ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელი მიუღებელია

20 დეკემბერს, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე გამართულ რიგით მეოთხე შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა მმართველი გუნდის შემოთავაზება საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ, ისე რომ 150 საპარლამენტო მანდატიდან 50 მაჟორიტარული და 100 პროპორციული წესით განაწილდეს.

„ქართული ოცნება“ აღნიშნულ შემოთავაზებას პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლის ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ „ოპტიმალურ კომპრომისულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს. სინამდვილეში, დღეს გაჟღერებული შემოთავაზებით მმართველი გუნდი კიდევ უფრო შორს წავიდა და დაადატურა სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც გააუქმოს. ეს ინიციატივა არა კომპრომისის მიღწევას და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, არამედ სრულად პროპორციულ მოდელთან დაკავშირებით უკვე არსებული იმ რეგულაციის გაუარესებას იწვევს, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყანაში დიდი ხანია პოლიტიკური კონსესუსი არსებობს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაცხადებული ინიცატივა სრულად მიუღებელი და არასერიოზულია.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ინიციატივა კონსტიტუციის დღეს არსებულ რედაქციასთან შეუსაბამოა და საჭიროებს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას. აქამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე. წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული საარჩევნო სისტემა სწორედ იმის გამო დაიწუნა, რომ თითქოს ის კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი იყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების რესურსი აქვს, მართებული იქნებოდა, რომ ეს რესურსი გამოყენებულიყო პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ან იმ ცვლილებისთვის, რაც „ქართული ოცნების“ აზრით ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული მოდელს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანდა.       

სინამდვილეში, მმართველი პარტიის 20 დეკემბრის ინიციატივა ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც მხოლოდ მის ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოერგება და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ პარტიის ყოფნას ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდი ხნით. ამ ფონზე, კიდევ უფრო აშკარაა, რომ პროპორციული სისტემის დაპირების შეუსრულებლობა მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს და მის თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს. 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებამ არამარტო ქვეყნის შიგნით შექმნა არასტაბილური პოლიტიკური გარემო, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის იმიჯი მის ფარგლებს გარეთ, სააერთაშორისო პარტნიორების თვალში.

მიუხედავად ამისა „ქართული ოცნება“ მის მიერ შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად და კრიზისული სიტუაციის განსამუხტად პოლიტიკურ ნებას არ ავლენს. აქამდე, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციურ პარტიებთან გამართული ყველა შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა და მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის არცერთ ვერსიას.

მაშინ, როცა არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, დღეს გაჟღერებული შემოთავაზება და პარლამენტის თავმჯდომარის რიტორიკა პროპორციულ საარჩევნო მოდელებში ევროპასა და ისრაელში კრიზისების რისკებზე, წარმოადგენს საზოგადოების დაცინვას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესის უგულებელყოფას,

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იაზრებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის მოსახლეობისა და მისი მომავლის წინაშე და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოტივირებულია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესით. მნიშვნელოვანია, რომ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესში განხილული საარჩევნო სისტემის მოდელი იყოს არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და არსებითად აუმჯობესებდეს საარჩევნო გარემოს.

მოვუწოდებთ, მმართველ გუნდს კარგად გაიაზროს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და საზოგადოების მოთხოვნისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილების შესაბამისად, შეასრულოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირება.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (EPRC)

საზოგადოება და ბანკები

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ცენტრი „ემპათია“

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ლიბერალური აკადემია - თბილისი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

დეკ/1920