პოლიტიკურ პარტიათა ხედვა საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე

14-21 სექტემბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამართა რელიგიური გაერთიანებების შეხვედრათა ციკლი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ხუთ პოლიტიკურ პარტიასთან: ქართული ოცნება (თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (სერგი კაპანაძე, გიორგი ტუღუში, სერგო რატიანი), თავისუფალი დემოკრატები (ირაკლი ალასანია, მიხეილ ავაქიანი, ბენიამინ კასიმოვი), საქართველოს რესპუბლიკური პარტია (თამარ კორძაია და დავით ზურაბიშვილი) და პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის/ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ (იაგო ხვიჩია, ტორესა მოსი და ვახტანგ მეგრელიშვილი). რელიგიური გაერთიანებები პარტიებს ცალ-ცალკე შეხვდნენ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რელიგიურ გაერთიანებებს გააცნეს საკუთარი ხედვა საქართველოში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

შეხვედრები გაიმართა USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ მხარდაჭერით.

პოლიტიკურ პარტიათა მოსაზრებები შეხვედრებზე დასმულ იმ ძირითად პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებსაც რელიგიური უმცირესობები საქართველოში აწყდებიან

 

სახელმწიფოს რეაგირება სამართალდარღვევებზე

რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვის ზრდა და სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირება დანაშაულებზე. ხშირ შემთხვევაში გამოძიება არ იწყება შესაბამისი მუხლებით, რომლებიც რელიგიური სიძულვილის მოტივს ასახავს, დროში ჭიანურდება, ან სამართლებრივი შედეგი არ მოსდევს. პარტიის აზრით, რა არის აღნიშნული პრობლემის მიზეზი, და როგორ ხედავს პარტია პრობლემის მოგვარების გზებს? სახელმწიფოს რეაგირება სამართალდარღვევებზე

ქართული ოცნება

აღნიშნულ საკითხზე პარტიის წარმომადგენლებს შეფასება არ გაუკეთებიათ. მათ განაცხადეს, რომ პრობლემების მოსმენა სურდათ რელიგიური გაერთიანებებისგან. პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს რელიგიურ გაერთიანებებთან თანამშრომლობის აუცილებლობას და მათი მხრიდან ღიაობას დიალოგისა და სამომავლო მუშაობისთვის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარტიამ უარყოფითად შეაფასა რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირება. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პოლიტიკური ნების არარსებობაა. ასეთ დანაშაულებთან მიმართებით არ ხდება კანონმდებლობის აღსულება. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, სადაც 53-ე მუხლის მე-3 (1) ნაწილში დამამძიმებელ გარემოებად არის მითითებული ძალადობა რელიგიური და სხვა ნიშნებით, არცერთხელ აღნიშნული მუხლი სასამართლოს მიერ არ გამოყენებულა. პარტიის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული მკაცრად დაისჯება. სისხლის სამართლის სანქციების გამოყენება არ არის ერთადეთი საშუალება დანაშაულის აღსაკვეთად, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ეს აუცილებელია. პარტიის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანეს შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ ტელეკომპანია კავკასიაში შევარდნილი ექსტრემისტთა ჯგუფი დასაჯა (ისინი პოლიტპატიმრების სტატუსით გამოუშვა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ). მათი სანქცირების შემდეგ მკვეთრად იკლო ძალადობის ფაქტებმა. პარტიის აზრით, ასევე აუცილებელია, ECRI-ს რეკომენდაციების შესრულება და პოლიციაში სპეციალური სტრუქტურის შექმნა, რომელიც უშუალოდ ამ ტიპის დანაშაულის პრევენციასა და გამოძიებაზე იმუშავებს, ასევე დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი ცოდნის მქონე პოლიციელებით.

თავისუფალი დემოკრატები

პარტიამ აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე.

რესპუბლიკური პარტია

პარტიის თქმით, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას სამართალდამცავები არ არიან მიუკერძოებელი, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა არ ხდება.

ბურჭულაძის ბლოკი / გირჩი

პარტიის აზრით, ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებაზე სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს სამართლიანი და ადეკვატური. რელიგიური ან სხვა მოტივის ცალკე გამოკვეთა საჭირო არ არის. ვინაიდან ადამიანები რელიგიური კუთვნილების მიუხედავად თანასწორები არიან, ამ მხრივ, სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლებიც არ უნდა არსებობდეს. სიძულვილის მოტივი შეიძლება იყოს მხოლოდ დამამძიმებელი გარემოება. პარტიის აზრით, მთავარი პრობლემა არა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, არამედ კანონის აღსულებაა, რისთვისაც უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

როგორ აფასებს პარტია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებასა და მუშაობას?

