Tolerance and Diversity Institute

მრავალფეროვნების სახეები გარდაბნიდან

ლალი ჭეშმარიტაშვილი

2020 წლის კონკურსის „მრავალფეროვნების სახეები“ გამარჯვებული

 

ბავშვობაში  პერიოდულად მიჩნდებოდა კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ ვიყავი გარდაბნის რაიონიდან, როდესაც მასთან ორი ქალაქი -თბილისი და რუსთავი მაშორებდა, შემდეგ უკვე, როცა წამოვიზარდე, მიჩნდებოდა პროტესტი იმის გამო, თუ რატომ უნდა მემგზავრა საათნახევარი გარდაბნამდე,  როდესაც თბილისში ათ წუთში შემეძლო გავსულიყავი. ამ და ბევრი ამგვარი უკმაყოფილების გამო,  დროთა განმავლობაში დავიწყე კითხვების დასმა და როდესაც ვიკითხე, რატომ შედიოდა ჩვენი სოფელი გარდაბნის შემადგენლობაში სიშორის მიუხედავად, სხვათა შორის, ასეთი პასუხიც მივიღე - გარდაბანში ბევრი სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს და თუ მის შემადგენლობაში ქართული მოსახლეობაც არ შევიდა სეპარატისტული სურვილები გაუჩნდებათო. მე დღემდე ვფიქრობ, თუ მართლაც ესაა მიზეზი ამგვარი ტერიტორიული დაყოფისა, რადგან სხვა რამ აზრად არ მომდის ან უბრალოდ კომპეტენტური არ ვარ, ამგვარი ტერიტორიული დაყოფა თავის თავშივე ხომ არ გულისხმობს, ასე ვთქვათ, დისკრიმინაციულ შინაარს, ეს ხომ არ ნიშნავს სახელმწიფოს უნდობელი დამოკიდებელების გამოვლენას საკუთარი მოქალაქეებისადმი? თუ კარგი შინაარსიც შეიძლება ამოვიკითხოთ ამაში ინტეგრაციისა?

 

ასე და ამგვარად, მე ვცხოვრობ ქალაქში, რომლის ეთნიკური შემადგენლობაა: აზერბაიჯანელები 63 %, ქართველები 30 %, ასირიელები 2,5 %, სომხები 1,9 %, რუსები 1,4 %-, როგორც ვხედავთ ამგვარი შემადგენლობა მოსახლეობისა ეთნიკურად, კულტურულად, რელიგიურად მრავალფეროვან ქალაქად აქცევს გარდაბანს, მაგრამ აინტერესებს ეს ვინმეს? აი, ეს საკითხავია. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საუკუნეში საქართველოს მოსახლეობის ჯერ კიდევ დიდ ნაწილს უარყოფითი (სრულიადაც არ ვაჭარბებ) წარმოდგენები ექმნება ისეთი ქალაქების სახელთა გაგონებისას, როგორებიც, მაგალითად, გარდაბანი და ჩემთან ასევე ახლოს მდებარე მარნეულია. და რაც ყველაზე ცუდია, ეს უარყოფითი წარმოდგენა-განწყობები რაიმეს კი არ ეფუძნება, არმედ ის ბუნდოვანი გაურკვეველი წარმოშობის შეგრძნებებია. ადამიანთა ამგავრი თვისება, თანაც მაშინ, როცა ისინი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენენ, ჩემი აზრით, მის მოუმწიფებლობაზე მიუთითებს და ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს. მესმის, ეს სიტყვები ბევრისთვის შეიძლება წარმოუდგენლად ჟღერდეს და ფიქრობდეს, რომ ჩვენ სრულიადაც არ განვარჩევთ თავს მათგან, რადგან ის შეიძლება არაა მათნაირად მოფიქრალი და მის გარშემოც არ არიან ასე მოფიქრალნი, მაგრამ, დამიჯერეთ, მე საკმაოდ ბევრი შემთხვევის საფუძველზე გამოვიტანე ეს დასკვნა. ისიც დავასკვენი, რომ ეს უარყოფითი დამოკიდებულება ჩემს თაობაში- მოსწავლეებში, სტუდენტებში ძალიან მცირედღა შეიმჩნევა და ეს ძალიან მახარებს. მე ამას ვხედავდი ჯერ სკოლაში, თანაც ძალიან ხშირად, რადგან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, ხშირად გვიწევდა, ძირითადად, აზერბაიჯანული წარმოშობის ბავშვებთან თანამშრომლობა. მახსოვს, პირველად ძალიან დიდი ახლობლობა რომ ვიგრძენი მათთან და როცა ისინი უცხოდ აღარ აღვიქვი (ენობრივი, კულტურული თუ რელიგიური გასხავების მიუხედავად) იყო მე-6 კლასში, როცა მათი მე-6 კლასი ჩვენს სკოლაში ჩამოვიდა და მოვაწყეთ კულტურული ზეიმი. მათ საკუთარი გვანახეს სხვადასხვა ფორმით, ჩვენ - ჩვენი და მაშინ პირველად გავიაზრე, რა კარგი იყო კულტურული მრავალფეროვნება. ამ დროიდან ეს ბავშვები ჩემი მეგობრები არიან.

