როგორია რელიგიური გაერთიანებების ნაწილის ღვთისმსახურება პანდემიის დროს

ავტორი: მარიამ სამუშია

მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ, წამლისა და ვაქცინის არარსებობამ, ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლის ერთადერთ იარაღად სოციალური პასუხისმგებლობა აქცია. ბრძოლის ერთადერთი საშუალება ფიზიკური დისტანციის შენარჩუნებაა. ამ წესმა სხვადასხვა ქვეყანაში დროებით შეცვალა რელიგიური ღვთისმსახურების პრაქტიკაც.

რელიგიური დღესასწაულების დროს ცარიელია იერუსალიმის ქუჩები. რომის პაპი ლოცვას წმინდა პეტრეს დაცარიელებულ მოედანზე აღავლენს. დახურულია მექასა და მედინას სალოცავები. 

საქართველოშიც რელიგიური ნაგებობებისა და სალოცავების ნაწილი, სასულიერო პირების  მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო, მორწმუნეთა შეკრებისათვის დროებით დაიკეტა.

მაგალითად, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში რვა მარტიდან, ესე იგი, მთავრობის მიერ შესაბამისი წესების დადგენამდეც, უსაფრთხოების დაცვის მიზნით ზიარების წესი შეიცვალა. მას შემდეგ კი, რაც 10 ადამიანის შეკრება აიკრძალა საყოველთაოდ, ეკლესია ღვთისმსახურების ონლაინ ტრანსლირებაზეა გადასული: ფეისბუქ ლაივების საშუალებით წირვა-ლოცვა გადაიცემა ცარიელი დარბაზიდან, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ღვთისმსახურია შეკრებილი და რიტუალს ასე უძღვება. ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ზომების დაუყოვნებლივ მიღება იმის გამო მიიჩნია საჭიროდ, რომ რწმენა, მისი აზრით, ირაციონალურობას არ გულისხმობს და ადამიანთა კეთილგონიერება შეუძლებელია ღვთის  ღალატს ნიშნავდეს.

მსგავსია ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის გამოცდილებაც.  ღვთისმსახურების ცვლილებასთან ერთად, სამწუხაროდ, ასევე აუცილებელი გახდა უმწეოთა სასადილოს დახურვაც. სანაცვლოდ, გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ თბილისში, რუსთავში, ბორჯომში, ბოლნისსა და გარდაბანში, სახლებში დაარიგა სააღდგომო ნობათი.

კოლექტიური ვახშამი რიტუალური მნიშვნელობის მქონეა მოახლოებული რამადანისას. ქართველ მუსლიმებსაც, პანდემიის პირობებში, დროებით ტრადიციათა ფორმის შეცვლა უხდებათ. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ქართველ მუსლიმთა კავშირის ორგანიზებით, საერთო ვახშმები მზრუნველობას მოკლებულთა დახმარებითა და მათთვის საკვების სახლში მიწოდებითაა ჩანაცვლებული. შეცვლილია ლოცვის ფორმაც. ისლამის წესით, პარასკევის ლოცვა, რომელიც მორწმუნისთვის სავალდებულოა, აუცილებლობით გულისხმობს მეჩეთში შეკრებასა და ჯგუფურ ლოცვას. თუმცა ამ წესითვე, ისლამის დოგმატიკითაა დადგენილი, რომ ამ ვალდებულების შესასრულებლად ადამიანი რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. მორწმუნე უნდა იყოს თავისუფალი; მისი ლოცვაზე დასწრებით არ უნდა იქმნებოდეს სიცოცხლის, ჯანმრთელობისა ან ქონების დაკარგვის საფრთხე. იქიდან გამომდინარე, რომ მრევლის ნაწილი, შესაძლოა, კარანტინში იყოს მოთავსებული, მას ჯგუფური ლოცვის ვალდებულება ეხსნება. ამასთან, პანდემიის ვითარება უდავოდ წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათო გარემოებასაც და შესაბამისად, ქართველ მუსლიმთა კავშირის  გადაწვეტილებით, მეჩეთში პარასკევის ლოცვა შეჩერებულია. ამიტომ პარასკევის ლოცვას და სხვა ყოველდღიური ლოცვებსაც, დროებით, მხოლოდ სახლებში აღავლენენ. მუსლიმი თემისთვის ემოციურად მძიმე იყო შეკრების შეჩერება, რამდენადაც პარასკევს, მეჩეთში თავშეყრა თითოეულისთვის ცხოვრების უწყვეტი, ძვირფასი წესია. თუმცა ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე ხაზს უსვამს იმას, რომ “ისლამში ადამიანს პირდაპირი მიმართება აქვს ღმერთთან. ღვთის მსახურების დადგენილ წესზე წინ, აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანის უსაფრთხოება და სიცოცხლე დგება”. შესაბამისად, მუსლიმი თემიც ინდივიდუალური პასუხისმგებლობით ეგუება ახალ რეალობას და ოჯახებში ლოცვას განაგრძობს.

