რა უნდა ვიცოდეთ თანამოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ

ავტორები: ოქტაი ქაზუმოვი, ფილოლოგი, მთარგმნელი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;  გიორგი სორდია, მკვლევარი, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის (CSEM) ხელმძღვანელი

მათ ხშირად, „თათრებად“, მემწვანილეებად“, ზოგჯერ „ურჯულოებადაც“ მოვიხსენიებთ. არსებობს ბევრი სტერეოტიპი თუ როგორ გამოიყურებიან ან რას საქმიანობენ. მათ კი სურთ, უმრავლესობის მიერ აღიქმებოდნენ საზოგადოების თანასწორუფლებიან წევრებად და არა სტუმრებად ან უცხოტომელებად.

რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ?

აზერბაიჯანელების[1] მოკლე ისტორია საქართველოში და იდენტობის საკითხი

საქართველოსა და დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თუ ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ თურქულენოვან სამეფო - სახანო-საათაბაგოებს შორის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ყოველთვის არსებობდა, რაც არაიშვითად ნათესაურ კავშირებამდეც მიდიოდა. მაგალითად, დავით აღმაშენებლის ასული თამარი შირვანშაჰს[2] ჰყავდა ცოლად და სწორედ ამიტომ იყო, რომ მეფე დემეტრე პირველის გარდაცვალება შირვანშაჰთა სამეფო კარის პოეტმა - ფოლაქი შირვანელმა საგანგებოდ სამგლოვიარო ლექსით - მარსიით დაიტირა. გარდა ამისა, ქართველმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ თავის ნაშრომში „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ მიუთითა, რომ ლიტერატურული რენესანსი ჩაისახა შირვანში და სწორედ აქედან შეითვისა საქართველომ ირანულ-არაბული კულტურის მოწინავე იდეოლოგია.

რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, მათი წინაპრები უკვე ქართულ ეკონომიკურ და შემდგომში პოლიტიკურ სარბიელზე აქტიურად ჩნდებიან შედარებით მოგვიანებით. ამ საკითხის შესახებ უწყვეტი ცნობები მეფე ერეკლე მეორის ხანას ემთხვევა (მანამდე გვაქვს ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალი“, რითაც მეფე მათი ინტეგრაციისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნას ცდილობდა). ჩანს, რომ ერეკლე მეორეს ქართლ-კახეთის სამეფოს სიძლიერისთვის და ბრძოლისუნარიანობის განსამტკიცებლად მათი გვერდში დგომა იმდენად სჭირდებოდა, რომ როცა ბორჩალოელები[3] აიყარნენ და ერევნის სახანოსა და ყარასუში გადავიდნენ, 1755 წელს მან ყველა უკან დააბრუნა. ასევე 1756 წელს უკან დააბრუნა სამცხეში საიალაღოდ დამდგარი ელები[4], რომლებიც ირანში მიდიოდნენ.

ასევე ცნობილია, როცა რამდენიმე ტომი ახალციხის საფაშოში გადასახლდა, ქართლ-კახეთის მეფე გიორგი მეთორმეტემ ხონთქართან იჩივლა და ისინი უკან დააბრუნა. ქართველი მეფეების ასეთი ძალისხმევა და ნაბიჯი ემოციური მოტივებით არ იყო ნაკარნახევი. მათ არმია სჭირდებოდათ და მართლაც, მეფე ერეკლეს ბორჩალოელებისაგან შემდგარი პირადი გვარდია ჰყავდა, რომელსაც ცნობილი ხუდია ბორჩალოელი მოთავეობდა. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობით, მეფის პირად დაცვაში 12 კაციდან ხუთი ან შვიდი, სწორედ ბორჩალოელი იყო. ბორჩალოელები მეფესთან ერთად, ძირითადად ლეკების წინააღმდეგ იბრძოდნენ და სხვა ლაშქრობებშიც ირიცხებოდნენ, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი მაინც ასპინძის ომი (1770წ.) და ამ ბრძოლაში გარდატეხის შემტანი - ხიდის გადახერხვის ოპერაციაში - ხუდია ბორჩალოელის მონაწილეობაა აღაბაბა ერისთავსა და სვიმონ მუხრან-ბატონთან ერთად. ბორჩალოელები ასევე იბრძოდნენ კრწანისის ომში (1795წ.). მოგვიანებით, დუშეთში მეფის დაცვის ოპერაციას ხევსურებთან ერთად 100-ზე მეტი ბორჩალოელიც შეეწირა.

