ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა საგანგაშოა

“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტების[1] გარშემო მიმდინარე მოვლენებმა, მმართველი გუნდის განცხადებებმა და ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულმა დისკრედიტაციის კამპანიამ ცხადყო, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად სპეკულირებს მართლმადიდებელი ეკლესიითა და საზოგადოებაში მისი ავტორიტეტით. იგი ღიად და დაუფარავად აწარმოებს ანტიდასავლურ პოლიტიკას, უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს, ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

“აგენტების შესახებ” რუსული სტილის კანონის მიღების მიზანი შეიძლება შეფასდეს, როგორც კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესიებისა და გაქრობის გზით, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაბრკოლების, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევისა და საბოლოოდ რუსული რეჟიმის დამყარების მცდელობა.

“რუსული კანონის” განხილვა პარლამენტში საზოგადოების მასობრივი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. 7-9 მარტს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დაშლა ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით სცადა. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. საბოლოოდ, ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კრიტიკის შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან სამ დღეში გაეწვია.

ამ ფონზე, ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული კრემლისტური ჯგუფების ანტილიბერალური და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო ძლიერდება. ხელისუფლება სამოქალაქო სექტორსა და თავისუფალ მედიას აგენტებად აცხადებს, აკნინებს მათ როლს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ საქმიანობაში ადანაშაულებს. ეს განცხადებები ასევე თანხვედრაშია კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებთან და რუსეთში წლების განმავლობაში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დევნასთან, რაც საბოლოოდ მათი გაქრობით დასრულდა.

12 მარტს, სახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ “ეს ადამიანები [სამოქალაქო სექტორი] პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას, ძალიან ბევრ პროვოკაციაში არიან ჩართული. ჩვენი ამოცანაა, იცოდეს ხალხმა, თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა. აი, ეს იყო [რუსული კანონის] მთავარი მოტივაცია”.

ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი თანამდებობის პირები სულ უფრო მეტად სპეკულირებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიით, იყენებენ მის ავტორიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, მედიის, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის და მათ წინააღმდეგ ძალადობის გასაღვივებლად. ამის დასტური 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებია, როცა ხელისუფლებამ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კერძო საკუთრება და გზა გაუხსნა ექსტრემისტ, პრორუსულ ჯგუფებს ძალადობისკენ.

“ეკლესიის მაგინებლები”, “უსამშობლოთა და ურწმუნოთა თაობა”, “ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაციები” , “ექსტრემისტები” - ასე მოიხსენიებენ ისინი საჯარო განცხადებებში არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტვისტებსა და კრიტიკულ მედიას.

მაგალითად, 3 მარტს სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტვ. იმედის ეთერში განაცხადა, რომ “ეს ადამიანები ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ პირდაპირ არიან დაკავებული ანტიეკლესიური პროპაგანდით და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რადგან იდენტობა შეარყიონ.”

კობახიძის თქმით, ზოგიერთი, “კონკრეტული ორგანიზაცია პირდაპირ მოქმედებს  ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ” და შეიძლება “სექტები იყოს ამისთვის გამოყენებული.”

10 მარტს მან ასევე განაცხადა, “ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეკლესიის წინააღმდეგ პროპაგანდის აღკვეთა და ყველა იმ ნაბიჯის, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.”

პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კი “ეკლესია, ჯარი, და პოლიცია, სამი მთავარი ინსტიტუცია არის ქვეყნის საყრდენი”.

ხელისუფლების რუსულ პროპაგანდას და ეკლესიის სახელით სპეკულირებას არ ემიჯნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოც. მიმდინარე მოვლენებზე მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხოლოდ ერთი განცხადება 9 მარტს გაავრცელა, სადაც არაფერი უთქვამს იმ კანონპროექტზე, რომლის გასაპროტესტებლადაც რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან აქციები იმართებოდა. მან გააკრიტიკა მხოლოდ ის ადამიანები, განსაკუთრებით კი სასულიერო პირები, რომლებიც "პოლარიზების გაღვივებას" უწყობენ ხელს.

მოცემულ კონტექსტში, ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირება, ხოლო საპატრიარქოს მხრიდან ამ სპეკულაციურ პროპაგანდაზე დუმილი მიზანმიმართულად აქეზებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სიძულვილსა და ძალადობას, ასევე აზიანებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგამიჯვნის პრინციპს, ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ ფასეულობებს.

 

 

[1] 14 თებერველს დაინიცირდა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო 22 თებერვალს მეორე კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“

 

ფოტო: რადიო თავისუფლება 

მარ/2315