ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ქრისტიანობის სადღეგრძელო

ავტორი: ბექა მინდიაშვილი

 

ქრისტეს მოძღვრებამ აქ, საქართველოში, შინაგანი და გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, სიყვარულის, თავგანწირვის, თავისუფლების, შემწყნარებლობის, ჩაგრულის მხარდაჭერის, ქველმოქმედებისა და განათლებული რწმენის უნიკალური აქტებით შეისხა ხორცი;

ქრისტიანობა, ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ ტრადიციაში, ესაა მცხეთელი ებრაელების ოჯახს შეფარებული უცხოელი, კაპადოკიელი ქალის ტრიუმფი, რომელიც მკაცრად გმობს ქრისტეს სახელით რელიგიურ და პოლიტიკურ ძალადობას, ქრისტეს მოძღვრების ცეცხლითა და მახვილით გავრცელების შესაძლებლობას;

ქრისტიანობა - ესაა ქართული ანბანით წიგნის კითხვის, უნივერსალურ ღირებულებებზე დაფუძნებული, ორიგინალური სასულიერო და საერო პოეზიის, პროზის, ხუროთმოძღვრების, მხატვრობისა და მეცნიერების დასაბამი;

ესაა გენიალური ლიტერატურული ტრადიცია, რომელსაც მოძალადე ქმრის მიერ მტკიცე რწმენის გამო დევნილი და ნაწამები სომეხი ცოლის განდიდებით ეყრება საფუძველი;

ესაა ვახტანგ გორგასლის მიერ წამოწყებული იმპერიული, ინსტრუმენტალური რელიგიისადმი დაუმორჩილებლობა და ქართულად ამეტყველებული ქრისტიანობისთვის გზებისა და ალაგების მოსწორებაზე მუდმივი ზრუნვა;

ესაა წამებული აბო და მერყევი, შეშინებული ქართველების შესაგონებლად, სიმტკიცის მაგალითად, პოლიტიკური და კულტურული ორიენტაციის შესახსენებლად ეკლესიის მიერ სწორედ ამ არაბი კაცის წარმოჩენა;

ესაა ასურეთიდან გამოხიზნული ბერების მიღება, მათი მხნეობა, ენერგია, ადგილობრივ ყოფით და რელიგიურ ცრურწმენებთან დაუღალავი, ფათერაკებითა და ხიფათებით სავსე ბრძოლა და ამავდროულად, ესაა ამ დიდი ასკეტების მიერ შექმნილი სამონასტრო ჰარმონიის - ადამიანის, ფლორისა და ფაუნისადმი სიყვარულის სამყარო;

ესაა მღვდელმთავარ ლეონტი მროველის მიერ შექმნილი დიდი საისტორიო ნარატივი, რომლის საფუძველში კავკასიელ ერთა ძმობის, განსხვავებულთა ერთად ყოფნის სიკეთისა და ძალის გაგება ძევს - "მშვიდობით შეკრბეს ერთად ქართველნი, სომეხნი და ოვსნი“;

ესაა გრიგოლ ხანძთელის "საგმირო ეპოსი," შინაგანი და გარე უდაბურების ინტენსიური ქალაქყოფა, იმპერიათა გზაგასაყარზე საქართველოს იდენტიფიკაცია, პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების მანკიერებებთან შეურიგებელი ბრძოლა, უძლურებაში წარმოუდგენელი ძალისა და ენერგიის დემონსტრირება; იერარქიის, აზნაურობისა და ქვეშევრდომობის კი არა, თავისუფალი მოქალაქეობის უპირატესობის აპოლოგია;

ესაა სამონასტრო ცენტრები მთელ მსოფლიოში და რომზე, დასავლეთზე ორიენტირებული ათონელი მამების ფასდაუდებელი რელიგიური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარული ღვაწლი; ადგილობრივი საკულტო სიმახინჯეების, საეკლესიო ფეტიშების, სიმდიდრისა და ფარისევლობის წინააღმდეგ გალაშქრება; ესაა სრულად თარგნილი ბიბლია და ბალავარიანიც - სიდჰარტა გაუტამა ბუდას ქართულ, ქრისტიანულ ენაზე ამეტყველება;

ქრისტიანობა დავით აღმაშენებლის რჯულშემწყნარებლობის, განსხვავებულის არამარტო აღიარების, არამედ აქტიური მხარდაჭერის პოლიტიკა და ყოვლისმომცველი სინანულის გამბედაობაა;

