ძალადობა რელიგიის სახელით და ინტერპრეტაციის მნიშვნელობა

ავტორი: ოქტაი ქაზუმოვი

თანამედროვე სამყაროში, როცა, ერთი შეხედვით, კაცობრიობა  სულ  უფრო და უფრო ვითარდება, ანაქრონიზმად მოჩანს რელიგიის სახელით ადამიანებზე ძალადობა ისეთ ფასეულობათა „დაცვის“ მიზნით, რომელთაც ესა თუ ის რელიგია მშვიდობისკენ მოწოდებით ამკვიდრებს. მძლავრ სტრუქტურიზებულ სისტემად გადაქცეული ყოველი რელიგიური მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად თვითონ იყო დევნის ობიექტი, თავად განიცდიდა შევიწროებას, შემდგომში ძალების მოკრებასა და უმრავლესობის მოპოვებასთან ერთად, არაიშვიათად ძალადობს სხვებზე – როგორც თავის წიაღში, ასევე „გარეშეებზეც“. საქმე ისაა, რომ უმცირესობაში თავიანთი სიმართლის დამტკიცების მოსურნენი, უმრავლესობად ქცევის შემდეგ ისეთივე დაუთმობელნი ხდებიან, როგორც მანამდე მათ მიმართ სხვები იყვნენ. ამის მიზეზად საერო ძალაუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება დავასახელოთ, რომელიც ამა თუ იმ რელიგიის სახელით მეტყველი ადამიანის ამბიციებით იმართება და საღდება ვითარცა „ხმა ღვთისა“, ხოლო რელიგია – როგორც მოძღვრება +  პრაქტიკა – უამრავი პოსტულატითაა დახუნძლული, რომლებიც ზოგჯერ სულაც არ არის მკაფიო, განმარტებას საჭიროებს და არაიშვიათად ეს განმარტებებიც ცალკე ახსნას ითხოვს. მსოფლიოს უამრავი ისტორია ახსოვს, როცა რელიგიის კონკრეტული მოთხოვნები არათუ სასულიერო, არამედ ძალაუფლების მქონე საერო პირთა ანუ მონარქთა პოლიტიკის შესაბამისად აიხსნებოდა ხოლმე, უფრო სწორად – ერგებოდა მას.

 სხვა მსოფლიო მნიშვნელობის რელიგიათა მსგავსად, ისლამმაც ქადაგების პერიოდში არაერთხელ იწვნია იმხანად არსებული რელიგიურ-პოლიტიკურ-კულტურული ფონისაგან ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ მატერიალური წნეხი. ხოლო ყოველივე ამისთვის გასაძლებად ღმერთი „ყურანში“ მორწმუნეებს ხან წარმართთათვის[1] მოსავლენი სასჯელით ამხნევებს, ხან ჭირთადათმენის საზღაურად სამოთხის აღთქმით ანუგეშებს, ხანაც უსამართლო მოპყრობის საპასუხოდ შესაბამის ფიზიკურ წინააღმდეგობასაც მოითხოვს მათგან შესაბამისად, როგორც „ყურანის“ მცოდნენი აღნიშნავენ, აიები[2] ორგვარი შინაარსისაა: 1. ზედროული ანუ მარადიული და 2. თანადროული, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით მოვლენილი და, შესაბამისად, კონკრეტული მოვლენით ასახსნელი[3].

 გარდა ამისა, აიები იყოფა სამ ნაწილად: ამოუხსნელი, გაუქმებული და გამაუქმებელი აიები. გაუქმებული აიები კონკრეტული მოვლენის გამო, კონკრეტული ზომების მისაღებად იყო მოვლენილი და ამიტომ დროებით ხასიათს ატარებდა. ხოლო გამაუქმებელი აიები მათ ან სამუდამოდ კრძალავს ან ახლით ანაცვლებს.