ქართული ოცნება

პარტიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სააგენტოს დაფუძნება და მისი საქმიანობის ერთ-ერთ პოზიტიურ მაგალითად დაასახელეს რელიგიური გაერთიანებებისთვის მათ სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემა. პარტიის თქმით, სააგენტოს შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივი რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის ფორმის შეცვლა იყო, რადგან ადრე სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებთან უსაფრთხოების სამსახურების მეშვეობით ურთიერთობდა. პარტიის თქმით, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში დაწვრილებით არის გაწერილი სააგენტოს მიერ განსახორციელებელი აქტივობები და ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება. თუკი რელიგიურ გაერთიანებებს კრიტიკული მოსაზრებები აქვთ სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მომავალში ამ საკითხს მათთან ერთად განიხილავენ. პარტიამ ამ ეტაპზე არ იცის, რა ფორმით გააგრძელებს სააგენტო მუშაობას და შეიძლება დადგეს თუ არა დღის წესრიგში მისი გაუქმების საკითხი.(შენიშვნა: რელიგიურმა გაერთიანებებმა გააკრიტიკეს სააგენტოს დაფუძნება და მისი მუშაობა)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარტიის წარმომადგენლების თქმით, სააგენტო უნდა გაუქმდეს, რადგან აღნიშნული სტრუქტურა დამატებითი ბიოროკრატიული აპარატია, რომლის პრიორიტეტი არ არის ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების დაცვა. პარტიის აზრით, სააგენტო ხელს არ უწყობს რელიგიური უმცირესობების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არ ეხმარება მათ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში. პარტიამ უარყოფითად შეაფასა სააგენტოს მიერ მომზადებული რელიგიური პოლიტიკის სტრატეგია, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკის შემდეგ საბოლოოდ გააუქმდა. პარტიის აზრით, სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის დიალოგი გაცილებით უფრო ეფექტური პლატფორმების საშუალებით არის შესაძლებელი, რომელთაგან ერთ-ერთი სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოა.

თავისუფალი დემოკრატები

პარტია აღნიშნული სააგენტოს საქმიანობას არ იცნობს და შესაბამისად თავს იკავებს შეფასებისგან. თუმცა ზოგადი მოსაზრებით, ასეთ სტრუქტურებს სახელმწიფო ყოველთვის საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის გამოიყენებს.

რესპუბლიკური პარტია

პარტიამ დადებითაც შეაფასა სააგენტოს შექმნის იდეა და თავდაპირველი მოტივაცია, რომელიც უთანასწორობის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. პარტიის თქმით, მთავარ პრობლემას სააგენტოს თანამშრომლებისა და ხელმძღვანელის საბჭოთა შეხედულებები და ღირებულებები ქმნის. თუკი სხვა ადამიანები იქნებიან იგივე პოზიციებზე, შეიძლება სააგენტომ დადებითი როლი შეასრულოს. დღევანდელი გარემოებების გათვალისწინებით, მომავალში სააგენტო დროებით ორგანოდ შეიძლება არსებობდეს, თუ მაგალითად, დათვლის საბჭოთა პერიოდში მიყენებულ ზიანს და განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობასა და კრიტერიუმებს, სხვა შემთხვევაში იგი უნდა გაუქმდეს.

ბურჭულაძის ბლოკი / გირჩი

პარტიის აზრით, სააგენტო უნდა გაუქმდეს, რადგან შეუძლებელია მსგავსი დებულებისა და მიზნების მქონე სახელმწიფო სტრუქტურა იყოს თანასწორობის გარანტი. პარტიის თქმით, სამთავრობო დადგენილება, რომლის თანახმადაც დაფუძნდა სააგენტო, სამართლებრივად აბსურდულ ჩანაწერებს შეიცავს და სააგენტოს მანდატს გაურკვეველს ხდის.

მუსლიმთა დევნა

როგორ აფასებს პარტია ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუსლიმების დევნის ფაქტებს, მათ გამომწვევ მიზეზებს და როგორ ესახება ისლამოფობიასთან ბრძოლის გზები?