ესაა დოგმატურ ჩარჩოებში ჩაკეტილი იმპერიიდან დევნილი იოანე პეტრიწი და აქ, ქუთაისის მახლობლად მისი თავისუფალი, თეოლოგიურ - ფილოსოფიური იდეების გასაშლელად გახსნილი სივრცე; ესაა გელათისა და იყალთოს აკადემიების, მეცნიერებისა და თეოლოგიის ერთ, თანასწორ სიბრტყეზე პრეზენტაციის მუდმივი მცდელობა - ახალი ათონი და ახალი იერუსალემი;

ქრისტიანობა რუის-ურბნისის დიდი საეკლესიო რეფორმაა, დაუნდობელი მხილება და წმენდა ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბავაზაკობის, სიბნელის, კორუფციის, ძალაუფლებისმოყვარებისა და ავხორცობისა; ესაა მარადიული გაფრთხილებაც იმათთვის, ვინც ქრისტეს სახლის მიტაცებას და სავაჭრო დახლად გადაქცევას ცდილობს;

ქრისტიანობა საქართველოში - ესაა თამარის, როგორც ქალის სამეფო პატივისა და თანასწორობის აღიარება, ქალის როლისა და მნიშვნელობის თეოლოგიური დასაბუთება. ესაა თვითონ თამარ მეფის სახარებისეული მორალი, ჰუმანურობა და ქართველი ქალების საუცხოო დიპლომატია;

ესაა ცენზურისგან თავისუფალი კულტურული სივრცე, - რუსთაველის სილაღე და დიალოგურობა, რომლისთვისაც მრავალფეროვანი სამყაროს შემოქმედი, შეუმეცნებელი და გამოუთქმელი ღმერთი თავად ადამიანშია განდიდებული;

ამავდროულად, ქრისტიანობა ვეფხისტყაოსნის ფურცლებზე ნოვრუზ ბაირამის ზეიმი და მუსაფის ანუ ყურანის კითხვის შესაძლებლობაა, თავზეხელაღებული ფატმანისადმი სულგრძელება და არაბი, ინდოელი, ჩინელი გმირების თავგადასავლები; ესაა სპარსული ნოხივით ჭრელ ფაბულაში, როგორც სახარებისეული ვაჭრის მარგალიტში, ჩასმული საღვთო ტრფიალებისა და მსოფლიო მოქალაქეობის ქართული ვერსია;

ქრისტიანობა - ესაა დევნილი და ნაწამები მეფეების, დედოფლების, მთავრების, სასულიერო პირების, რიგითი მორწმუნეების ერთგულება მათსავით დამცირებული, შეურაცხყოფილი, დევნილი, ჯვარცმული ღმერთისადმი; ესაა თავდადება მამულისა და მოქალაქეების დასაცავად;

ესაა კოლაფსის, - ერთიანი სახელმწიფოს დაშლის პერიოდში, მართლმადიდებელი, კათოლიკე და სომეხთა ეკლესიების ურთიერთმხარდაჭერა, თანამშრომლობისა და მეგობრობის გზების მუდმივი ძიება, ქსენონები და უპოვართა თავშესაფრები, ერთობლივი დაცვა იმისა, რისი შენარჩუნებაც, დაპყრობის პირობებში, განსაკუთრებით აუცილებელია.

ქრისტიანობა სასტიკი ძალადობის პირისპირ ქეთევან დედოფლის უშიშრობა და მისი თავგანწირვით ზარდაცემული და აღფრთოვანებული კათოლიკე ბერებისა და სომეხი მემატიანეების მიერ აღვლენილი ქება-დიდებაა;

ესაა პატრიოტიზმის, ინტელექტუალობისა და კულტურული ღიაობის სანიმუშო მაგალითი - საბა სულხან ორბელიანი: მის მონუმენტურ პიროვნებაში შერწყმული მართლმადიდებელი ასკეტი ბერი, კათოლიკე სახელმწიფო მოღვაწე, ლინგვისტი მეცნიერი და აღმოსავლური ყაიდის მენტორი;

ქრისტიანობა - ესაა დავითიანში, ამ ერთ წიგნში თავმოყრილი ყოფა-ცხოვრება და სოციალური კულტურა, მორალი და პოლიტიკა, რელიგია და ეროტიკა, წუთისოფლის მშვენიერება და წარმავლობა, დრამა და გროტესკი; რეალისტური კვლევა უშუალოდ ადამიანსა და ქართლის თავს დატეხილი ჭირ-ვარამის მიზეზებისა, მწყემსი ქალ-ვაჟის უკანონო სიყვარულის იგავი, ჯვარცმული იესოს დატირება და ზუბოვკიდამ მომავალი ხალიანი მანდილოსნისადმი მიცემული მისტიკური ერთგულების პირობა;

