ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შესახებ

26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მეჩეთის მინარეთის მოშლითა და ძალოვნების მიერ მუსლიმი მოსახლეობის ფიზიკური შეურაცხყოფით უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები.

ბოლო პერიოდში (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთწყარო) მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების, რელიგიური რიტუალებისთვის ხელის შეშლის, დევნისა და ხულიგნობის არც ერთ ფაქტს არ მოყვა შედეგად უფლებადამრღვევთა პასუხისგებაში მიცემა. სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური, არაეფექტური და დისკრიმინაციული მოქმედება უმთავრესი მიზეზი გახდა იმისა, რომ რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმთა შევიწროებამ პერიოდული ხასიათი შეიძინა.

ჩვენი სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქისთვის ამ უაღრესად სახიფათო პროცესების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებმა.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჭელას მინარეთის მოშლასთან დაკავშირებით იუსტიციიის მინისტრის პოზიცია, რომ მუსლიმებს მინარეთების გარეშეც შეუძლიათ ილოცონ, ხოლო მათი მშენებლობის უფლება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ასევე შეშფოთებას იწვევს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა აქცენტი პრობლემის რეალური არსის მიჩქმალვა და მისი პოლიტიკურ ძალთა შორის დაპირისპირების ჭრილში გადატანაა.

შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმთა რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვისა და დისკრიმინაციის გახშირებული ფაქტებიდან, ჭელაში მომხდარი ინციდენტი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ყველაზე მწვავე შემთხვევად იქცა.

ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია ჩატარებული ღონისძიების მიზეზების შესახებ, ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს და ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს მიღმაა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მუსლიმების მიერ მინარეთის განბაჟებისას არანაირი ფინანსური ზარალი არ განუცდია, თუმცა ასეთი ზარალის არსებობის შემთხვევაშიც, სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნდათ მინარეთის დემონტაჟის უფლებამოსილება.

მიგვაჩნია, რომ 2013 წლის 26 აგვისტოს საბაჟო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებისას მოხელეთა ქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაც აუცილებლად უნდა გახდეს საქართველო მთავარი პროკურატურის ძიების საგანი.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მიეცნენ ის მოხელეები და თანამდებობის პირები, რომელთა უკანონო მოქმედებებმაც უხეშად ხელყვეს სოფელ ჭელას მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

მოვლენათა სამართლებრივი შეფასება

2013 წლის 26 აგვისტოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განახორციელეს. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება ცხადყოფს, აღნიშნული განხორციელდა საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების ფარგლებში. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა დეკლარირებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდეს, ამიტომ შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა  ჩაეტარებინა სასაქონლო ექსპერტიზა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საბაჟოზე შემოტანილი საქონლის არასწორად კლასიფიცირების გამო შესაძლოა იმპორტის გადასახდელების ოდენობა შემცირებულიყო. ამის დადგენა კი, ლითონის კონსტრუქციის „ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია“.

სახელმწიფო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უნდა მივიჩნიოთ, რომ მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა საბაჟო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის შემოწმების მიზნით.

როგორც ზეპირსიტყვიერი განმარტებისას ადგილობრივმა მუსლიმებმა განაცხადეს, სახელმწიფოს წარმომადგენლები მათ ეუბნებოდნენ, რომ ბიუჯეტს მინარეთის კონსტრუქციის არასწორად განბაჟების გამო 4000-მდე ლარი დააკლდა.

მინარეთი წარმოადგენდა უძრავ ნივთთან (მიწასთან) მყარად დაკავშირებულ კონსტრუქციას, რომელსაც ჰქონდა საძირკველი. მისი დემონტაჟისათვის საჭირო გახდა მთელი ნაგებობის  საყრდენი მეტალის კონსტრუქციის დაზიანება (გადაჭრა).

უჩვეულო და დამაფიქრებელია ჩატარებული ოპერაციის ის მასშტაბი და რესურსები, რომლებიც სახელმწიფომ მისი განხორციელებისას გამოიყენა. ადგილობრივების განცხადებით, ოპერაციაში მონაწილეობდა მინიმუმ ერთი ვერტმფრენი, 45-მდე მაღალი გამავლობის ავტომობილი, სატვირთო ტრაილერი, ამწე, 200-მდე სამართალდამცავი, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც სამი საათის განმავლობაში აკონტროლებდა სოფელს, სადაც მხოლოდ 50-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ამ დროის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი ყველა გზა. მოსახლეობა და მედიის წარმომადგენლები მეჩეთთან მისვლას ვერ ახერხებდნენ. მოძრაობა მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც მინარეთი სატვირთო მანქანით სოფლიდან გაიტანეს. დემონტაჟის პროცესში მოსახლეობის ნაწილს, რომელიც სალოცავთან ახლოს მისვლას ცდილობდა, პოლიციამ სცემა, ხოლო ნაწილი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. მოქალაქეთა მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ პოლიციამ მოსახლეობის დასაშინებლად რამდენჯერმე გამოიყენა გამაფრთხილებელი გასროლაც.

