ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI სოფელ ადიგენში მუსლიმთა მორიგი დევნის ფაქტს სწავლობს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სწავლობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს და არსებულ ვითარებას. TDI-ს იურისტები სოფელ ადიგენში 1 მარტს ჩავიდნენ, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მოისმინეს მათი შეფასებები და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს დაზარალებულებს.

მუსლიმთა სასაფლაოს საკითხი

2015 წლის მაისში სოფელ ადიგენის მუსლიმი თემის  წარმომადგენლებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ერთობლივი განცხადებით ადიგენის გამგეობას მუსლიმთა სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თხოვნით მიმართეს. 2016 წლის 25 თებერვალს,  აღნიშნულ თხოვნასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადიგენის მუნიციპალიტეტს მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

TDI-ს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ სოფელ ადიგენის მოსახლეობის მუსლიმ თემს პირველი პრობლემა რამდენიმე წლის წინ შეექმნა, როდესაც გარდაცვლილი პირის დასაკრძალად სასაფლაოს ტერიტორიაზე შესაბამისი ადგილის მოძიება შეუძლებელი გახდა, რადგან ისლამი დაუშვებლად მიიჩნევს მორწმუნის დაკრძალვას სხვა სარწმუნოების პირთა გვერდით. სოფელში ცალკე სასაფლაოს არარსებობის გამო, გარდაცვლილის ოჯახი იძულებული გახდა, იგი სხვა რეგიონში დაეკრძალა. უნდა აღინიშნოს, რომ მუსლიმი თემი სოფლის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს.

აღნიშნული შემთხვევის შემდგომ, მუსლიმი თემი მუდმივად ითხოვს სასაფლაოსთვის ადგილის გამოყოფას, რათა შესაძლებელი იყოს მათი რელიგიური ტრადიციებისა და რიტუალების ჯეროვნად აღსრულება.  

29 თებერვალს მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა

2016 წლის 29 თებერვალს, საკითხის განხილვის მიზნით, ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, ორ მოადგილესთან და რამდენიმე საჯარო მოხელესთან ერთად სოფელ ადიგენში მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შეხვდა.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოიყოფოდა მიწის ნაკვეთი ახალი სასაფლაოსთვის, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა საერთო სარგებლობისთვის, თუმცა, გაიმიჯნებოდა მუსლიმი თემისთვის განკუთვნილი ნაკვეთი, სადაც ისინი შეძლებდნენ მიცვალებულთა დაკრძალვას საკუთარი რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის წესების სრული დაცვით.

შეხვედრაზე საკუთარ აზრს გამოხატავდა მუსლიმი თემის ერთ-ერთი წევრი, რა დროსაც მოულოდნელად ქრისტიანი ახალგაზრდებით სავსე ორი ავტომანქანა გაჩერდა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ მუსლიმი მოსახელეობის წინააღმდეგ.

თავდაპირველად, თავდამსხმელების აგრესია მიმართული იყო სოფელ ადიგენში მცხოვრები, მუსლიმი თემის წარმომადგენელი როინ იაკობაძის მიმართ, რომელიც სასაფლაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგებაში აქტიურად იყო ჩართული და იცავდა მუსლიმი თემის ინტერესებს. მუსლიმი თემის წარმომადგენელი ლ. ი. თავის ახსნა განმარტებაში უთითებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ცალსახად ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, აგინებდნენ როინ იაკობაძეს. ერთ-ერთი პირი, ლაშა ქომეთიანი, მისი ჩაქლოვისკენ მოუწოდებდა სხვა ქრისტიანებს.

TDI-სთან საუბრისას, იაკობაძის მეუღლე აღნიშნავს, რომ არა მუსლიმი ახალგაზრდების თავგანწირვა და მისი მეუღლის ირგვლივ დამცავი ჯაჭვის შეკვრა, იგი “სასიკვდილოდ იყო განწირული”.  შეხლა-შემოხლა დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა და სხეულის ვიზუალურად შესამჩნევი დაზიანება მიიღო თემის ორმა წევრმა, რომლებიც იაკობაძის დაცვას ცდილობდნენ,  ხოლო თავად როინ იაკობაძე  გულის შეტევის გამო, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოკითხული მუსლიმები უთითებენ, რომ ვერბალური შეურაცყოფა მიაყენეს შეკრებაზე მყოფ თითოეულ მუსლიმს, მათ შორის ქალებს, რომლებსაც აგინებდნენ და უწოდებდნენ თათრებს. იყო შემდეგი სახის, მუქარის შემცველი შეძახილები: “წადით სათათრეთში”, „ყველას დაგხოცავთ და მეჩეთს არ აგაშენებინებთ“,”სასაფლაოს და მეჩეთს ვერ ეღირსებით”.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მონაწილეობა საკითხის განხილვაში