ხშირად აზერბაიჯანელებს შეცდომით, უარყოფით კონტექსტში, „თათრებად“ მოიხსენიებენ ხოლმე. ეს იმიტომ რომ საქართველოში მონღოლ-თათრების შემოსევის შემდეგ, სიტყვა „თათარი“ მთლიანად თურქულენოვან ხალხთან ასოცირდებოდა. დღევანდელი აზერბაიჯანელების მიმართ ამ ტერმინის დამკვიდრებას ხელი რუსეთის იმპერიის კავკასიაში შემოსვლამ შეუწყო. ამიერკავკასიაში შემოსულებმა ენობრივი სიახლოვის გამო, აქაური თურქულენოვანი ხალხები „კავკასიელ თათრებად“ ან „კავკასიელ მუსლიმებად“ მოიხსენიეს, თუმცა თათრები თურქული მოდგმის ყივჩაღური შტოს წარმომადგენლები არიან და ოღუზ აზერბაიჯანელებთან ეთნიკურად ისეთი მიმართება აქვთ, როგორც მაგალითად, რუსებსა და სერბებს.

ამ სახელდებების პარალელურად, ყოველთვის არსებობდა „თურქის“ ანდა „კავკასიელი თურქის“, როგორც ეთნიკური თვითიდენტიფიკაციის ნარატივი. ამიტომაც 1918 წელს, როდესაც აზერბაიჯანის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, ეროვნებად მითითებული იყო „თურქი“. ამ დროს ოსმალეთის სახელწიფო ჯერ კიდევ არსებობდა(მოქალაქეობა „ოსმალოთი“), ათათურქმა კი რეფორმები მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაატარა. ეს ვითარება აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგაც (1920 წლიდან) გრძელდებოდა და შესაბამისად, აზერბაიჯანში მცხოვრებთა უმრავლესობის ეთნონიმი იყო „თურქი“. სტალინური რეჟიმის განმტკიცების შემდეგ და მას მერე, რაც თურქეთის რესპუბლიკაში ეროვნების აღმნიშვნელ ტერმინად „თურქი“ გამოიყენეს, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ეთნონიმი „თურქი“ შეცვალა „აზერბაიჯანელით“. შემდგომში ეს სიტყვა განივრცო საქართველოში მცხოვრებ თურქულენოვან მოსახლეობაზეც.

სტატისტიკური მონაცემები

აზერბაიჯანელები საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 233 024 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 6.3%-ია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმია. აქედან სავარაუდოდ, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 70% შიიტი, დანარჩენი კი სუნიტური ისლამის მიმდევარია. მცირე რაოდენობით სალაფიტი აზერბაიჯანელებიც გვხვდებიან.

რეგიონული განაწილების თვალსაზრისით, აზერბაიჯანელები საქართველოში ძირითადად ოთხ რეგიონში არიან წარმოდგენილი - ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, ასევე კომპაქტურ დასახლებებს ქმნიან თბილისში.

აზერბაიჯანელთა ყველაზე დიდი რაოდენობა გვხვდება ქვემო ქართლში, სადაც მათი პროცენტული მაჩვენებელი 41.75%-ს აღწევს. მუნიციპალიტეტების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვხვდება მარნეულში(83,77%). ასევე აღსანიშნავია დმანისი(65.46%), ბოლნისი(63.38%), გარდაბანი(43.53%), წალკა(6.98%) და თეთრიწყარო(7.33%).

 
ცნობილი აზერბაიჯანელები

რუსეთის მიერ ქართლ-კახეთისა და შემდგომში ამიერკავკასიის დაპყრობამ, ასევე მეფისნაცვლის თბილისში დაფუძნებამ, ეს ქალაქი ამიერკავკასიის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად აქცია. კავკასიელი ერების ინტელიგენცია, მათ შორის აწ უკვე ბაქოსა და ელიზავეტპოლის (იგივე განჯის) გუბერნიებიდან აზერბაიჯანელი მოაზროვნეებიც აქეთ გამოეშურნენ. მათგან ყველაზე ცნობილი ეს სამეულია: მირზა შაფი ვაზეჰი - პოეტი და განმანათლებელი, რომელმაც თბილისში გახსნა სალონი, სადაც საუბრობდნენ ფილოსოფიაზე, კულტურაზე, პოეზიაზე და ა.შ; აბასყული აღა ბაქიხანოვი - პოეტი, მთავარმართებლის თარჯიმანი და მეცნიერი. იგი არის ავტორი გეოგრაფიის, ფიზიკის, ისტორიის სახელმძღვანელოებისა და რომლის მიერ რუსულად შედგენილი სპარსული ენის გრამატიკა კარგა ხანს ისწავლებოდა თბილისის გიმნაზიაში; მირზა ფათალი ახუნდოვი - განმანათლებელი და „კავკასიის მოლიერად“ წოდებული პირველი დრამატურგი და მუსლიმურ აღმოსავლეთში კრიტიკული აზროვნების თაურმდგენი. იგი 1834 წელს ჩამოვიდა თბილისში და 1878 წელს თბილისშივე, საკუთარ სახლში აღესრულა (სადაც ახლა მისი სახელობის მუზეუმი და აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრია გახსნილი). დაკრძალულია დღევანდელ ბოტანიკურ ბაღში (იმხანად თბილისის მუსლიმთა ვრცელ სასაფლაოზე). მირზა ფათალი ახუნდოვის პიესა - „ლენქორანის ხანის ვეზირი“ თარგმნილია აკაკი წერეთლის მიერ და წლების განმავლობაში ქართულ სცენაზე აქტიურად იდგმებოდა. მირზა ფათალი ახუნდოვის დამსახურებაა ქ. გორის პედაგოგიურ სემინარიაში აზერბაიჯანულენოვანი განყოფილების გახსნა. სწორედ მირზა ფათალი ახუნდოვის გავლენა და მისი სკოლის გაგრძელებაა 1906 წელს თბილისში ჯალილ მამედ-ყულიზადესა[5] და ომარ ფაიკ ნემანზადეს[6] თაოსნობით სატირული ჟურნალის - „მოლა ნასრედინის“ დაარსება და გამოცემა. ამ ჟურნალმა მალე მოიპოვა საყოველთაო აღიარება და საქართველოს ფარგლებს გასცდა. რუსეთის ჟანდარმერიამ რამდენჯერმე დაარბია სტამბა და აკრძალა ჟურნალის გამოცემა. ამ ჟურნალში დაბეჭდილ ავტორთა თაობას შემდგომში „მოლა ნასრედინელთა თაობა“ ეწოდა.

