ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/1812

TDI და EMC საპატრიარქოსთვის თანდოიანცის ეკლესიის თვითნებური გადაცემის საქმეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სახელმწიფოს მიერ  ქ. თბილისში, აღმაშენებლის ქ. N38-ში მდებარე ისტორიული სომხური ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის თვითნებური გადაცემის საკითხს აფასებენ.

TDI და EMC სახელმწიფოს მოუწოდებენ  ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებში მოაქციოს ისტორიული საკულტო ნაგებობების დაბრუნების პროცესი, მათ შორის, უზრუნველყოს თანდოიანცის ეკლესიის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნება.

მითითებულ საქმეზე, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინტერესებს სასამართლოსა და შესაბამისი  ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე EMC-სა და TDI-ს იურისტები იცავენ.

თანდოიანცის ისტორიული ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის პროცესის მიმოხილვა:

“თანდოიანც სურბ ასტვაწაწინი” (თანდოიანცის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია) თბილისში, აღმაშენებლის #38 მდებარეობს. საბჭოთა ოკუპაციამდე, ტაძარი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას ეკუთვნოდა. თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმის 1924 წლის განკარგულებით “ტფილისის სომხის ხვთის მშობლის ტანდოევის რელიგიური საზოგადოება” დაიხურა და ჩამოერთვა რელიგიურ თემს. 1927 წლის 12 აგვისტოს ეკლესიის შენობა ჩაიბარა „ტფილისის აღმასკომის სამნეო ქ/განყოფილებამ”. ამის შემდეგ, შენობა სხვადასხვა საჯარო ფუნქციით გამოიყენებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეკლესიის ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. სომეხთა სამოციქულო ეკლესია წლების განმავლობაში ითხოვდა “თანდოიანცის” ეკლესიის (ისევე როგორც სხვა სომხური ეკლესიების) დაბრუნებას სახელმწიფოსგან, თუმცა უშედეგოდ. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2017 წლამდე, აღნიშნული ეკლესიის კონფესიურ ან ისტორიულ მესაკუთრეობაზე  პრეტენზია ან/და ინტერესი არ გამოუხატავს არცერთ სხვა რელიგიურ თემს, მათ შორის, არც საქართველოს საპატრიარქოს.

2017 წლის 23 ივნისს, საქართველოს საპატრიარქომ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა  და აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარე ეკლესიის შენობის,   (მიწის საკადასტრო კოდი: 01.16.05.025.005.22.500) მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში რეგისტრაცია მოითხოვა. მისი დასაბუთებით აქ მდებარეობდა წმ. ჯვრის გამოჩინების სახელობის ტაძრის ნანგრევები.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ეკლესიაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული, 2017 წლის 28 აპრილს,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მიმართა ეკლესიაზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით.

2017 წლის 10 ივლისს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, N1/1-1600 ბრძანებით, საპატრიარქოს მიმართვის საფუძველზე გააუქმა სახელმწიფოს საკუთრების უფლება მოთხოვნილ ქონებაზე. ამან საშუალება მისცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2017 წლის 26 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს სახელზე დაერეგისტრირებინა 4591 კვ. მეტრი მიწა და მასზე არსებული ისტორიული ეკლესიის შენობა.

როგორც, ქონების მართვის სააგენტომ, ისევე საჯარო რეესტრმა, გადაწყვეტილება ნაგებობის კონფესიური და ისტორიული კუთვნილების სათანადო შესწავლის გარეშე მიიღო. ადმინისტრაციული ორგანოები ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნისა და გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილ ზოგად ინფორმაციას დაეყრდნენ, რომლის თანახმადაც:

“დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარეობს ნაეკლესიარი, რომლის შესახებ ცნობებს გვაწვდის ისტორიული წყაროები და რუკები, კერძოდ, ამ ადგილას, რომელიც სოფელ “კუკიად” არის აღრიცხული ტფილისისთვის 1800-1802 წლების გეგმაზე აღნიშნულია გალავან შემორტყმული ტაძარი, კოშკებ ჩაშენებული ბურჯებიანი ციხე-გალავნითა და საკუთარი ბაღით. ამ ადგილს ეწოდებოდა აგრეთვე “ახალსოფელი” და საარქივო მასალებით დასტურდება, რომ 1814-1816 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძის თაოსნობით აქ აშენდა წმ. ჯვრის გამოჩინების სახელობის ტაძარი”. [1]