TDI- ს მიერ გამოკითხული მუსლიმი თემის წევრები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მხრიდან საკითხისადმი მიკერძოებულ და არაობიექტურ დამოკიდებულებაზე უთითებენ. ა. კ -ს თქმით გამგებელმა იცოდა, რომ იმ დღეს ქრისტიანი ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ და არსებობდა დაპირისპირების გამწვავების რეალური საფრთხე. მათ თხოვნით მიმართეს ზაქარია ენდელაძეს და შეხვედრის გადადება სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

დ.ა. კი თავის ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ გამგებლისა და სოფლის მუსლიმი მაცხოვრებლების შეკრება 29 თებერვალს ე.წ “ბირჟაზე” მოხდა, სადაც, როგორც წესი, ახალაგაზრდები იკრიბებიან. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ პატარა ფარდული დგას, ამიტომ მუსლიმები ახსნა-განმარტებაში უსაფრთხოების მინიმალური ზომების უგულებელყოფაზე საუბრობენ. მათი აზრით, მსგავს საკითხებზე მოლაპარაკებები არ უნდა მომხდარიყო ღია სივრცეში, არამედ შენობაში, მშვიდ და საქმიან გარემოში. გამოკითხული მუსლიმების თქმით, გამგებელს შეეძლო დიდი როლი ეთამაშა დაპირისპირების განეიტრალებაში, მაგრამ მან ამის ნება არ გამოხატა, პირიქით, მაშინ როდესაც მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, იგი განერიდა ტერიტორიას და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა დაზარალებული მუსლიმების დასახამარებლად.

მუსლიმებს საეჭვოდ მიაჩნიათ ასევე ის ფაქტი, რომ გამგებელმა, რომელიც აშკარა სამართალდარღვევის მოწმე იყო, ამის თაობაზე არ შეატყობინა საპატრულო პოლიციას და არ მიიღო კანონით გათვალისწინებული ზომები. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების საფუძველზე, მუსლიმი თემის წევრები ვარაუდობენ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საკუთარი უმოქმედობით ფაქტობრივად წაახალისა ქრისტიანი მოსახლეობა და ამით პოლიტიკური ქულები დიწერა ქრისტიანი მოქალაქეების წინაშე.

ზაქარია ენდელაძე TDI-ს იურისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა მუსლიმი და ქრისტიანი თემის წევრების ჩართულობით მედიაცია და საერთო, ყველა მხარისათვს მისაღები გადაწყვეილების მიღებაა. გამგებელი არ საუბრობს მომხდარ ძალადობაზე, გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე.

გამგებელი ამ დრომდე არ დაკითხულა მოწმის სტატუსით.

TDI-ს იურისტების საქმიანობა სოფელ ადიგენში და სამართლებრივი შეფასება

1 მარტს, როდესაც TDI-ს იურისტები დაზარალებული ავთანილ იაკობაძის სახლში მოწმეებს ესაუბრებოდნენ, შენობაში შევიდა სამი პირი, რომელებიც, როგორც შემდეგ გაირკვა ქრისტიანი თემის წარმომადგენლები იყვნენ.  ერთ-ერთი პირი, აგრესიას ავლენდა როგორც TDI-ს იურისტების, ასევე იქ მყოფი სხვა პირების მიმართ, ცდილობდა  TDI-ს წარმომადგენლების საქმიანობისთვის ხელის შეშლას და მოითხოვდა მათ დაუყოვნებლივ წასვლას. ვინაიდან არსებობდა დაპირისპირების გამწვავების რეალური საფრთხე, საჭირო გახდა პოლიციის ინფორმირება. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა, სახლში შეჭრილი პირები გაიყვანეს ტერიტორიიდან. თუმცა, რამდენიმე ხანში, ზემოთ აღნიშნული პირი ისევ დაბრუნდა იაკობაძის სახლში და  მუსლიმები, როგორც თვითონ აღნიშნა “გააფრთხილა”: “ ან იურისტები წავლენ აქედან ან სიტუაცია გამწვავდება”. უცნობია კონკრეტულად რა იგულისხმა პრობლემის გამწვავებაში, მაგრამ აშკარა იყო, რომ დაზარალებულის სახლიდან რამდენიმე მეტრში სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა იყო მობილიზებული.

1 მარტს სოფელ ადიგენში დაახლობეთ 100 -150 ადამიანი შეიკრიბა როგორც ქრისტიანი ასევე მუსლიმი თემის მხრიდან. ამ ორ ჯგუფს შორის საპატრულო პოლიციას გზა ჰქონდა გადაკეტილი.