ქართული ოცნება

ამ პრობლემის შესახებ რელიგიურმა გაერთიანებებმა რამდენიმე კითხვა დასვეს, თუმცა პარტიის წარმომადგენლებს არ უსაუბრიათ მუსლიმების დევნის ფაქტებზე და ამ კუთხით არც სახელმწიფოს პოლიტიკა გაუკრიტიკებიათ. ზოგადად აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიდგომა უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვა და ასეთ შემთხვევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარტიის წარმომადგენლების თქმით, მუსლიმების დევნამ ბოლო წლებში სისტემური ხასიათი მიიღო და მთავარი მიზეზი დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირება იყო. ასევე, ძალადობის წახალისებას ხელს უწყობდა მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული ქსენოფობიური განცხადებები. მუსლიმების დევნის შემთხვევებს შორის პარტიის წარმომადგენლებმა დაასახელეს ჭელაში მინარეთის მოხსნისა და ქობულეთის სკოლაზე ღორის თავის მიჭედების ფაქტები, რომლებიც "ჩვენი კულტურის შეურაცხყოფად" შეაფასეს. მათი თქმით, ასეთ დანაშაულებზე სახელმწიფო მკაცრად უნდა რეაგირებდეს.

თავისუფალი დემოკრატები

შენიშვნა: აღნიშნული საკითხი შეხვედრის დროს არ დასმულა. შეხვედრის შემდგომ, კითხვა გაიგზავნა პარტიასთან, თუმცა TDI-მ პასუხი ვერ მიიღო.

რესპუბლიკური პარტია

კონკრეტულად მუსლიმების დევნაზე პარტიას არ გაუმახვილებია ყურადღება. პარტიის წარმომადგენლების თქმით ზოგადად პრობლემურია მიუკერძოებელი გამოძიება და დისკრიმინაციის დადგენა.

ბურჭულაძის ბლოკი / გირჩი

პარტიას არ გამოუთქვამს თავისი პოზიცია კონკრეტულად მუსლიმი თემის დევნის პრობლემაზე

ბათუმში მეჩეთის მშენებლობა

რა პოზიცია აქვს პარტიას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმი თემისთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილ დაბრკოლებებზე? უნდა აშენდეს თუ არა ახალი მეჩეთი?

ქართული ოცნება

პარტიის წარმომადგენლებს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ..

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

არცერთ რელიგიურ გაერთიანებას და მათ შორის, მუსლიმ თემს,სახელმწიფო არ უნდა უქმნიდეს პრობლემებს რელიგიური და საკულტო ნაგებობების მშენებლობაში იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

თავისუფალი დემოკრატები

პარტია ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა მათი პოზიციაა, რომ თუ ადგილობრივ თემში არსებობს მეჩეთის აშენების საჭიროება,მაშინ სახელმწიფომ ეს უნდა უზრუნველყოს: გამოყოს მიწა და აშენდეს სალოცავი.

რესპუბლიკური პარტია

პარტიის წარმომადგენლების თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საჭიროებასა და სახელმწიფოს მიერ ამ საკითხისადმი დამოკიდებულების შესახებ. თუმცა, თუ არსებობს მრევლის მოთხოვნა მეჩეთის აშენებაზე, სახელმწიფომ ამას ხელი არ უნდა შეუშალოს.

ბურჭულაძის ბლოკი / გირჩი

პარტიის თქმით, სახელმწიფო არ უნდა გადასცემდეს მიწას უფასოდ არცერთ რელიგიურ გაერთიანებას. შენობის აგებისას არავის არ უნდა შეექმნას პრობლემა ნაგებობის დანიშნულების გამო. კონკრეტულად მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ რეგიონებში მშენებლობების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელსაც ირჩევს ხალხი,ამიტომ უმცირესობების წარმომადგენლები უნდა იყვნენ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები, რომელთა ხმების დაკარგვისაც შეეშინდება ხელისუფლებას და ასეთი პრობლემები აღარ შეიქმნება.

რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება

რა პოზოცია აქვს პარტიას რელიგიური ორგანიზაცების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით?

ქართული ოცნება

პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარტიის ზოგადი ხედვაა, რომ რელიგიური ორგანიზაციები ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ. დაფინანსების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული რესტიტუციის პრინციპზე.

თავისუფალი დემოკრატები

პარტიის თქმით, სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეუწყდეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას. ისინი უნდა არსებობდნენ საკუთარი მრევლის შემოწირულობებით. ამ ცვლილების განხორციელება სწრაფად ვერ მოხდება, მაგრამ სამომავლოდ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. პარტიის თქმით, დღეს ეკლესია არის ძალაუფლების სტრუქტურა. სახელმწიფო საზოგადოებრივ ფულს აძლევს რელიგიურ ინსტიტუტს, რომელიც ამ რესურსს გავლენის მოპოვებისთვის იყენებს.