რამდენიმე თვითმხილველმა განგვიცხადა, რომ იმ პირებს, რომლებიც მობილური ტელეფონებით შედარებით ახლო ხედიდან იღებდნენ დაპირისპირებისა და სხვა პირთა დაკავების კადრებს, პოლიციელები ხელმძღვანელთა მითითების შესაბამისად აკავებდნენ და ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს.

გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ადამიანებს, რომლებიც მინარეთის დანგრევის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები ხელბორკილებს ადებდნენ და მანქანის საბარგულში სვამდნენ. გავრცელებული ინფორმაციით სპეცოპერაციისას პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, რომელთა ნაწილი 26 აგვისტოს ღამესვე გაათავისუფლეს.

ერთ-ერთი დაკავებულის, სელმან ჩოგაძის თქმით, პოლიციამ იგი იმიტომ წაიყვანა, რომ თანასოფლელების დამშვიდებას ცდილობდა.  საბოლოოდ, წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით,  პოლიციამ 9 პირი დააკავა.

27 აგვისტოს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ექვს დაკავებულ პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დაჯარიმებული პირები აცხადებდნენ, რომ სასამართლო პროცესამდე ადვოკატთან გასაუბრების დრო და საშუალება არ ჰქონიათ. ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ მინარეთის დემონტაჟისას ფიზიკურად პოლიციას არ დაპირისპირებიან. ექვსივეს ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ხარისხის, მათ შორის მძიმე დაზიანებები.

სამ დაკავებულ პირს ბრალი წაეყენათ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს სახით 2-2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მინარეთის განბაჟების პროცედურის საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა

ჯამბულ აბულაძემ, 2013 წლის 14 ივლისს საქართველოში შემოიტანა მინარეთი (ასაწყობი კონსტრუქია) დაშლილ მდგომარეობაში, რომლის მწარმოებელი სახელმწიფო თურქეთია.

საბაჟო დეკლარაციის შევსებისას დეკლარანტმა მიუთითა, რომ მის მიერ შემოტანილი საქონელი იყო მობილური სახლი, რომლის კოდიც საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით არის 9406 00 110 00.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, საქონლის განბაჟებისას დეკლარანტს ევალება (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) გადაიხადოს დამატებული ღირებულების გადასახადი და იმპორტის გადასახადი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქონელი დამზადებული იყო თურქეთში, ხოლო საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის 2007 წლიდან გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, თურქეთის რესპუბლიკაში დამზადებული საქონელი იმპორტის გადასახადით არ იბეგრება.

შესაბამისად ერთადერთი გადასახადი, რომლის გადახდაც დეკლარანტს ევალებოდა დამატებული ღირებულების გადასახადი იყო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169.1 მუხლის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთი შეადგენს საბაჟო ღირებულების 18 პროცენტს. ამავე კოდექსის 213 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ნიშნავს საქონლის დეკლარირების დღისათვის მის შეფასებას.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი. შემოსავლების სამსახური აკონტროლებს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეს და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას, მას თვითონ განსაზღვრავს.

ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შემდეგ მეთოდებს:

ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);

ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);

გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);

დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);

ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);

ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).

213 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება.

არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, ჯამბულ აბულაძე ვალდებული იყო გადაეხადა მის მიერ დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 18%. არსებული ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულება  ღირებულების განსაზღვრის პირველი მეთოდის გამოყენების მიხედვით იყო 9000 აშშ დოლარი (ინვოისში მითითებული ფასი).

საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად დეკლარანტმა გადაიხადა გადასახადი და განაბაჟა საქონელი, რის შემდეგაც ის საკუთრებაში გადასცა მესამე პირებს.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით „დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. აღნიშნული ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია.“ სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მინარეთის დემონტაჟის ფორმალური საფუძველი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თურქეთის რესპუბლიკაში წარმოებული საქონელი არ ექვემდებარება იმპორტის გადასახადით დაბეგვრას. შესაბამისად, რა წონისა და კლასიფიკაციისაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული საქონელი, ის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული იყო.

რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს, ის ყველა შემთხვევაში საბაჟო ღირებულების 18%-ს შეადგნს, ხოლო საბაჟო ღირებულება მოცემულ შემთხვევაში უკვე განსაზღვრული და გადახდილი იყო საბაჟო ღირებულების დადგენის პირველი მეთოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანდა პირველი მეთოდის გამოყენებით საბაჟო ღირებულების დადგენის მართებულობაში, მას უნდა გამოეყენებინა ღირებულების დადგენის ჯერ მეორე, შემდეგ მესამე და ა.შ. მეთოდი. ამავდროულად მომდევნო მეთოდის გამოყენებისას უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა წინა მეთოდის გამოყენებით საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვლადიმერ ხუნდაძის მიერ 2013 წლის 20 აგვისტოს #39828 ბრძანებაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება, არაფერია ნათქვამი, თუ რატომ ვერ მოხერხდა საბაჟო ღირებულების განსაზღვრა სხვა, წინა რიგის მეთოდის გამოყენებით.

ამავდროულად, თუნდაც დეკლარანტის მიერ არასწორად ყოფილიყო მითითებული კლასიფიკატორი (მობილური სახლი ნაცვლად მეტალოკონსტრუქციებისა), ეს არანაირად არ იმოქმედებდა გადასახადის ოდენობაზე, რადგანაც ის მაინც  უნდა ყოფილიყო გამოანგარიშებული საბაჟო ღირებულების 18%-ით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ დეკლარანტს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის არანაირი გადასახადი არ დაუმალავს და მან სრულად შეასრულა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებანი, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საქონლის გაშვებისშემდგომი გასვლითი შემოწმების კანონიერება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს საბაჟო კონტროლის ისეთ ფორმას, როგორიცაა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.

აღნიშნული შემოწმების შესახებ დამატებითი რეგულაციები დადგენილია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ XXV თავით.

აღნიშნული ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტში ამომწურავადაა მოცემული საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების საფუძვლები. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემულ ბრძანებაში არ არის მითითებული 112-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით ჩატარდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება, რაც აღრმავებს ეჭვს, რომ საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა შემოწმების ჩატარების სათანადო კანონისმიერი საფუძველი.

ამავე ბრძანების 115-ე მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს საგადასახადო ორგანოს, გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების დაწყებამდე შემოწმების შესახებ 10 სამუშაო დღით ადრე აცნობოს დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს. როგორც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, მსგავსი შეტყობინება 2013 წლის 21 აგვისტოს ჩაბარდა ჯამბულ აბულაძის მეუღლეს, ხოლო დემონტაჟი განხორციელდა 26 აგვისტოს. აღნიშნული ქმედებით აშკარად დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნა.

ბრძანების 115-ე მუხლის მე-5 პუნქტი იძლევა ამომწურავ ჩამონათვალს იმ უფლებამოსილებისა, რომელიც გაშვების შემდგომი შემოწმების შემთხვევაში აქვს შესაბამის ორგანოს. ეს უფლებამოსილებებია:

ა) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა;

ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან (რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები გასვლითი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე;

გ) განახორციელოს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვება, დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ქმედება აშკარად გასცდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. მინარეთი, რომელიც უკვე დამონტაჟებული იყო, არ წარმოადგენდა საქონელს, არამედ ის იყო უკვე არსებული სხვა უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. ამავდროულად შემოწმებისას მოხდა არა დეკლარანტის (ან სხვა ვალდებული პირის), არამედ სხვა მესამე პირის (დავით ჩოგაძე) საკუთრებაში შეჭრა. ბუნებრივია სამართალდამცავ ორგანოებს ამის უფლებამოსილება არ გააჩნდათ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ღონისძიება ატარებდა უკანონო ხასიათს, იყო დაუსაბუთებელი და დაარღვია როგორც დავით ჩოგაძის საკუთრების უფლება, ასევე ხელყო მუსლიმი მოსახლეობის რწმენის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ მინარეთის განბაჟების პროცესში სახელმწიფოს არ განუცდია არანაირი ფინანსური დანაკლისი, ჩატარებული ოპერაციის მასშტაბები და მოცულობა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების უგულვებელყოფა და სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს მივიჩნიოთ, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანს არ წარმოადგენდა გადასახადის შესაძლო დანაკლისის დადგენა და ბიუჯეტში მიმართვა.

ჭელაში მომხდარი ინციდენტი სცილდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უკანონო მოქმედებას და რელიგიური უმცირესობებისადმი მთავრობის დისკრიმინაციული პოლიტიკის უკიდურესად შემაშფოთებელ სიმპტომად გვევლინება.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ფონდი ALPE

მრავალეროვანი საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF)

აგვ/1329