სრულად შეიცვალა პროტესტანტული ეკლესიის, სიცოცხლის სიტყვის მიმდევართა  ყოველდღიურობაც. ეკლესიაში შეკრება, რომელიც აქამდე გუნდისა და დარბაზის ერთობლივ, რიტმულ სიმღერას გულისხმობდა, შეჩერებულია. თუმცა ეკლესიას მორწმუნეებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. პროტესტანტები ინტერნეტ-პლატფორმის საშუალებით იკრიბებიან და ლოცვაც, სიმღერაცა და მსახურებაც ოთახებიდან, ოჯახების თანამონაწილეობით გრძელდება. ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ არსებულ ვითარებაში, უსაფრთხოების დაცვასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ადამიანთა გამხნევება, რადგან “სახარება არ ამართლებს შიშს. ბიბლიის ერთ-ერთ პასაჟად ვკითხულობთ სიტყვებს “რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.” შიშს უსიყვარულობა მოაქვს. ამიტომაა, რომ სამწუხაროდ, დღეს აგრესიაც კი არსებობს ვირუსით ინფიცირებულთა მიმართ. ეს გაუმართლებელია. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ერთმანეთი” - ამბობს სიცოცხლის სიტყვის პასტორი მამუკა ჯებისაშვილი. 

პასტორი აღდგომის მნიშვნელობის გააზრებაზეც საუბრობს: “რწმენა იმისაა, რომ სიკვდილზე გაიმარჯვა სიცოცხლემ. ჩვენ, მორწმუნეები, წლის ყოველ დღეს უნდა ვზეიმობდეთ აღდგომას. ის, რომ ამჟამად ეკლესიაში მისვლას ვერ ვახერხებთ, არ ნიშნავს იმას, რომ არ ვზეიმობთ სასწაულს. იესო ცოცხალია და ეს განცდა მუდმივი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისათვის. ამიტომ, უნდა შევიკავოთ თავი და სახლში დავრჩეთ, რათა რწმენა არ გახდეს ადამიანთა დასნეულების საბაბი. ბიბლია გვასწავლის კვლავ, რომ “გონიერი ხედავს საფრთხეს და გაერიდება, ბრიყვები კი არ ეპუებიან და ისჯებიან.” ჩვენ ვრჩებით სახლში და ონლაინ-მსახურებით ვამხნევებთ ერთმანეთს. ასევე, დახმარებას ვუწევთ გაჭირვებულებსაც, იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი ჩვენი მრევლი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთმანეთი არ მივატოვოთ.” 

შეკრების აკრძალვის მიუხედავად, მრევლთან ურთიერთობას არ წყვეტს მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიაც. მსახურებები ვიდეო-ჩანაწერებზეა გადატანილი, ონლაინ-პლატფორმებზე მიმდინარეობს საშაბათო სკოლაც, სადაც წმინდა წერილის განხილვა და ბიბლიის შესწავლა დისტანციურად გრძელდება. ეკლესია ასევე ცდილობს, გვერდში დაუდგეს მარტოხელა, ხანდაზმულ ადამიანებს და დიაკვნებისა თუ მსახური პასტორების ინდივიდუალური ძალისხმევით, გაჭირვებულებს პირველადი დახმარების საგნები და პროდუქტები მიეწოდებათ. მოქმედია ეკლესიის ახალგაზრდული მოძრაობაც, “აირეკლე”, რომელიც წესების დაცვით ეწევა სოციალურ მსახურებას.

სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი გურამ იმერლიშვილი. მისი აზრით, ეს ძნელი ჟამი რწმენის გამოცდის დროა. გამოცდა კი სულიერებისკენ მიბრუნებასა და ერთმანეთისათვის სიყვარულის, ლუკმა-პურისა და მხნეობის გაზიარებას გულისხმობს. “გამოცდა უნდა მივიღოთ არა სასჯელად, არამედ გაკვეთილად იმისა, რომ სხვა დღეებშიც უნდა ვიყოთ მეტად მზრუნველნი ერთმანეთის მიმართ. დღეს ნამდვილი სიყვარული ქვეყნისა და ღმერთისა იქნება ის, რომ მოყვასს მოვემსახურებით ჩვენ გარშემო.” 

აქაც, ღვთისმსახურების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ფეისბუქ გვერდზე გრძელდება.

რელიგიური ორგანიზაციების მიერ უსაფრთხოების დაცვის საქმეში გამორჩეულია  საქართველოს კათოლიკე ეკლესია. ამ დრომდე, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სამი დეკრეტი (16; 20 მარტისა და 2 აპრილის) აქვს გამოცემული, საგანგებოდ, პანდემიისა და ღვთისმსახურების წესის ცვლილებებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, პირველ დეკრეტში მოცემულია რვა მითითება, რომელიც რელიგიური მსახურების წესში მისაღებ კონკრეტულ ცვლილებებს ეხება. მესამე პუნქტად წერილში  ვკითხულობთ:

3 - წმიდა წირვის დროს ზიარება დარიგდეს ხელისგულზე მხოლოდ პუ-

რის სახით მიცემით. ევქარისტიის მიღების ამ წესმა (უძველეს ეკლე-

სიაში ამგვარად ეზიარებოდნენ) სრულებითაც არ უნდა შეამციროს

მორწმუნეთა მოწიწება და სიყვარული ამ საიდუმლოსადმი, მეტიც,

უნდა გვაგრძნობინოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ ძღვენ-

ზე, რომელიც გვეძლევა…”

უკანასკნელი, 2  აპრილის დეკრეტი კონკრეტულად წმინდა კვირის ღვთისმსახურებას შეეხებოდა. მისი გათვალისწინებით, 12 აპრილს, კომენდანტის საათის დაცვით ჩატარდა სააღდგომო ლიტურგია და მსახურებაც, შესაბამისად, ჩვეულზე ადრე დაიწყო. მას მრევლი არ დასწრებია. ლიტურგია პირდაპირი ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებლის არხსა და ეკლესიის ფეისბუქის მედია-გვერდზე შუქდებოდა.

დასასრულს, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს 16 მარტის წერილიდან კიდევ ერთ საყურადღებო ამონარიდს შემოგთავაზებთ:

“ძალზე მნიშვნელოვანია, ყური დავუგდოთ და დავუჯეროთ კომპეტენტური და საქმეში გარკვეული ადამიანების შეფასებებს. ამგვარ მომენტებში უკეთ ვგებულობთ, თუ რას ნიშნავს, რომ ყველანი ერთად ვართ მოქალაქენი, გარდა იმისა, რომ ვართ ერთი კაცობრიობის წევრნი. აუცილებლად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, გვჭირდება ერთმანეთის დახმარება.

საზოგადოებრივი გვერდით დგომის ამ სულისკვეთებით, რომელიც ჩვენთვის იღებს სათავეს უშუალოდ რწმენიდან, მწადია რომ ყველა ჩვენგანმა გაიზიაროს ზოგიერთი მითითებანი, რამაც შესაძლოა მოითხოვოს ჩვენგან მსხვერპლის გაღება, მაგრამ წარმოადგენს სიყვარულისა და ყურადღების ნიშანს საკუთარი თავის მიმართ და კიდევ უფრო იმათ მიმართ, ვინც შესაძლოა ჩვენზე უძლურია.”

 

 

 

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.