რესპუბლიკური პარტია

სახელწმიფო არ უნდა აფინანსებდეს რელიგიურ ორგანიზაციებს. დღევანდელი დაფინანსების პრაქტიკა ფორმალურად არის კომპენსაცია, თუმცა რეალურად სუბსიდირების ფორმაა, რომელიც ეკლესიის კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურება.

ბურჭულაძის ბლოკი / გირჩი

პარტიის თქმით, სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ყველა რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსება. შესაძლოა,დაწესდეს ნებაყოფლობითი გადასახადი.

საბჭოთა დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება

რა პოზიცია აქვს პარტიას რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციასთან დაკავშირებით?

ქართული ოცნება

პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს რომ მათ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარტიის თქმით, საბჭოთა პერიოდის დროს რელიგიურ გაერთიანებებს მიადგათ ზიანი და სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშავოს გარკვეული გეგმა ზიანის ასანაზღაურებლად. პარტიის აზრით, რელიგიურ გაერთიანებათა იერარქიზაცია და დაყოფა არატრადიციულ და ტრადიციულ მიმდინარეობებად არის მიუღებელი. თუკი თანხა გამოიყოფა ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის, მაშინ დანარჩენ რელიგიურ ორგანიზაციებსაც უნდა აუნაზღაურდეთ ზიანი. პარტია აპირებს ამ მიმართულებით მუშაობას.

თავისუფალი დემოკრატები

პარტიის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ხელისუფლებამ დაფინანსება გამოუყო ოთხ რელიგიურ გაერთიანებას, რაც გარკვეულწილად უთანასწორობის აღმოფხვრისთვის გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა.

რესპუბლიკური პარტია

პარტიის თქმით, საჭიროა, რომ სახელმწიფომ დაითვალოს კომპენსაციის ოდენობა და განსაზღვროს გადახდის ვადა. ზიანი მიადგა არა მხოლოდ მართმადიდებელ ეკლესიას, არამედ დანარჩენ რელიგიურ გაერთიანებებსაც, ამიტომ ზიანი ყველასთვის უნდა იყოს დათვლილი და თანაბრად ანაზღაურებული.

ბურჭულაძის ბლოკი / გირჩი

პარტიის თქმით, სახელმწიფოს არ აქვს დათვლილი რა ოდენობის ზიანი მიადგა კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობას, არც არავის უცდია ამის დათვლა, საბჭოთა პერიოდში ზიანი მიადგა არა მხოლოდ რელიგიურ ჯგუფებს არამედ მთლიან მოსახლეობას. პარტიის თქმით, ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, საუბარი ზიანის ანაზღაურების შესახებ არადამაჯერებელია და პოლიტიკური პოპულიზმის ხასიათს ატარებს.

ჩამორთმეული ქონების დაბრუნება

რა პოზიცია აქვს პარტიას რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების (მათ შორის, ე.წ "სადავო საკულტო ნაგებობების") დაბრუნებასთან დაკავშირებით ? ჩამორთმეული ქონების ძირითადი ნაწილი არის სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა, კათოლიკე ეკლესიის საკულტო ნაგებობებს ამჟამად საკუთრების უფლებით ფლობს მართლმადიდებელი ეკლესია.

ქართული ოცნება

პარტიას ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარტიის წარმომადგენლების თქმით, რელიგიურ გაერთიანებებს უნდა დაუბრუნდეთ ჩამორთმეული ქონება. საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს იმ ქონების დაბრუნება, რომელიც არ არის სადავო და დაჩქარდეს იმ ქონების სტატუსის გარკვევა, რომელზეც დაობენ სხვა რელიგიური გაერთიანებები ან მეპატრონეები. ზოგადად, სახელმწიფომ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს ამ საკითხებზე, ან იყოს ერთგვარი არბიტრი.

თავისუფალი დემოკრატები

პარტია ქონების რესტიტუციის საკითხს კარგად არ იცნობს. სამომავლო გეგმას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ყველა კულტურული და ისტორიული შენობა-ნაგებობის დაცვა და კონსერვაცია.

რესპუბლიკური პარტია

პარტიის აზრით, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს სამართლებრივ სიბრტყეში. რელიგიურ გაერთიანებებს შორის ქონებაზე დავები უნდა გადაიჭრას სასამართლოს საშუალებით. ასეთი საქმეები უნდა შეფასდეს მიუკერძოებლად, რისთვისაც საჭიროა პოლიტიკური ნება.