  ისლამთან მიმართებით აგრეთვე საცოდნელია ისიც, რომ, მუსლიმური რწმენით, მოციქული უკანასკნელი წინასწარმეტყველია, რომელსაც ტრადიცია „ხითამ ალ ანბიას“ (წინასწარმეტყველთა ბეჭედს) უწოდებს. შესაბამისად, ყურანში ღმერთი ადამიანებს/კაცობრიობას არაერთხელ აფრთხილებს, რომ ამის შემდეგ ქვეყნად წინასწარმეტყველს აღარ მოავლენს. ამიტომ, ტონი შესამჩნევად მკაცრია, რომელსაც ყოველთვის გასდევს ლაიტმოტივად ღვთის გულმოწყალებისა და მიმტევებლობის რწმუნება[4].

„ისინი, ვინც მალავენ იმ ცხად სასწაულებსა და მოძღვრებას, რაც ჩვენ ზეცით გარდმოვუვლინეთ და მას შემდეგ, რაც განვუმარტეთ ხალხს წიგნში, დასწყევლით მათ ალაჰი და დასწყევლიან მათ დამაწყევარნი“  – 154 (159).

„იმათ გარდა, ვინც მოინანია, გამოსწორდა და აღიარა; ისინი შეწყალებულნი იქნებიან. და მე ვარ მიმტევებელი, მწყალობელი“ – 155 (160) სურა „ალ ბაყარა“[5].

ყურანში ყველაზე მკაცრი ტონი მაინც წარმართების მისამართითაა გამოხატული. წარმართებში კი კერპთაყვანისმცემელი არაბები იგულისხმებიან, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ისლამის დამკვიდრების წინააღმდეგ გააფთრებით იბრძოდა. გასათვალისწინებელია, რომ ისლამის მიხედვით, იუდეველები და ქრისტიანები წარმართებად არასოდეს მოიხსენიებიან, არამედ – „წიგნის ხალხად“. თუმცა იუდეველებისა და ქრისტიანების მიმართ განწყობა არაერთგვაროვანია. ისინი (განსაკუთრებით კი ქრისტიანები) ყურანში მუსლიმთა მეგობრებად მოიხსენიებიან. მაგრამ ზოგჯერ მათგან თავის შორს დაჭერის აუცილებლობაც არის ხაზგასმული. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მორწმუნე ადამიანი ამბივალენტურ მდგომარეობაში ვარდება და აქ დგება ინტერპრეტაციის საჭიროებაც.

ინტერპრეტაცია თავისთავად საინტერესო და უარუთქმელი მოვლენაა, რომელიც კაცობრიობას უხსოვარი დროიდან მოჰყვება. მაგრამ იგი ამავდროულად ორლესური მახვილივითაა, რომლის მეშვეობით სიყვარულის ჩანერგვაც შეიძლება და სიძულვილისა თუ ძალადობისაც. წმინდა ტექსტების ინტერპრეტაცია უამრავი რამის ცოდნასა და გათვალისწინებას მოითხოვს. მაგალითად, ყურანის ეგზეგეტიკოსობა ნიშნავს ბიბლიის, ისლამის ისტორიის, გადმოცემების, იმდროინდელი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებისა და თავად ყურანისვე გამოწვლილვით ცოდნას. გარდა ამისა, ინტერპრეტაციისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს კონტექსტს (იმას, თუ რომელი აიები უძღვის წინ და რომლები მოჰყვება), წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება, ამონარიდი ძალადობისკენ მოწოდებად იქცეს.

