ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საკონკურსო ნამუშევარი: ფერადი ქალაქი

მარიამ მახვილაძე ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მისმა ნამუშევარმა "ფერადი ქალაქი" TDI-ის მიერ ჩატარებულ კონკურში გაიმარჯვა

 

ფერადი ქალაქი

ქალაქი გორი შიდა ქართლის ცენტრალური ქალაქია. აქ მდ. ლიახვი, მტკვარი და მეჯუდა ერთმანეთს ერთვის. გორი ისტორიულ წყაროებში მე-12 საუკუნიდან მოიხსნიება, თუმცა უდავოა ის ფაქტი, რომ აქ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა დასახლება.

ქალაქს ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა, რადგან ის თამაშობდა უდიდეს როლს საერთაშორისო პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთერთობების დამყარებისას. ცნობილი მეცნიერი სტრაბონის მიერ მოხსენიებულია ოთხი გზა იბერიაში, რომელიც გორთან კვეთდა ერთმანეთს და საქართველოზე გავლით აკავშირებდა დასავლეთს აღმოსავლეთთან. ცნობილი იტალიელი მკვლევარის ჯუზეპე კანალის თქმით კი იტალიელებს ეს გზები ეხმარებოდა სპარსეთთან თავისუფლად სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში.

გარდა ვაჭრობისა, გორს ურთიერთობები გააჩნდა სხვადასხვა კულტურის მქონე ეროვნებებთანაც. ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელმა გორში სომეხი ვაჭრები ჩამოასახლა, კათოლიკეების შესახებ კი ძირითადი ცნობები მე-17 საუკუნიდან მოგვეპოვება, თუმცა ისინი საქართველოში მე- 13 ს -ის 20- იანი წლებიდან ჩნდებიან. ამ ეროვნებების გარდა, გორში კიდევ ორი ხალხი, ებრაელები და რუსები ცხოვრობდნენ.

სწორედ, ამ ხალხის მოღვაწეობის შედეგად დაიბეჭდა გორში პირველი წიგნი, იდგმებოდა მრავალენოვანი სპექტაკლები, გაიხსნა პირველი სასტუმროები, აშენდა კათოლიკური წმ. ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც დღემდე ამშვენებს ქალაქს. ცნობილია, რომ უცხოელი ვაჭრები ქართულ პროდუქციას მსოფლიოს დიდ ბაზრებს აცნობდნენ.

ამ სტატიაში მინდა მიმოვიხილო რამდენიმე ისტორიული ფაქტი და გიამბოთ თუ რა წვლილი შეიტანეს ამ ეროვნებებმა ჩემი ქალაქის ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებაში.

კათოლიკეები

საქართველოში ფრანჩისკანელები და დომინიკანელები მე-13 საუკუნის 20-იანი წლებიდან მე-16 საუკუნის ბოლომდე მოღვაწეობენ. თუმცა, ამ პერიოდში მათი გორში ცხოვრების შესახებ ცნობები მწირი სახით მოგვეპოვება. 1628 წ. 20 ივნისს გამოგზავნილი წერილიდან ჩანს რომ, ამბროსიო და მორჩილი ძმა პედრო დუშ სანტოში 1628 წ. 11 მაისს გორში მივიდნენ და ქეთევან დედოფლის ნეშტის ერთი ნაწილი ჩამოიტანეს.

ამჟამინდელ ქალაქს ისევ ეტყობა კათოლიკეების კვალი. გორს დღესაც ამშვენებს წმ. ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც ერთ დროს ე.წ. ,,ფრანგების უბანში“ მდებარეობდა.

 

წმ. ღვთისმშობლის ეკლესია (ძველი ფრანგების ეკლესია) ფოტო: მარიამ მახვილაძე

გორის კათოლიკურ ეკლესიაზე ( ,,ფრანგების ეკლესია“) ა. ჯავახიშვილი ამბობს : ,,კათოლიკური ეკლესია- აშენებული კაპუცინელთა ორდენის მისიონერების მიერ მე-17 ს-ში. დაუჯერებელია, რომ მან, ისტორიის კარგმა მცოდნემ არ იცოდა აშენების დრო კათოლიკეთა იმ ეკლესიისა, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს.“ ,,ფრანგების ეკლესიათან“ სკვერი არსებობდა, რომელსაც ,,ნახშირას“ უწოდებდნენ. მოგვიანებით ამ ადგილას ყოველდღიური ვაჭრობა იმართებოდა. ამ ბაზრის მეორე სახელი კი ,,სასწორი“ იყო, რადგან ბაზრის გახსნისთანავე დიდი სასწორი დაუდგამთ.სასწორით ფულის სანაცვლოდ ნებისმიერი სოფლის პროდუქტი იწონებოდა. ბაზარმა 1939 წ-მდე წმ. ღვთისმშობლის ეკლესია (ძველი ფრანგების ეკლესია) ფოტო: მარიამ მახვილაძე 3 იარსება.მისი დადებითი მხარე ის იყო, რომ მან ძველი ბაზრისგან ე.წ. ,,ბნელი რიგებისგან“ მხოლოდ სახელოსნოები დატოვა.