TDI-ს იურისტები შეეცადნენ გაერკვიათ ასვე მართლმადიდებელი მხარის პოზიცია. ამ მიზნით გამოკითხული იქნა 7 პირი. ზოგიერთი მათგანი კატეგორიული წინააღმდეგია სოფელში მუსლიმებისათვის ცალკე სასაფლაოს გამოყოფით. მათთვის საფრთხის შემცველია მუსლიმების მოთხოვნების დაკმაყოფილება - “დღეს სასაფლაოს გვთხოვენ, ხვალ მეჩეთს მოგვთხოვენ, მე შვილი მეზრდება და მინდა რომ ის ქრისტიანი იყოს.  თვითონაც ქართველები არიან, წაიკითხონ ისტორია.. გააკეთონ ცალკე სასფლაო და ჩვენ ქრისტიანები საერთოდ წავალთ აქედან”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

TDI-ს შეფასებით, სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ითვალისწინებს აღნიშნული ქმედების განხორციელებას ძალადობით და იგი გათვალისწინებულია 156-ე მუხლის მეორე ნაწილით (იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით). მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა განცხადებით, შეხვედრაზე შეჭრილმა პირებმა, ფიზიკური ძალადობას მიმართეს და, ასევე, ძალადობის მომავალში გამოყენებითაც დაიმუქრნენ. შესაბამისად, TDI მიიჩნევს, რომ საქმის მსვლელობისას საჭიროა მისი კვალიფიკაციის დაზუსტდება.

1 მარტს, TDI-სა და EMC-ს იურისტები, მოწმეთა ინტერესების დაცვის მიზნით, შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოკითხვებს დაესწრნენ. ამ ეტაპისთვის, გამოიკითხა მუსლიმი თემის 4 წევრი.

TDI-ს შეფასებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ქონია, თუმცა იყო პრობლემები, რომლებიც გამოძიების ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. მაშინ, როცა იურისტები გამოკითხვას ესწრებოდნენ, პოლიციის თანამშრომლებმა მოიყვანეს მუსლიმი თემის დამატებით ათამდე წევრი, იმ მოტივით, რომ ისინიც უნდა დაიკითხონ მოწმედ. ამასთან, ვინაიდან ადვოკატების რაოდენობა იძლეოდა საშუალებას, მათი თანდასწრებით ჩატარებულიყო მხოლოდ ორი საგამოძიებო მოქმედება ერთდროულად, პოლიცია, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა დამცველთა გარეშე მოწმეთა გამოკითხვას.

TDI-ს მოთხოვნის შედეგად, საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი გადაიდო 2 მარტამდე. TDI კვლავაც აგრძელებს პროცესის მონიტორინგსა და დაზარალებულთა უფლებების დაცვას.

1 მარტს ჩატარებული გამოკითხვის მიმდინარეობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა, თუმცა შეინიშნებოდა პოლიციელთა ლმობიერი დამოკიდებულება 29 თებერვალს მომხდარი ფაქტის მიმართ.

ამასთან, საგანგაშო ტენდენციაა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ, პირად საუბრებში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, შეიმჩნევა დისკრიმინაციული დამოკიდებულება. მაგალითისთვის, მუსლიმი თემის ერთ-ერთი წევრისადმი ირიბად ნათქვამი ფრაზის, „ვინც საქართველოს ისტორია არ იცის, ის საქართველოში არ უნდა ცხოვრობდეს“, განმარტების მოთხოვნის შემდეგ, პოლიციელმა განაცხადა, რომ მან ეს ფრაზა თქვა „როგორც კაცმა და არა როგორც პოლიციელმა“.

უნდა აღინიშინოს, რომ ამ დრომდე, დაზარალებულის სამართლებრივი სტატუსი არ მინიჭებია არცერთ პირს. გაუმართლებელია ის ფაქტიც, რომ არ ჩატარებულა სამედიცინო ექსპერტიზა. სამედიცინო ექსპერტიზის ხასიათიდან და მიზნიდან გამომდინარე, ის უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად, რათა დაზიანება სწორად იყოს შეფასებული. ყოველივე ზემოთქმული აჩენს ეჭვს, რომ სახელმწიფოს, ბოლო წლებში მუსლიმთა დევნის არაერთი ფაქტის მსგავსად, არც მიმდინარე საქმეზე აქვს ნება, ობიექტურად და დროულად გამოიძიოს 29 თებერვალს მომხდარი ფაქტი.

TDI-ს იურისტები კვლავ რჩებიან სოფელ ადიგენში და აგრძელებენ საკითხის შესწავლას.

 

მარ/1602