ესაა სამშობლოდან ტყვედ გაყიდული ანთიმოზ ივერიელის ზრუნვა საქართველოში სტამბის დაარსებაზე და ეკლესიის მიერ ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი; შემდეგ, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, ესაა მართლმადიდებლურ-სომხურ-კათოლიკური სოლიდარობის აქტები, ამ ძალისხმევის გამწევი გამორჩეული მოღვაწეები ანტონ პირველი და ფილიპე ყაითმაზაშვილი;

ესაა კათოლიკეების ძალისხმევით დასტამბული პირველი ქართული წიგნი, პირველი გრამატიკა, ქართული ზღაპრების პირველი კრებული, სომეხთა ეკლესიის მხარდაჭერით გახსნილი პირველი სასულიერო სემინარია თბილისში; ესაა პადრე ნიკოლას ბრძნული რეკომენდაციები მიცემული სამეფო სახლისთვის რუსეთთან დამეგობრების დიდ საფრთხეებზე და ეპისკოპოს ავეტიქის საგანმანათლებლო მოღვაწეობა;

ქრისტიანობა - ესაა თბილისელი აშუღის, საიათნოვას სამენოვანი სიმღერა სამოთხის ბაღზე, უწამლო სიყვარულზე, ყარიბობასა და ვაჟკაცობაზე;

ქრისტიანობა - ესაა „ერთმორწმუნე“ იმპერიისადმი წინააღმდეგობა, - აჯანყებული არქიმანდრიტი ფილადელფოს კიკნაძე; საერო ცოდნისა და სახარებისეული მორალის შემრწყმელი, ქართული ენისა და კულტურის დამცველი, მუსლიმთა და ანგლიკანთა მეგობარი დიდი მღვდელმთავარის, გაბრიელ ქიქოძის "უბრალო" და უბადლო ქადაგება, რომელიც ვერ გუობს ბატონ-ყმობას, მონურ მორჩილებას, უპასუხისმგებლო რელიგიურობას.

ესაა ქართული სამხმიანი გალობის აღორძინება და მე-19 საუკუნის ეროვნულ მოძრაობაში, ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლაში კირიონისა და ლეონიდეს წინამძღვრობით ჩაბმული, ფაქტობრივად, მთელი სამღვდელოება, რომლიც იმდროინდელი, როგორც იტყვიან, „მოწინავე ევროპული“ იდეებით იყო შეიარაღებული.

ესაა თერგდალეულების სწორედ ქრისტიანული ლიბერალიზმი, - ტრადიციასთან შერწყმული პიროვნული და რელიგიური თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის იდეებისა და წერა-კითხვის გავრცელება; კუთხურობასა და ანტისემიტიზმთან დაპირისპირება; მანკიერებათა უშეღავათო მხილება, კაი ყმის ვაჟა-ფშავალასეული პირობები.

ესაა ქართველი მუსლიმებისადმი მთელი ინტელექტუალებისა და ქართველი სასულიერო პირების მხრიდან გამოვლენილი უპრეცედენტო თანადგომა; - რად ღირს თუნდაც ილიას მხარდაჭერით ქართულად თარგმნილი ყურანი ან ქართველი მუსლიმის დღის დაწესება;

ქრისტიანობა - ესაა ოდესაში ებრაელთა პოგრომის დროს, მათ დასაცავად გადამდგარი და ჟანდარმის ტყვიით მოკლული ალექსანდრე კლდიაშვილი; ესაა დიდი კათოლიკე მღვდელი და მეცნიერი მიხეილ თამარაშვილი, რომელმაც სანტამარინელას სანაპიროზე ზღვაში შეცურა, - საკუთარი სიცოცხლე გაწირა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

ესაა ხანმოკლე დამოუკიდებლობისა და შემდეგ ოკუპაციური რეჟიმისადმი წინააღმდეგობის პერიოდის, 1918 - 1927 წლების ანტირუსული და ანტიკომუნისტური, სახარებაზე, დასავლეთზე, განათლებაზე, მასშტაბურ რეფორმებზე ორიენტირებული ეკლესია, რომელიც სახელმწიფოსგან გამიჯნვას ემხრობა და ოკუპანტებისგან იცავს თავისუფლებასა და სარწმუნოებას. ქრისტიანობა ესაა კათოლიკოს - პატრიარქი ამბროსი ხელაია.

