ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

განცხადება რელიგიური ორგანიზაციების კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას რვა რელიგიური გაერთიანების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოში ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის თანასწორ საგადასახადო პირობებს ვითხოვთ.

კერძოდ, 2015 წლის 16 ოქტომბერს, აღნიშნული სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო, რომლის განცხადებაში ნათქვამია: “გაუგებარია რიგი რელიგიური უმცირესობების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად კი არ ისახავს მათთვის მსგავსი შეღავათების დაშვებას, არამედ ჩვენი ეკლესიისათვის შეღავათების გაუქმებას”.

მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სარჩელის ამგვარმა ინტერპრეტაციამ, სამწუხაროდ, სარჩელის შესახებ სრულიად მცდარი წარმოდგენა წარმოშვა. აქედან გამომდინარე, უზუსტობების გასაფანტავად, აუცილებლად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ კონსტიტუციური სარჩელის არსი და მიზანი.

სახელმწიფოს უზენაესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად ... რელიგიისა...“.  სწორედ კონსტიტუციით აღიარებულ ამ პრინციპს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნა - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარ მდგომარეობაში აყენებდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას.

შესაბამისად, სარჩელი ითხოვს საგადასახადო კოდექსის კონკრეტული ნორმების (დაკავშირებული დამატებული ღირებულების, მოგების და ქონების გადასახადებთან) არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოიწვევს სადავო ნორმების იმგვარ ფორმულირებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკაფეალური ეკლესიის მსგავსად, შეძლოს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სარჩელით არ ვითხოვთ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ან მისი რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის და მისი შინაარსი არ ზღუდავს სხვა რელიგიურ გაერთიანებებს. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიისთვის კანონმდებლობით უკვე დადგენილ საგადასახადო პირობებს საფრთხე კი არ შეექმნება, არამედ, შეღავათები გავრცელდება თანასწორად ყველა რელიგიურ ჯგუფზე.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას და ამავდროულად, სარჩელის შინაარსი აღარ გახდება ორაზროვანი ინტერპრეტაციის საგანი.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაციები:

  • ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;
  • საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი;
  • საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;
  • მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი;
  • საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია;
  • წმიდა სამების ეკლესია;
  • ქრისტეს ეკლესია.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეთა წარმომადგენელი ორგანიზაციები:

  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა

 

ოქტ/1520