ამ დროისთვის, საქართველოს საპატრიარქო თანდოიანცის ეკლესიის ტერიტორიაზე ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებს, რომლის მეთოდები და მასშტაბი აშკარად სცდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შეთანხმებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებს და უკანონო ხასიათს იღებს. 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, დაზიანებული ეკლესიის ფუნდამენტი ნაწილობრივ ამოთხრილია, ეკლესიის შემოგარენი დასუფთავებულია ნანგრევი ქვებისგან და ტერიტორიაზე მიმდინარეობს სავარაუდოდ სამშენებლო და გათხრითი სამუშაოები. არსებობს მაღალი რისკი, რომ  მიმდინარე პროცესით ზიანდება და იშლება ნაგებობის ისტორიული და კულტურული მახასიათებლები. ამ პროცესზე სახელმწიფო სათანადო კონტროლს არ ახორციელებს.

როგორც მედიით გახდა ცნობილი,[2] 2018 წლის თებერვალში  უკანონოდ გამოთხრილი ნარიყალას ციხის საძირკვლიდან ამოღებული ძველი აგური, აღმაშენებლის 38-ში, თანდოიანცის სომხურ ეკლესიის ტერიტორიაზე გადაიტანეს და ის განკუთვნილია თანდოიანცის ეკლესიაზე ახალი, ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, სამნავიანი ბაზილიკის აშენებისთვის. 

მიმდინარე სამართლებრივი დავების მიმოხილვა

2018 წლის 5 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ სასმართლოში გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც  საპატრიარქოს სახელზე დარეგისტრირდა აღმაშენებლის #38-ში მდებარე ეკლესია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ შეუსწავლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებული აქვს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა მოკვლევისა და საკითხის ჯეროვანი შეფასების გარეშე. საჯარო რესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ შეისწავლა ფაქტები ეკლესიის კონფესიური კუთვნილების თაობაზე. უხეშად უგულებელყო კანონმდებლობის მოთხოვნები და სათანადო უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, საკუთრებაში დაურეგისტრირა საპატრიარქოს უძრავი ნივთი.

2018 წლის 5 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ ადმინისტრაციული საჩივრით  მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც, როგორც სსიპ “ქონების მართვის სააგენტოს” ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოსარჩელემ მოითხოვა იმ აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც სააგენტომ, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევის გარეშე გააუქმა სახელმწიფოს საკუთრების უფლება ეკლესიაზე და საშუალება მისცა მართლმადიდებელ ეკლესიას დაერეგისტრირებინა იგი საკუთრებაში. მოსარჩელე, ამ შემთხვევაშიც, სადავოდ ხდის აქტის კანონიერებას, რამდენადაც ის არ ეფუძნებოდა ობიექტურად და სრულად შესწავლილ გარემოებებს და მხედველობის მიღმა დატოვა სომეხთა ეპარქია რომელიც სახელმწიფოს წლების განმავლობაში სთხოვდა “თანდოიანცის” ისტორიული სომხური ეკლესიის დაბრუნებას.

2018 წლის 18 თებერვალს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ასევე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოსარჩელემ  მოითხოვა სააგენტოს მიერ თანდოიანცის ეკლესიაზე გაცემული კვლევითი სამუშაოების ნებართვების ბათილად ცნობა და სამუშოების შეჩერება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საპატრიარქოს, როგორც განმცხადებელს, სააგენტოსთვის არ წარუდგენია “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით” გათვალისწინებული დოკუმენტები. საპატრიარქოს განცხადებაში მითითებული არ არის განსახორციელებელი კვლევითი სამუშაოების მოცულობა და შერჩეული მეთოდოლოგია, რაც ეკლესიის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და მისი მნიშვნელოვანი მახასათიებლების წაშლის მაღალ რისკს ქმნის და სახელმწიფოს მიერ ამ პროცესზე კონტროლის შესაძლებლობას ასუსტებს.

მიმდინარე დავის სამართლებრივი დასაბუთებისა და მისი უფლებრივი და სოციალური მნიშვნელობის მიმოხილვა

მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ საპატრიარქოსთვის თანდოიანცის ეკლესიის გადაცემა  სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე განხორციელდა, რაც მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უკანონობაზე მიუთითებს.