თბილისში არის დაბადებული წარმოშობით სარვანელი (დღევანდელი მარნეული) აბდულა შაიგი 1881 წელს. იგი 6 კლასამდე თბილისის მუსლიმურ საერო სკოლაში სწავლობდა. იგი იყო პოეტი, მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, პედაგოგი და რაც მთავარია, აზერბაიჯანული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელი. 1901 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში. გარდაიცვალა აზერბაიჯანში 1959 წელს.

ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანი და მისაბაძი პოლიტიკური ფიგურა იყო ფარი ხანუმ სოფიევა. იგი 1918 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 34 წლისა დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს და გაიმარჯვა კიდეც. იგი მსოფლიოს პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალი იყო. დაიბადა ყარაიაზის(დღევანდელი გარდაბნის) სოფელ ყარაჯალაში. კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენლებმა იგი გააკულაკეს, დაუხვრიტეს ძმები, თვითონ 1953 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

მირზა ჰუსეინ ჰასანზადე - იგი საქართველოს მუსლიმთა ეროვნული საბჭოს წარდგენით 1918 წლის სექტემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოს 4 დეპუტატიდან ერთ-ერთი იყო. დაბადებულია 1880-იან წლებში. ორთაჭალაში მან ნარიმან ნარიმანოვთან ერთად დღეს უკვე მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის სკოლა გახსნა და მისი პირველი დირექტორიც თავადვე იყო. 1920 წელს „სახალხო მასწავლებლის“ წოდება მიანიჭეს. 1912 წელს მან გამოსცა სახელმძღვანელო, სახელწოდებით „თათრული ანბანი“. გარდაიცვალა 1947 წელს.

გადმოცემის თანახმად, ნოე ჟორდანიას ინიციატივით გმირობის ორდენით დაჯილდოვდა ალი - მეტსახელად „ჩოფურა“ - მარნეულის რაიონის სოფელ აშაღი სარალიდან(ქვემო სარალი). 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში ის მეტყვიაფრქვევე ყოფილა და რამდენჯერმე გამოუჩენია თავი მშობლიური მიდამოების დაცვისას. როგორც მაშინდელი ქართული პრესა იუწყება, ბორჩალოელებმა ამ ომში ორი ესკადრილია ჩამოაყალიბეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მოქმედებდნენ.

ბოლშევიკურმა პერიოდმა ნეგატიური როლი ითამაშა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ინტერაციის საქმეში. მათ ქვეყნის მართვაში ჩასართავად უკვე არავინ აგულიანებდა და შედეგად საქართველოში სკოლადამთავრებულები უმეტესად აზერბაიჯანში მიდიოდნენ უმაღლესი განათლების მისაღებად და სამუშაოდ. ამის გამო, აზერბაიჯანში, მარტო მეცნიერების სხვადასხვა დარგში 100-ზე მეტი ცნობილი პირია წარმოშობით საქართველოდან. ასევე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი პოლიტიკაში, ბიზნესსა და კულტურაში.

  • სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემა და აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფის  პოლიტიკური გამოწვევები

    მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ, მათი სამოქალაქო და პოლიტიკური  ჩართულობა დაბალია.

    ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ხელს უშლის აზერბაიჯანელებს სრულფასოვან სამოქალაქო მონაწილეობაში, არის სახელმწიფო ენის ფლობა. ბოლო წლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთინიკური უმცირესობების რიცხვი გაიზარდა. მაგალითად, 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 522-მა აბიტურიენტმა, 2016 წელს 660-მა აბიტურიენტმა, ხოლო 2017 წელს კი აზერბაიჯანულენოვანი ტესტების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 773-მდე გაიზარდა.

    ადგილობრივი აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლებში ქართული ენა სრულფასოვნად ჯერ კიდევ არ ისწავლება. ამავე დროს, სახელმწიფოს აქვს მეორე გამოწვევაც - ხელი შეუწყოს მშობლიური, აზერბაიჯანული ენის სწავლებას და მხარი დაუჭიროს ზოგადი განათლების მიღებას აზერბაიჯანულ ენაზე.

    განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2017-2018 სასწავლო წელს, საქართველოში სულ ფუნქციონირებს 82 აზერბაიჯანული და 29 ქართულ-აზერბაიჯანული, შერეული სექტორის სკოლა.

    მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეთნიკური აზერბაიჯანელების შეზღუდული პოლიტიკური თანამონაწილეობაა როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში. მაგალითად, ქვემო ქართლის რეგიონში ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემი მხოლოდ ფრაგმენტულად და არასრულფასოვნად ინაწილებს ადგილობრივ ხელისუფლებას. მაღალ თანამდებობებზე ძირითადად არააზერბაიჯანელები ინიშნებიან. აზერბაიჯანელთა არაპროპორციული და არასრული წარმომადგენლობა იკვეთება 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგადაც. ეთნიკური აზერბაიჯანელები არც ერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ, პროპორციულად არ არიან წარმოდგენილები ახლადარჩეულ საკრებულოებში. მაგალითად მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი საკრებულო 35 წევრისაგან შედგება, ეთნიკური უმცირესობები წარმოდგენილი არიან 51%-ით მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების ხვედრითი წილი 91%-ს შეადგენს. ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ანალოგიური ან უარესი მაჩვენებლები გვაქვს.

     ადგილობრივი თვითმმართველობის გარდა ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის აზერბაიჯანელები, არასათანადოდ არიან წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებაშიც. საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელ შემადგენლობაში მხოლოდ 11 წევრია ეთნიკური უმცირესობებიდან, რომელთაგან აზერბაიჯანულ ეთნიკურ თემს 4 დეპუტატი წარმოადგენს.

     საბჭოთა და 90-იანი წლების შემდეგ, ეთნიკურ ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის გაჩნდა ხიდჩატეხილობის პრობლემა, უთანხმოება, ფობიები და სტერეოტიპები. დღეს ეთნიკური აზერბაიჯანელების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის აუცილებელია როგორც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ასევე საზოგადოებრივი განწყობების ცვლილება.

     

    სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

    პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

     

    [1] აზერბაიჯანელების  უმრავლესობა მიეკუთვნება თურქული მოდგმის ოღუზურ შტოს, თუმცა მათში აღრეულია როგორც სხვადასხვა თურქული ჯგუფის, ასევე ალბანელების, არაბების, სპარსებისა თუ სხვა კავკასიელი ხალხების ეთნოსიც. აზერბაიჯანი თავის დროზე მხოლოდ ირანის ჩრდილოეთი ნაწილის დასახელება იყო. დღევანდელ, ანუ ჩრდილოეთ აზერბაიჯანს კი ალბანეთი ერქვა.

    [2] თამარი გათხოვილი იყო შირვანშაჰ მანუჩეჰრ მეორეზე სავარაუდოდ 1105-1106 წლებში.

    [3] წარმოდგება ერთ-ერთი თურქულენოვანი ტომის სახელისგან „ბორჩალუ“, რომლებიც სახლობდნენ ქვემო ქართლში, შემდეგში იქცა გეოგრაფიულ სახელად.

    [4] ელი (თურქ.) - იგივე ტომი

    [5] ჯალილ მამედ-ყულიზადე (1869- 1932) - მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „მოლა ნასრედინის“ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი.

    [6] ომარ ფაიკ ნემანზადე (1872–1937) – დაიბადა ახალციხის რაიონის სოფ. აწყურში. 1891 წელს სტამბულში დაასრულა განათლება და ერთხანს მანდვე საფოსტო განყოფილებაში მუშაობდა. 1898-1902 წლებში იგი უკვე აზერბაიჯანში მუშაობს და საქმიანობს. დიდი წვლილი მიუძღვის „მოლა ნასრედინის“ დაარსებასა და გამოცემაში. 1937 წელს მშობლიურ აწყურში დაბრუნებული, იოსებ სტალინმა დაახვრეტინა.