ბურჭულაძის ბლოკი / გირჩი

პარტიის თქმით, რიგ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება და ქონების დაბრუნება ვერ მოხერხდება ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი სამართლებრივი კავშირის დადგენის სირთულე ან შეუძლებლობაა. პარტიის აზრით, ამ საკითხს არ უნდა წყვეტდეს მთავრობა, ან რომელიმე სამთავრობო კომისია. სადავო ქონების მიკუთვნებულობის საკითხს უნდა განიხილავდეს მხოლოდ სასამართლო. თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას კათოლიკური ეკლესიების პრობლემა, რომლებიც უკვე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია, ამ კითხვაზე პარტიას პასუხი არ აქვს. რაც შეეხება საპატრიარქოს გავლენას და ამის გამო სასამართლო დავების მის სასარგებლოდ გადაწყვეტას, პარტიის აზრით, ამისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერება.

რელიგიური ნეიტრალობა საჯარო სკოლებში

როგორ აფასებს პარტია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობის დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს?

ქართული ოცნება

პარტიის წარმომდგენლების თქმით, განათლების სისტემის რეფორმა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სასწავლო დაწესებულებებში უნდა ხდებოდეს "ზოგადი განათლების შესახებ კანონის" დაცვა და არსებობდეს შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმი, რომლითაც მოხდება შემთხვევების იდენტიფიცრება და მათზე რეაგირება. პარტიის თქმით, მათ სურთ უახლოეს მომავალში შეხვდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზებზე ისაუბრონ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარტიის თქმით, საჯარო სკოლა უნდა იყოს რელიგიურად ნეიტრალური სივრცე, "ზოგადი განათლების შესახებ" კანონი მკაცრად უნდა სრულდებოდეს და უნდა იყოს აკრძალული განსხვავებული რელიგიის ან შეხედულებების მქონე მოსწავლეების დისკრიმინაცია. პარტიის თქმით, აღნიშნული პრობლემა უნდა მოგვარდეს ორი ძირითადი გზით: 1. დისკრიმინაციისა და რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის ფაქტებზე ეფექტური რეაგირება (მონიტორინგის მექანიზმის გამოყენების საშუალებით); 2. მასწავლებლების გადამზადება. თუმცა, პარტიის თქმით, რეფორმების განსახორციელებლად საჭიროა პოლიტიკური ნება.

თავისუფალი დემოკრატები

შენიშვნა: აღნიშნული საკითხი შეხვედრის დროს არ დასმულა. შეხვედრის შემდგომ, კითხვა გაიგზავნა პარტიასთან, თუმცა TDI-მ პასუხი ვერ მიიღო.

რესპუბლიკური პარტია

პარტია აღიარებს,რომ სკოლაში არსებობს რელიგიური ინდოქტრინაციის პრობლემა და მოწყობილია სალოცავი კუთხეები. პარტიის აზრით, სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ ზოგადი განათლების სისტემაში და სკოლის გარემო სეკულარული უნდა იყოს. პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ მექანიზმებზე პარტიას არ უსაუბრია.

ბურჭულაძის ბლოკი / გირჩი

პარტიის აზრით, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევა პრობლემას წარმოადგენს და მისი გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა განათლების სისტემის პრივატიზაციაა - მაქსიმალურად უნდა შემცირდეს საჯარო სკოლების რაოდენობა; უნდა არსებობდეს ბევრი კერძო სკოლა, მათ შორის რელიგიური სკოლებიც. მშობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს თუ რომელ სკოლაში შეიყვანოს შვილი იმ ღირებულებების გათვალისწინებით რომლებსაც იქ ასწავლიან. სხვა მხრივ, ინდოქტრინაციის პრობლემის მოგვარება შეუძლებლია.

რელიგიური ნეიტრალობა საჯარო სამსახურში

როგორ აფასებს პარტია საჯარო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობის დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს?