წარმართების მოკვდინებასთან დაკავშირებით ყურანში მკვლელობისკენ მოწოდება ბუკვალურად რომ იყოს გააზრებული, მაშინ ქაოსი დამკვიდრდებოდა, ამიტომ შეიქმნა სასამართლოები შარიათის მცოდნე ყადიების ანუ მოსამართლეების თავმჯდომარეობით, რომელთაც ამგვარი განაჩენების გამოტანა ებარათ.  ჩვეულებრივ მოქალაქეს ასეთი რამის ჩადენა დანაშაულად ეთვლებოდა და ახლაც ეთვლება. საინტერესოა, რომ დღეს, ე.წ. ისლამური სახელმწიფო სწორედ ამ ფენომენს უგულებელყოფს და  ვაჰაბიტურ სწავლებაზე აღმოცენებულმა მათმა მოძღვრებამ მშვიდობის მქადაგებელი რელიგია ისლამისგან მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ძალადობრივი გარსი დატოვა. მათი „დამსახურებით“ ისლამმა მსოფლიოს თვალში უმეტესად ძალადობის გამამართლებელი სწავლების სახე შეიძინა. ეს სწორედ არასწორ ინტერპრეტაციათა წყალობით მოხდა. ხოლო სწორი ინტერპრეტაცია კაცობრიობისთვის და ადამიანისთვის ზრუნვაა რელიგიისა. მათ ავიწყდებათ, ან განგებ ივიწყებენ, რომ რელიგიაა ადამიანებისთვის მოვლენილი და არა – ადამიანი რელიგიისთვის.

ამ კონტექსტში არასწორადაა გაგებული ჯიჰადის რაობაც. სიტყვა „ჯიჰადი“ წარმოდგება „ჯჰდ“ ძირისაგან რაც არაბულად „მცდელობას“ ნიშნავს. ხოლო „ჯიჰადი“ ასევე ეწოდება რწმენის გულისთვის ბრძოლასაც. იგი თავისი ხასიათით, როგორც ზოგადად ბრძოლა და ომი, ორგვარია: შეტევითი და თავდაცვითი. შიიტური[6] მოძღვრებით, შეტევითი ჯიჰადი მხოლოდ მოციქულისა და მისი შთამომავალი 12 იმამის სიცოცხლეში შეიძლებოდა განხორციელებულიყო. მაგრამ ვინაიდან არც წინასწარმეტყველია ცოცხალი და არც იმამების უმრავლესობა[7], შეტევით ჯიჰადზე ნებისმიერი მოწოდება საფუძველშივე მცდარია. ამჟამად ჯიჰადი მხოლოდ თავდაცვითი შეიძლება იყოს, ისიც შემოჭრილი ქვეყნის რელიგიური მიკუთვნებულობის განუსხვავებლად[8]. შესაბამისად, ჯიჰადი არ გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს, ის მხოლოდ გაცხადებული ომის ფორმაა რეგულარული არმიის ჩართვით. მაგრამ დღეს ამ მოწოდების არსის გაუკუღმართების მოწმენი ვხდებით. დღევანდელ მოქმედებებს მუსლიმური თუ ევროპის შუაგულში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, ჯიჰადი ვერ დაერქმევა.

