოლას ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით, დარღვევები დაუდგინა.

სკოლისთვის ავტორიზაციის მოულოდნელად გაუქმების გადაწყვეტილებასთან მიმართებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. TDI საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს სწავლობს და მოგვიანებით, დეტალურ სამართლებრივ ანალიზსა და შეფასებას გამოაქვეყნებს.

ეჭვს იწვევს, ავტორიზაციის გაუქმებისა და თურქეთში მიმდინარე მოვლენების დროში თანხვედრაც.

2016 წლის ივლისში, გავრცელდა თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემიზქანის განცხადება, რომელშიც იგი აჭარის მოსახლეობას მოუწოდებდა არ გაეშვათ ბავშვები სკოლა-ლიცეუმში, რომელიც “ფეთულა გიულენის ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია და ტერორისტული დაჯგუფებების ქოლგის ქვეშ იმართება”

2016 წლის დეკემბერში, თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. სკოლა-ლიცეუმის დირექტორის თქმით, პრემიერ-მინისტრის სტუმრობა თურქეთში და გაზეთ „საბახში“ გავრცელებული ცნობა სკოლის მომავალი დახურვის შესახებ საეჭვოდ ემთხვევა სკოლაში ერთი თვის შემდეგ ჩატარებულ მონიტორინგს. შესაბამისად, შესაძლოა, სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს.

TDI საქმის დეტალურ სამართლებრივ შეფასებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

თებ/1705