ქრისტიანობა გრიგოლ ფერაძეა - სიძულვილთან, ძალადობასთან, უწიგნურობასთან მებრძოლი წმინდა ბერი და მეცნიერი, რომელიც მართლმადიდებელი, კათოლიკე და ევანგელური ეკლესიების გაერთიანებაზე ოცნებობს და სიცოცხლის ფასად, ნაცისტებისგან იცავს ებრაელებს, სხვის გადასარჩენად თვითონ შედის გაზის საკანში.

ქრისტიანობა - ესაა უამრავი ცნობილი თუ უცნობი მართლმადიდებლის, სომეხთა ეკლესიის აღმსარებლის, კათოლიკეს, პროტესტანტის ტოტალიტარულ სისტემასთან შეურიგებლობა, ბრძოლა ქრისტიანული ღირსებისა და ადამიანის თავისუფლების დასაცავად, ესაა მერაბ კოსტავა და მისი უკომპრომისო დისიდენტობა;

ქრისტიანობა - ესაა გურამ რჩეულიშვილის თავისუფლებითა და სიყვარულით სავსე გული, მისი პროტესტი უსახურობის, გულგრილობის, სიყალბის წინააღმდეგ, მისი მცდელობა ალავერდის გუმბათისკენ შეატრიალებინოს ცარიელი თავები დროსტარებასა და ქეიფში ჩაფლულ საბჭოთა ადამიანებს, მისი ზღვაში შესვლა რუსი გოგოს გადასარჩენად.

ქრისტიანობა ესაა ექიმი იოსებ ჟორდანია და რიო დე ჟანეიროს თავზე, თვითმფრინავში უცხო ბავშვისთვის გაწვდილი საკუთარი, ერთადერთი მაშველი რგოლი.

ქრისტიანობა - ესაა ნებისმიერი მოწყალე, მიმტევებელი, მშვიდობისმყოფელი, სიმართლისთვის დევნილი, უცხოს მიმღები, ჩაგრულს გამოქომაგებული, თავისუფლების პატივისმცემელი, პატიოსანი მორწუნე და ქრისტიანობა - ესაა უნიღბოდ ცხოვრების ვაჟკაცობა;

ესაა კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით ებრაელი ნისან ბაბალიკაშვილის, ბაპტისტი მალხაზ სონღულაშვილისა და მართლმადიდებელი ზურაბ კიკნაძის მიერ ერთობლივად თარგმნილი მთელი საღვთო წერილი - ბიბლია, რომელიც დღეს, წესით და რიგით, ყველა ქრისტიანის ოჯახს უნდა ამშვენებდეს. ოღონდ, ქრისტიანობა ბიბლიის კითხვა, გააზრება, ცხოვრებაა ბიბლიით და არა კოცნა და თაყვანისცემა;

ქრისტიანობა - ესაა მაცხოვრის მიერ დადგენილი ხსნის პირობა: ის, ვინც შეურაცხყოფს ადამიანს, ამავდროულად შეურაცხყოფს ღმერთს, ის, ვინც დევნის განსხვავებულს, ამავდროულად დევნის ღმერთს, ის, ვინც ხელს არ უმართავს გაჭირვებაში ჩავარდნილს, ამავდროულად ხელს არ უწვდის ღმერთს, ის, ვინც არ იღებს უცხოს, კარს უკეტავს სამყაროს შემოქმედს, ხოლო ის, ვინც მიუტევებს, - მიეტევება!

ქრისიტიანობა - ესაა მარადიული საიდუმლო, რომელშიც განკაცებული ღმერთი მუხლს იდრეკს ცოდვილი ადამიანის წინაშე, რათა მას თავისი უწმიდესი ხელებით დაბანოს ფეხი, ძალადობაზე უარს ათქმევინებს პეტრე მოციქულს - ჩამოთლილ ყურს აღუდგენს მომხვდურს და ჯვარზე ადის ადამიანის პირისპირ, რათა გაგვიმხილოს, რომ კეისრის, სინედრიონის, პუტინის, დუგინისა და რუსული საგარეო დაზვერვის შეფის, პრიმაკოვის სახელობის მორალისტობა, ჯაშუშობა, ძალადობით, გინებით, ტაბურეტებით მართლმადიდებლობისა და ქართველობის „დაცვა“, სინამდვილეში, ქრიტეს კი არა, ანტიქრისტეს თაყვანისცემაა, რადგან ღმერთი სიყვარული არს!

 

 

გამოქვეყნდა ტაბულაში