ქართული ოცნება

პარტიის წარმომადგენელთა თქმით, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ამ საკითხს დაუთმობენ. დაგეგმილია განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა,საჯარო მოხელეთა ეთიკის არსებულ წესებში ცვლილებების შეტანა, სპეციალური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ჩატარება და გადამზადება. პარტიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დადებით როლს საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარტიის თქმით, საჯარო დაწესებულებებში და ზოგადად, საჯარო მოხელეების მხრიდან რელიგიური ნეიტრალობა დაცული უნდა იყოს. მათი თქმით, განსაკუთრებით ხშირია რიგ საჯარო დაწესებულებებში რელიგიური სიმბოლიკის განთავსება. ასევე, ბოლო პერიოდში გახშირდა რელიგიური უმცირესობებისთვის რელიგიურ ნაგებობებზე სამშენებლო ნებართვების გაცემაზე დაბრკოლებების შექმნა, რაშიც უშუალოდ მონაწილეობენ საჯარო მოხელეები. ასევე ხშირი იყო, განსაკუთრებით რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ სხვადასხვა კონფლიქტში, სადაც ისინი დომინანტი ჯგუფის მხარეს იჭერდნენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელეები ქსენოფობიური გამონათქვამებით ცალსახად ავლენენ საკუთარ მიკერძოებულობას.

თავისუფალი დემოკრატები

პარტიის პოზიციით საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალობის დაცვის პრობლემა არსებობს და იგი გამოწვეულია ამ სფეროში განათლების ნაკლებობითა და საჯარო სამსახურის რეფორმის არაეფექტური განხორციელებით. საჭიროა საჯარო მოხელეებისთვის რელიგიის თავისუფლებისა და მულტიკულტურალიზმის კუთხით ცნობიერების ამაღლება.

რესპუბლიკური პარტია

პარტიის თქმით, ევროპის სასამართლო პრაქტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო დაწესებულებები უნდა იყვნენ ნეიტრალურები და მათი საქმიანობით მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ან განხორციელებული ქმედება მოტივირებული იყო რელიგიური ნიშნით, ანუ რელიგიური უთანასწორობით. პარტიის თქმით, ეს არის სეკულარული სახელმწიფოს სტანდარტი.

ბურჭულაძის ბლოკი / გირჩი

პარტიის თქმით, საქართველოს კანონი, საჯარო სამსახურის შესახებ ამბობს, რომ ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე რაც მოიცავს რელიგიის ან რწმენის მიუხედავად თანასწორობასაც. პარტიის აზრით, წარმოუდგენელია, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს იმ ,,მიზანშეწონილობის" დასაბუთება,რომელიც საჯარო სამსახურში ნეიტრალურობის დაცვის პრინციპის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

საკულტო ნაგებობების მშენებლობა

როგორ აფასებს პარტია რელიგიური გაერთიანებებისთვის საკულტო ნაგებობების მშენებლობებისას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბარიერების შექმნას და როგორ ხედავს პრობლემის გადაჭრის გზებს?

ქართული ოცნება

პარტიის წარმომადგენლებმა დასმულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოთქვეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარტიის წარმომადგენლების თქმით, საკულტო ნაგებობების მშენებლობის კუთხით სახელმწიფო არ უნდა უქმნიდეს დაბრკოლებას არცერთ რელიგიურ თემს.

თავისუფალი დემოკრატები

პარტიას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე.

რესპუბლიკური პარტია

პარტიამ აღნიშნა, რომ თუ მრევლს აქვს საკულტო ნაგებობების აშენების საჭიროება, მას უნდა მიეცეს მშენებლობის საშუალება. რელიგიური გაერთიანებებისთვის საკულტო ნაგებობების ხელისშეშლის კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენლებმა მოიყვანეს სასამართლოში უკვე არსებული პრეცედენტი, როდესაც კათოლიკე ეკლესიამ მოიგო დავა სწორედ დისკრიმინაციის ნიშნით. მათი თქმით, პარტიის თქმით, აუცილებელია მსგავსი პრეცედენტების შექმნა.

ბურჭულაძის ბლოკი / გირჩი

პარტიის აზრით, სახელმწიფო მშენებლობის ნებართვას არ უნდა გასცემდეს არცერთ ნაგებობაზე, მათ შორის, საკულტო დანიშნულების შენობებზე. ქონების გადაცემასა თუ მიყიდვაზე. ასევე, თუ როგორი ნაგებობის მშენებლობაა დასაშვები, ამაზე უნდა თანხმდებოდნენ კერძო მესაკუთრეები, ანუ ნებისმიერი შენობა-ნაგებობის მშენებლობა უნდა იყოს შეთანხმებული მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისაც უშუალოდ ეხებათ მშენებლობა, მაგალითად, მიმდებარე ნაკვეთების მესაკუთრეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გაცემისას ყოველთვის იქნება შერჩევითი მიდგომების პრობლემა.