 გარდა ამისა, რელიგიათა ძალადობასთან ასოცირება და რელიგიის სახელით ძალადობა,  უცოდინრობით ან მასზე ზერელე წარმოდგენებითაა განპირობებული. ამას ზედ ერთვის ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა სუბიექტური გუნება-განწყობილებანი ანუ პიროვნული ვნებები, რომელთაც რელიგიის სახელით ამართლებენ. მაგალითად, ასეთ მგრძნობიარე საკითხთაგანია ქალები ნებისმიერ რელიგიაში და, მათ შორის, ისლამში. სტერეოტიპულად მიიჩნევა, რომ ისლამი ქალებს ყოველგვარ უფლებას მოკლებულ არსებად განიხილავს. მთავარი უბედურება ისაა, რომ თვით მუსლიმურ სამყაროში, სადაც რელიგიაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, ეს ასეც ჰგონიათ. არადა, თავისი გავრცელების დროისათვის ისლამი ქალების მიმართ მეტად პროგრესულადაა განწყობილი. იგი განათლებას ყოველი მუსლიმი მამაკაცისა და ქალისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს. გარდა ამისა, ქალს აძლევს გაშორების უფლებას, მემკვიდრეობის წილს მამის ქონებიდან და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, მუსლიმურ ქვეყნებში ყველაზე მეტად სწორედ ქალის განათლებულობა უგულებელყვეს, მეტიც, ძველადაც და  თანამედროვე ისლამის სახელის დამჩემებელი რადიკალური დაჯგუფებების მიერაც, ქალის სკოლაში სიარული და ნებისმიერი თვითგამოხატვა „ცოდვად“ გამოცხადდა. ყოველივე ეს აპრიორი ეწინააღმდეგება ისლამის სულისკვეთებას. თუმცა, ამ ყველაფერს მხოლოდ რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს ვერ დავაბრალებთ, რადგან მშვიდობიან თემშიც კი გოგონების სწავლა არასასურველად ითვლებოდა. ვითარება საბჭოეთის დროს შეიცვალა, როცა სკოლაში სიარული სავალდებულო გახდა. მაგრამ შეზღუდულმა აზროვნებამ აქაც ჰპოვა გამოსავალი, გოგონების უმრავლესობა საშუალო სკოლას ვერ ამთავრებდა. პოსტსაბჭოთა მუსლიმურ ქვეყნებში ეს სტერეოტიპი უკვე თავისი არსებობის ბოლო წლებს ითვლის, რადგან თვით საქართველოშიც მუსლიმური თემიდან უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიმღებ გოგონათა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს.

დასკვნისთვის შეიძლება ითქვას, რომ ყოველივე მაინც ადამიანის ინტელექტსა და შინაგან კულტურაზე, ფსიქიკასა და რწმენაზე, მის არჩევანზე გადის. მხოლოდ ადამიანს ძალუძს, რელიგია გადააქციოს ან სიყვარულისა და სოლიდარობის საწყაოდ, ან სიძულვილისა და ძალადობის მექანიზმად.

 

სტატია მომზადებულია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის „ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამით“ (PITA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის, საქართველოს გაეროს ასოციაციის ან TDI-ის შეხედულებებს. 

ეს მოხსენება წაკითხული იყო თბილისში, 2018 წლის 7 მაისს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ გამართულ დისკუსიაზე „რელიგიის სახელით ძალადობის პრობლემა და ინტერპრეტაციები“.

 

 

[1] მუსლიმური ტრადიცია „წარმართებში“ კერპთაყვანისმცემელ არაბებს გულისხმობს.

[2] „ყურანის“ მუხლები.

[3]  იხ. აღმოსავლეთმცოდნე,  თსუ-ს პროფესორის, გიორგი ლობჟანიძის საუბარი გადაცემაში „საუბრები რელიგიაზე“, ავტორი და წამყვანი ლევან სუთიძე, თემა: „ქადაგებს თუ არა ძალადობას ისლამი“.

[4] აღსანიშნავია, რომ ისლამის როგორც ძველი, ისე თანამედროვე ხელაღებით დამაკნინებლები ამ უკანასკნელ ფაქტს საგანგებოდ არ აქცევენ ყურადღებას, რაც მათ ტენდენციურობაზე მეტყველებს.

[5] ყურანი – არაბულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ, კავკასიური სახლი, 2006 წ.

[6] შიიტობა, შიიზმი – ისლამის ერთ-ერთი ფრთა სუნიზმთან ერთად. წარმოდგება სახელწოდებისგან „შია’“, რაც არაბულად მომხრეობას ნიშნავს და ამ მომხრეობაში მოციქულის ბიძაშვილისა და სიძის, შიიტთა პირველი იმამისა და მეოთხე ხალიფის,  წმინდა ალი’ს მხარდაჭერა იგულისხმება. შიიტები მას მოციქულის შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვან წმინდანად აღიარებენ.

[7] გარდა მე-12 ფარული იმამისა – ო.ქ.

[8] მის წინააღმდეგ წაქეზებულ და ომის წამომწყებ ერაყს ირანმა ჯიჰადი გამოუცხადა.