ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI საპატრიარქოსთან გამართული აქციის შესახებ

8 იანვარს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული კონკრეტული მოსაზრებების გასაპროტესტებლად, რაც ბავშვთა და ქალთა უფლებებისა და ზოგადად, უმცირესობების ჯგუფებისა და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული, საპატრიარქოს შენობის წინ აქცია გაიმართა.

აქციაზე მისულ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ინსტიტუტის დირექტორს, ეკა ჭითანავასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადგილზე დახვდნენ პატრიარქის მხარდამჭერები, რომლებმაც მონაწილეებს ტრანსპარანტები დაუხიეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობითა და ოჯახების განადგურებით ემუქრებოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ აქციის მსველობისას პოლიცია ადეკვატურად მოქმედებდა,  რეაგირებდა ძალადობის ფაქტებზე და დემონსტრანტების უსაფრთხოების დაცვას ცდილობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კონტრდემონსტრანტების ქმედებები  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, რაც გამოიხატა აქციის მონაწილეებისათვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფაში, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში, 2014 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულ სამ პირს  100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო მეოთხე პირის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

ინციდენტის დეტალებიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ საქმისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კვალიფიკაციის მინიჭება და დაკისრებული პასუხისმგებლობა არაადეკვატურია, ვინაიდან აქციის დროს განხორციელებული ქმედებები დიდი ალბათობით შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების პოზიციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დომინანტი რელიგიური ჯგუფის ინტერესებისადმი მიკერძოებულობა და ამ ნიადაგზე თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის კონსტიტუციური პრინციპების იგნორირება შემაშფოთებელ ტრადიციად და სისტემურ პრობლემად არის ქცეული. ეს გარემოება კი უმთავრესი საფუძველია იმისა, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს (ამ შემთხვევაში განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებს) სისტემურად ეზღუდებათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები.

8 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაკავებული პირებისათვის დაკისრებული არაადეკვატურად მსუბუქი პასუხისმგებლობის გამო, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურების წინააღმდეგ კრიტიკული პოზიციის მშვიდობიანი ფორმით გამოთქმის გამო, მოქალაქეები ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფისგან დაცული რეალურად არ არიან.

საპროტესტო აქციის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალის სანახავად, გადადით შემდეგ ბმულებზე:

 

https://www.youtube.com/watch?v=Vto9FrGT_uA

http://www.tabula.ge/ge/story/78896-sapatriarqostan-mimdinare-urtiertsapirispiro-aqciebze-xuti-piri-daakaves

http://www.interpressnews.ge/ge/foto.html?view=image&image=21100

იან/1414