ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI როკ-კონცერტის ჩაშლის ფაქტს ეხმაურება

TDI ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირების მიერ თბილისში, 4 ივნისს, როკ-ფესტივალის Tbilisi JAM! Fest 2016 კონცერტის ჩაშლის ფაქტს. 

ფესტივალი საბაჟო ტერმინალ „ზაჰესი 2007“ ტერიტორიაზე იმართებოდა. ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალის გახსნიდან დაახლოებით ნახევარ საათში, ადგილზე მივიდნენ ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი რაზმაძე, დედათა მონასტრისა და მრევლის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები. მათი თქმით, სასულიერო პირები „ხმამაღალ მუსიკასა“ და „სატანური ჯგუფების“ კონცერტს სასაფლაოებისა და მონასტრის სიახლოვეს აპროტესტებდნენ და  ჩაშლას მოითხოვდნენ.

ფესტივალის ორგანიზატორმა, ვლადიმერ უნანიანციმ TDI-სთან საუბარში განაცხადა, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი აგრესიული და ჰომოფობიური რიტორიკით გამოირჩეოდა და მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მისივე თქმით, ფესტივალის ერთ-ერთ მონაწილეს სასულიერო პირმა მიმართა სიტყვებით: „ქართველი ხარ? [...] მაშინ წადი და იქ ჩაატარე საიდანაც მოხვედი.“

ორგანიზატორების განცხადებით, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ვითარებას აკვირდებოდა. თუმცა, სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და ორგანიზატორებს ურჩიეს შეეჩერებინათ ფესტივალი.

სასულიერო პირების წინააღმდეგობის მიუხედავად, ღონისძიება გაგრძელდა, მომღერლებმა რამდენიმე სიმღერა შეასრულეს, თუმცა, 15 წუთის შემდეგ ელექტროენერგია გაითიშა და ფესტივალი ჩაიშალა.

თავდაპირველად, შუქის ჩაქრობის მიზეზად ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯიას მხრიდან ტერმინალისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა სახელდებოდა. როგორც საბოლოოდ გაირკვა, „ზაჰეს 2007-ის“ ტრანსფორმატორს ელექტროენერგია სრულფასოვნად მიეწოდებოდა.

მედიასთან კომენტარში, ტერმინალ „ზაჰესი 2007“ დირექტორმა განაცხადა, რომ ტერიტორიაზე გადამცემი კაბელი დაზიანდა და ელექტროენერგიის მიწოდება ამიტომ შეწყდა.

სამართალდამცავების მხრიდან რეაგირების შესახებ, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელმა TDI-ს განუმარტა, რომ „პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ კონფლიქტის პრევენციას, ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა“, შუქის ჩაქრობა კი, გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდებოდა.

აღნიშნული ინციდენტი არ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან საჯარო სივრცის მონოპოლიზების პირველი მცდელობა. ბოლო წლებში, დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან ძალადობამ  და განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების დევნამ (17 მაისის დარბევა, „იმედის ფესტივალის“ ჩატარებისთვის ხელის შეშლა, „ხანუქას“ დარბევა, პროტესტი აკადემიურ სივრცეში ლია უკლებას ნახატის გამოფენასთან დაკავშირებით) შექმნა სისტემური დისკრიმინაციის გარემო, რომელშიც განსხვავებული აზრის გამოხატვა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

მსგავსი ვითარება დიდწილად განპირობებულია შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებით სახელმწიფოს არასწორი და ძალადობის მაპროვოცირებელი პოლიტიკით.

სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე და დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის მიმართ აბსოლუტური ლოიალობა 2013 წლის 17 მაისს მშვიდობიანი შეკრების დარბევაში მონაწილე პირების შესახებ სასამართლოს მიღებულ გამამართლებელ გადაწყვეტილებებშიც გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ 17 მაისის მოვლენების შემდეგ, ლგბტი თემის წევრები და აქტივისტები ვერ ახერხებენ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას, რითაც სახელმწიფო ექსტრემისტულ ჯგუფებს საჯარო სივრცის ექსკლუზიური დაუფლებისა და უმცირესობების მარგინალიზების საშუალებას აძლევს.

უმრავლესობის მხრიდან სისტემურ დისკრიმინაციას განიცდიან რელიგიური უმცირესობები - სახელმწიფოს არ გამოუძიებია 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, ისლამოფობიისა და მუსლიმების დევნის 7 შემთხვევა; არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი; არ შეფასებულა პოლიციის მხრიდან უმოქმედობა და რიგ შემთხვევებში, სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტები.

ამ ტიპის დანაშაულების გამოუძიებლობით სახელმწიფო არათუ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები, არამედ ძალადობის წამახალისებლის როლს თამაშობს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მოვუწოდებთ, მიიღოს ეფექტური ზომები შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების პრევენციისა და გამოძიებისთვის, დაიცვას სეკულარობის პრინციპები, გაატაროს თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკა და უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე.  

ივნ/1605