ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

განცხადება საეკლესიო ანტისემიტიზმის მორიგი ფაქტის შესახებ

8 თებერვალს ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა საბამ (გიგიბერია) დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარში წარმოთქმული ქადაგებისას განაცხადა, რომ ის არ აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, საუბარი კი განაგრძო ისრაელში სოლომონის ტაძრის მშენებლობაზე, რაც, მისი თქმით, ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებას ნიშნავს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი მორიგ ანტისემიტურ განცხადებას ავრცელებს.

“სხვას არაფერს ვიტყვი, ამაზე საუბარს მოვასწრებთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ შემოთავაზებული ვაქცინაციის დროს. მე გეტყვით, რომ მე არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას და თქვენ როგორც ისურვებთ, ისე გააკეთეთ. სხვათაშორის ასეთი ინფორმაციაც მოვიდა. ჩვენ შევეცადეთ ამის დაზუსტებას და ნაწილობრივ მივიღეთ ცნობა, რომ ეს სიმართლეა. ისრაელში დაიწყეს სოლომონის ტაძრის აშენება. ამას ახლა მიხვდებით ბევრი, რომ შემთხვევით არ ვამბობ, რომ ეს მოვლენა დაკავშირებული არის ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებასთან. ასე რომ მოვასწროთ ბევრი კეთილი საქმე, სულიერი უფრო მეტი და მატერიალურიც. როგორც პატრიარქმა გვითხრა, ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის, ღვთის სიყვარულით, მოყვასის სიყვარულით და ჩვენც გადავრჩებით და ჩვენს ირგვილვ ათასები გადარჩებიან”.

იერუსალიმის (სოლომონის) ტაძარი ორჯერ დაინგრა, ბოლოს პირველი საუკუნის 70 წელს. აპოკალიპტური ხედვის თანახმად, იუდეველები მოახერხებენ ტაძრის მესამედ აგებას, რათა მასში აკურთხონ ,,ანტიქრისტე, რომელიც თავს გამოაცხადებს მესიად”.  ანტივაქსერული კამპანიის კონტექსტში, ეპისკოპოსი საბა იმეორებს ებრაელთა წინააღმდეგ არსებულ ერთ-ერთ კონსპირაციას, რომლის მიხედვითაც მეორედ მოსვლა და სამყაროს აღსასრული სწორედ იუდაიზმის მიმდევართა მიერ სოლომონის ტაძრის აშენებას უკავშირდება.  იუდოფობია, იუდაიზმის მიმდევართა შიში და მათ მიმართ სიძულვილის ენა ანტისემიტიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირების ანტისემიტურმა განცხადებებმა უკვე საგანგაშო ხასიათი შეიძინა. საყურადღებოა, რომ ამ დრომდე არც საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას გახშირებული ანტისემიტური განცხადებები არ შეუფასებიათ და დაუგმიათ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ეკლესიაში გახშირებულ ანტისემიტიზმთან დაკავშირებით და დაგმოს მსგავსი შინაარსის განცხადებები.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად დაგმონ ანტისემიტიზმი, ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.

 

* * *

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში ქადაგებისას ანტისემიტური განცხადებები გააკეთა. მისი ქადაგება იმეორებს ებრაელების შესახებ გავრცელებულ საშიშ რელიგიურ სტერეოტიპს, რომლის თანახმად მთელი ებრაელი ერი, კოლექტიურადაა პასუხისმგებელი ქრისტეს ჯვარცმის გამო და ქრისტიანთა მდევნელად წარმოჩნდება, რაც საუკუნეების განმავლობაში, ინსტიტუციური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველი იყო.

მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ. ელჩმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ქადაგების ანტისემიტიზმად შეფასება არის სასულიერო პირისა და ეკლესიის მიმართ ცილისწამება.

4 იანვარს, ქუთაისი-გაენათის ეპარქიის სხვა სასულიერო პირმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ იოანე გამრეკელის დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში ასევე გააკეთა ანტისემიტური განცხადებები.

სასულიერო პირების ქადაგებებეის პარალელურად, სოციალურ ქსელებში არაერთი ანტისემიტური შინაარსის კომენტარი გაჩნდა.

 

ფოტო: PrimeTime.ge

 

თებ/2109