თანდოიანცის ეკლესიის ისტორიის კვლევის ანალიზი აჩვენებს, რომ განსახილველ ადგილას (იმ დროისთვის სოფელ კუკიაში)  სომხური ეკლესის მშენებლობა XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. პირველად  1850-იანი წლების დასაწყისში აიგო დროებითი ხის ეკლესია ადგილობრივი სომხური მრევლის მიერ. შემდეგ კი, 1866 წლის ახლო ხანებში აშენდა თანდოიანცის ეკლესია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სომხების ჩამოსახლება XVIII საუკუნის 70-იან წლებიდან (1770-იან წლებში) დაიწყო.  ჩანს, რომ 1844 წლისთვის ამ ტერიტორიაზე ძველი სასაფლაო იყო მოწყობილი. მას შემდეგ რაც სოფ. კუკია თბილისს შემოუერთდა და დაიწყო მისი კეთილმოწყობა, ნელ-ნელა გაუქმდა სასაფლაო(1850 წელს შედგენილ რუკაზე სასაფლაო უკვე აღარაა აღნიშნული).

არსებული ისტორიული წყაროებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა ეკლესიის არსებობის ფაქტი არ დასტურდება.  თანდოიანცის ტაძრის კონფისკაცია 1924 წელს სომხური ეკლესიისგან განხორციელდა. ამდენად, ისტორიული წყაროების და არსებული ნაგებობის არქიტექტურული და კულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით  არსებული ისტორიული შენობის სომხური წარმომავლობა სადავო არ შეიძლება იყოს. ამასთან, კვლევები უთითებს, საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაუსაბუთებლობასა და მის მიერ მითითებული ჯვრის გამოჩინების ეკლესიის თბილისში სხვა ტერიტორიაზე მდებარეობის ფაქტზე.

მეტიც, მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების (საერთაშორისო ქარტია ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის შესახებ ,,ვენეციის ქარტია“,1964 წ.) გათვალისწინებით თანდოიანცის ეკლესიაში საპატრიარქოს მიერ განხორციელებული თვითნებური კვლევითი სამუშაოები და სომხური ეკლესიის ქართულ მართლმადიდებლურ სამნავიან ეკლესიად გადაკეთების პროექტი უკანონოა. მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები ისტორიული ძეგლის ავთენტურობისა და კულტურული ღირებულების წაშლის რეალურ საფრთხეს ქმნის.

თანდოიანცის ისტორიული ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის საქმე კიდევ ერთხელ უთითებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საკულტო ნაგებობის თანმიმდევრული და არადისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკის არ არსებობის მწვავე პრობლემაზე. კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფომ აღიარა დომინანტი ეკლესიის საკუთრების უფლება ისტორიულ საკულტო ნაგებობებსა და მათ ნანგრევებზე, თუმცა სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე დატოვა რელიგიური უმცირესობებისთვის ისტორიული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხი, რაც ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო და ეროვნული ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში კრიტიკულად ფასდება.  არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკა ხშირად რელიგიური და სოციალური დაძაბულობის მიზეზი ხდება და ასევე ქმნის ისტორიული საკულტო ნაგებობების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობის პრობლემას. რელიგიური უმცირესობების მიერ, სახელმწიფოს მსგავსი პოლიტიკა მათი ისტორიული და კულტურული კვალის წაშლისა და უგულებელყოფის მცდელობად განიხილება, რაც  ასევე გავლენას ახდენს მათ ინტეგრაციაზე.  

თანდოიანცის საქმეზე დავის ფარგლებში EMC და TDI ამტკიცებენ, რომ რესტიტუციის საკითხზე მსჯელობის დროს სასამართლოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ არსებული ნაგებობის კონფესიური და ისტორიული წარმომავლობის საკითხი. არქეოლოგიური ფენების კუთვნილებაზე მსჯელობა მოკლებულია როგორც სამართლებრივ არგუმენტებს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ლოგიკას.   თანდოიანცის ეკლესიის სომხური წარმოშობა ამ დრომდე სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აღიარებულ დოკუმენტებშიც ფიქსირდებოდა, რაც კიდევ ხაზს უსვამს მიღებული გადაწყვეტილების თვითნებურობას. სომხური ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემა დომინანტი ეკლესიისადმი ღია ლოიალობისა და სომეხთა მართლმადიდებელი თემის დისკრიმინაციის ნათელი მაგალითია.

თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე დავა პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან მსგავსი პრობლემა სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც აწუხებს. შესაძლებელია, სამართლიანმა სასამართლო გადაწყვეტილება არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკა დადებითი კუთხით შეცვალოს.  

საქმეზე მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, EMC და TDI საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდიან სიახლეებს მიმდინარე დავის შესახებ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე დავის ფარგლებში პირველი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 13 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.

 

[1] იხ. ეკლესიის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და საპატრიარქოსთვის გადაცემის პროცესის ანალიზი http://www.tdi.ge/ge/news/494-xelisuplebam-tandoiancis-eklesia-sakartvelos-sapatriarkos-gadasca

[2] http://rustavi2.ge/ka/news/97732