ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის ერთობლივი განცხადება

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ვეხმიანებით კანონის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საქართველოს ტყეების საკუთრების უფლებით გადაცემას. პროექტს ორი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი პარლამენტმა, ხოლო მისი საბოლოო მოსმენა 22 მაისს იგეგმება საგანგებო სესიის პლენარულს სხდომაზე. 

ცვლილებათა პაკეტის ინიციატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

კანონპროექტის მიხედვით, “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლს დაემატება მე-6 პუნქტი. სწორედ მის საფუძველზე იქნება შესაძლებელი ექსკლუზიურად საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ცხრა რელიგიურმა გაერთიანებამ, რომელთა ინტერესებსაც TDI და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა წარმოადგენდნენ, სწორედ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მე-3 მუხლი  გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში  და მოითხოვეს მისი 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ექსკლუზიურად საპატრიარქოს ანიჭებს პრივილეგიებს და ამით არღვევს  საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპს. აღნიშნული ნორმები სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს არ აძლევს უფლებას იყვნენ სახელმწიფო ქონების შემძენნი, ან სახელმწიფოსაგან მიიღონ ქონება ტოლფასი ქონების სანაცვლოდ (გაცვლა).  გამონაკლისია მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა 2020 წლის 21 თებერვალს. დღეის მდგომარეობით სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება

იმ შემთხვევაში თუ “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში შევა ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილება და მე-3 მუხლს დაემატება ახალი, მე-6 პუნქტი, რელიგიური გაერთიანებების ინტერესების დასაცავად TDI და თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა საკონსტიტუცო სასამართლოში დამატებით გაასაჩივრებენ ამ პუნქტსაც.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა იმ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი, რომელთა ინტერესებსაც TDI-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ერთობლივად იცავდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია და არაკონსტიტუციურად ცნო “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა ექსკლუზიურად მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ “[მართლმადიდებელი] ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. [...] დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. [...] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას”.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, საბოლოო/მესამე პლენარულ მოსმენაზე მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ კანონპროექტს. საპატრიარქოსთვის მინიჭებული ახალი პრივილეგიებით, კიდევ ერთხელ უხეშად დაირღვევა თანასწორუფლებიანობისა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპები საქართველოში.

მაისი/2022