      

სკვერი ღვთისმშობლის ეკლესიის წინ. ფოტო: მარიამ მახვილაძე

გარდა ქალაქში ეკლესიების აშენებისა და ახალი ბაზრების დაარსებისა, კათოლიკეები იყვნენ ის კულტურული მოღვაწეები, რომელთა თაოსნობითაც ქ. გორში დაიბეჭდა პირველი წიგნი ,,ქრისტეს მიბაძვა“ სკვერი ღვთისმშობლის ეკლესიის წინ. ფოტო: მარიამ მახვილაძე 4 ცნობილმა მწიგნობარმა ზაქარია ჭიჭინაძემ შეფასება მისცა ,,ქრისტეს მიბაძვის“ ქართული თარგმანის გამოქვეყნებას ,, ჩვენს დროს ქრისტეს მიბაძვა თომა კემფელისა ლათინური ენითგან ქართულ ენაზედ სთარგმნა გორში, კათოლიკეების ეკლესიაში ყოფილმა ქართველთ კათოლიკეთა მოძღვარმა ანსელმო მღებრიშვილმა, ახალის ქართულის ენით .... და ეს თარგმანი ამავე პატივცემულისა მოძღვარმა დაბეჭდა ქ. გორში, რაც მრავალთათვის გახდა საკვირველთ, რადგანაც ქ. გორში, ქართული წიგნის დაბეჭდვის პირველი მაგალითი იყო და ისიც ქართველი კათოლიკის მამულისშვილის მოძღვრისაგან. ამ საქმით პატრმა უფრო სამაგალითო საქმე ქმნა. კათოლიკის მოძღვარმა აჩვენა ხალხს მაგალითი,რომ გორშიაც შეიძლება ქართული წიგნები დაიბეჭდოს და თავის დროზე გაზეთიც - კი გამოიცესო. პატივი და დიდება ასეთს მხნე მოძღვრის მოქმედებას და მამულის შვილობას მიძინებულ გორელების წინაშე’’

  

გორის კათოლიკური ეკლესია. ორღანი, რომელიც ერთადერთია ქ.გორში. ფოტო: მარიამ მახვილაძე. 

კათოლიკეების გარდა ქ. გორში ბევრი სომხური წარმოშობის ოჯახი ცხოვრობს. სომხების მოღვაწეობა კი არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში.

ს ო მ ხ ე ბ ი

გორის ისტორიაში სომხები პირველად მე-12 საუკუნეში გამოჩნდნენ- ეს ის სომეხი ვაჭრები იყვნენ, რომლებიც დავით აღმაშენებელმა ჩამოასახლა. სომეხ ხალხს დიდი წვლილი მიუძღვით მაშინდელი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ისტორიული ფაქტებიდან ჩანს, რომ სომხებს გორული სახელოსნოების ნაწარმი მსოფლიოს სხვადასხვა მსხვილ სახელმწიფოში გაჰქონდათ და ,,იმპორტსა და ექსპორტს“ ახორციელებდნენ.

გორელი ისტორიკოსის ე. მამისთვალიშვილის წიგნში ,, გორის ისტორია“ ვკითხულობთ ,, გორელებს, რომელთა წარმომადგენლები ევროპის ცნობილ იარმარკებზე რუსეთში ევროპასა და თურქეთში დაიარებოდნენ კარგად ესმოდათ ამგვარი პერიოდული ვაჭრობის მნიშვნელობა გორში საქონლისა და მუშტრის მოსაზიდად. 70-80 იან წლებში ცნობილი ვაჭრები იყვნენ თუთუნოვები, ხითაროვები, ისაია ტერ-სტეფანოვი, ამირაღოვი, და სხვები, რომლებიც ლაიფციგში, მარსელში, ლიონში, სტამბულსა და ბაღდადში დაიარებოდნენ. მათ კავშირი ჰქონდათ ევროპისა და აზიის დიდი ქალაქების გამოჩენილ ფირმებთან.“- ჩანს, რომ ვაჭრების გვარებს ძირითადად სომხური წარმოშობა აქვთ და საზღვარგარეთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვნად არიან ჩართულნი.

 

სომეხი და ქართველი ვაჭრის ქამარი წყარო. გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულეთნოგრაფიული მუზეუმი

 

გარდა სავაჭრო ურთიერთობისა, სომხები აქტიურად მონაწილეობდნენ ეკლესიების მშენებლობასა და ამ ეკლესიებთან სხვადასხვა

დაწესებულებების დაარსებაში. ეს ყველაფერი ახალგაზრდებს განვითარებაში ხელს უწყობდა. ცნობილია, რომ გორში ოთხი სომხური ეკლესია არსებობდა - ღვთისმშობლის, ღვთისმშობლის მიძინების, წმ. სტეფანესი (დღევანდელი წერეთლის ქუჩა) და ქრისტეს აღდგომის. მაგრამ დოკუმენტები მხოლოდ ორის, წმ. სტეფანეს და წმ. ღვთისმშობლის ეკლესიების შესახებ გვაძლევენ ინფორმაციას.