 

შემდეგ მე ამას ვხედავდი უნივერსიტეტში - როგორ ეხმარებოდნენ (ვეხმარებოდით) ბავშვები სხვა ეთნიკური წარმომავლობის  თანაკურსელებს, როდესაც მათ, მაგალითად, დაბრკოლება ექმნებოდათ ენის საკითხებში ან რაიმე ადმინისტრაციულ საკითხში და სხვა. ოთხი წლის განმავლობაში არცერთხელ შემიმიჩნევია, რომელიმე ჩემს თანაკურსელს თუნდაც ოდნავ გაღიმებოდა, თუკი, მაგალითად, ჩვენი აზერბაიჯანული წარმოშობის მეგობარი თხრობისას ბევრ ენობრივ შეცდომას უშვებდა. ვიცი, ალბათ, წარმოუდგენლად ჟღერს დღეს უკვე ის ფაქტი, თუ რატომ უნდა ეცინებოდეს ადამიანს ამაზე, მაგრამ ასეც ხდება ხშირად.

 

ოთხი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე თბილისიდან სახლში მარნეულის მიკროავტობუსით მოვდივარ (რადგან მან თელეთი უნდა გაიაროს) და მათ შორის ასე ახლოს ყოფნისას, სადაც შეიძლება მხოლოდ მე ვიყო ხშირად მთელ მიკროავტობუსში ეთნიკურად ქართველი, უფრო მეტად ვხედავ, რომ არანაირი განსხვავება ჩვენ შორის არაა და, მით უმეტეს, რომელიმე ეთნოსის უკეთესობისაკენ არ იხრება პინა სასწორისა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ადამიანთა გონებაში დარჩენილი უსარგებლო ნალექია ამგავრი ფიქრები და სხვა არაფერი. დიახ, და კიდევ ფსევდოპატრიოტული წარმოდგენების ბრალიც მგონია ამგვარი განწყობების არსებობა. ზოგიერთი ჯერ კიდევ იმ მტრის ხატს უყურებს, რომელსაც საუკუნეების წინ უყურებდნენ და ის კი არ იცის, რომ ეს ხატებიც იცვლება დროთა განმავლობაში. ესეც არ იყოს, მტერიც ძალიან არამდგრადი ცნებაა და ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური" თაროებისათვის და სუფრებისთვის არ დაუწერია.

 

ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემი შიში არ არის უსაფუძვლო, სამწუხაროდ მიწევს გავიხსენო ერთი ფაქტი, რომელიც პანდემიის პირობებში გამოვლინდა არცთუ დიდი ხნის წინ. კერძოდ, როდესაც ვირუსის შემთხვევები ჯერ კიდევ ასე გახშირებული არ იყო და ის მარნეულელ ქალს დაუდგინდა, ატყდა  შემაშფოთებელი სიტყვების წამოსროლები, შეურაცხმყოფელი განცხადებები ამასთან დააკავშირებით, რომლებიც შემდგომ ძალიან აშკარად გადაიაზრდა, არ იქნება ღმამაღალი ნათქვამი და - ეთნიკური შუღლის გაღვივებაში.

 

ასე და ამგვარად, ამ საკითხზე ფიქრისას გავაანალიზე, რომ ჩემი საცხოვრებელი ადგილი ძალიან კარგ რაკურსს იძლევა საკითხზე დასაკვირვებლად. უკვე დიდი ხანია ბავშვობაში გაჩენილი პროტესტის გრძნობა აღარ მაწუხებს. პირიქით, მიხარია, რომ აქ ვცხოვრობ და რომ მქონდა ბედნიერება, მთელი ჩემი ბავშვობა ყოფილიყო ფერადი და მრავალფეროვანი იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც ჩემს მეზობლად არიან.