წიგნში ,,გორის ისტორია“ ვკითხულობთ, რომ წმ. სტეფანეს ეკლესიის შესახებ ცნობები 1602 წლით დათარიღებული სომხური ხელნაწერის მინაწერიდან არსებობს. მინაწერი ღვთისმშოლის ეკლესიაშია გადაწერილი და შემდეგ წმ. სტეფანეს ეკლესიისთვისაა ნაჩუქარი. ამ ხელნაწერიდან ვიგებთ, რომ წმ. სტეფანეს ეკლესიასთან არსებობდა ხელნაწერთა ასაკინძი სახელოსნო და სკოლა. აღნიშნული ფაქტი მკვეთრად გამოხატავს, რომ ეკლესიას ქალაქის კულტურულ განვითარებაში დიდი როლი ეკავა.

 

სომხური წარწერით წყარო. გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ფოტო: მარიამ მახვილაძე​

რუსები

ქ. გორი საქართველოში პირველი თეატრის დაბადების ადგილად ითვლება და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართული თეატრის ისტორიაში. თეატრის განვითარებაში მხოლოდ ქართველი მსახიობები არ იყვნენ ჩართულნი. თეატრის ისტორიაში აღსანიშნავი მოვლენა 1893 წლის 14 აგვისტოს გამართული ქართულ-სომხურ-რუსული სპექტაკლია.

მრავალენოვანი წარმოდგენები ერთ-ერთი ხშირი მოვლენა იყო ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როგორც, ზემოთ აღნიშნული მოვლენიდან ჩანს, ქ. გორში რუსებიც ცხოვრობდნენ, რომლებიც ძირითადად კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროების განივითარებაში იღებდნენ მონაწილეობას. გორში არსებული სასწავლო სემინარიების მიერ ხშირად ეწყობოდა საღამოები/ღონისძიებები.

1872 წლის 8 და 26 მარტს მოეწყო ქართულ-რუსული ლიტერატურული საღამოები, რომლებზეც წარადგინეს ქართველი პოეტების გრიგოლ ორბელიანის, გიორგი ერისთავის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ნაწარმოებები, ხოლო რუსული კულტურა ლერმონტოვის, მაიკოვის, ნეკრასოვისა და სხვა მწერლების შემოქმედებით გააცნეს გორელ საზოგადოებას.

დიდი ხნის განმავლობაში გორში გამართული წარმოდგენები არ იყო საჯარო. მხოლოდ 1856 წელს 8 და 16 ნოემბერს გორელმა სცენისმოყვარულებმა გამართეს რუსული წარმოდგენები, რომელშიც გორში დაბანაკებული რუსი ოფიცრები და ზოგიერთი გორელი მონაწილეობდნენ. ეს რუსი ოფიცრები, რომლებმაც 25 წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება აღარ მოისურვეს, კომპაქტურად დასახლდნენ. დასახლების ადგილს კი ,,პოსელენიე“ უწოდეს.

 

გორის თეატრი წყარო. გ.ერისთავის სახელობის გორის თეატრი

 

ებრაელები

საინტერესოა, სად ათევდნენ ღამეს სტუმრები ან უცხოელი მოგზაურები, რომლებიც ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრებოდნენ ან უბრალოდ უცხო კულტურას ეცნობოდნენ.

გორში პირველი სასტუმროები ებრაელებს ეკუთვნოდათ. წიგნში ,,გორის ისტორია“ აღნიშნულია, რომ ,,ქალაქში მთის თავზე, ძველი ციხის გვერდით მდებარე სახლში“ მოთავსებული იყო ,,ისრაელების პატარა სასტუმრო, სადაც რამდენიმე დღე (1869 წ 14-16 მაისი) გაატარა ცნობილმა ებრაელმა მოგზაურმა იეჰუდა ჰალევი ჩორნიმ“.

კიდევ ერთი ებრაელის, ქვასი მიხას ,,სასტუმრო“ ამილახვრების სასახლის მახლობლად მდებარეობდა და ცხინვალელ ებრაელ ვაჭრებს ემსახურებოდა, რომლებიც თბილისში დაიარებოდნენ.

ცნობილია. რომ აკაკი წერეთლის ნეშტისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო პროცესიის ნაწილი კათოლიკური და სომხური სამღვდელოებაც იყო. დიდი ხნის მანძილზე კი გორში სომეხთა და ქართველთა სასაფლაო გვერდიგვერდ არსებობდა.

ეს მოვლენები ადასტურებს, რომ ამ პატარა ,,ფერად ქალაქში“ კონფლიქტები იშვიათი იყო და ყველა ეროვნება ყოველდღიურ ყოფა- ცხოვრებაში ერთმანეთს ედგა მხარდამხარ.