ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

მოხეს საჯარო სკოლაზე შიდა აუდიტის დასკვნის შეფასება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, რომელიც 16 თებერვლით თარიღდება, სკოლაში მუსლიმი მოსწავლის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი არ დასტურდება, დასკვნა ასევე ამართლებს მოსწავლისთვის დირექტორის მიერ თავსაბურავის ტარების აკრძალვას.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) 2016 წლის 26 დეკემბერს, სოფელ მოხეს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის, თეონა ბერიძის მიმართ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით მიმართა.

2 მარტს TDI-ის დამუშავებული სახით (პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფით) ჩაბარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხეს საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დასკვნა,[1] რომლის მიხედვითაც „ჩატარებული წარმოების შედეგად დადგენილი გარემოებისა და საქმესთან დაკავშირებული პირების წერილობითი ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებით არ დასტურდება დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი“.

მოწოდებულ დოკუმენტში დაფარულია თითქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელზე დაყრდნობითაც სამინისტრომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ასევე, ცალსახად არ წერია, აუკრძალა თუ არა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მოსწავლეს თავსაფრის ტარება. ამის მიუხედავად, დასკვნაში წარმოდგენილია მსჯელობა, თუ რატომ არის გამართლებული მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების შეზღუდვა.

თეონა ბერიძის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტობრივი გარემოებები

თეონა ბერიძემ, რომელიც ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა, მოხეს საჯარო სკოლაში მობილობის წესით გადასვლის მიზნით საჭირო დოკუმენტაცია 11 დეკემბერს წარადგინა. სკოლის ფიზიკის მასწავლებლის, ნათელა ნარიმანიშვილის თქმით, მან 23 დეკემბერს დირექტორის დავალებით თეონა გააფრთხილა, რომ მას არ ჩარიცხავდნენ, თუკი გააგრძელებდა სკოლაში თავსაფრით სიარულს. ბერიძემ უარი განაცხადა აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე. ბერიძის თქმით, იმავე დღეს, მას პირადად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია რეხვიაშვილმა, საკუთარ კაბინეტში, ნათელა ნარიმანიშვილის თანდასწრებით, ურჩია თავსაფრის მოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ ჩაირიცხებოდა სკოლაში. აღნიშნული მოთხოვნა რეხვიაშვილმა ახსნა სკოლის შინაგანაწესით, რომელიც, მისი თქმით კრძალავს სკოლაში თავსაბურავით სიარულს.

26-27 დეკემბერს თეონას კლასელებმა სოლიდარობის ნიშნად უარი განაცხადეს გაკვეთილებზე დასწრებაზე და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის  გათავისუფლება მოითხოვეს.

ნათია რეხვიაშვილმა რამდენჯერმე უარყო ის ფაქტი, რომ მოსწავლეს თავსაბურავის ტარება აუკრძალა და შექმნილ ვითარებას „გარეშე ძალების მიერ მართული“ უწოდა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, იმ დროისთვის, როდესაც დირექტორმა ბერიძეს სკოლაში ჩარიცხვის წინაპირობად თავსაფრის მოხსნა მოსთხოვა, იგი უკვე რამდენიმე საათის ჩარიცხული იყო. თუმცა, როგორც ბერიძე განმარტავს, ეს ფაქტი რეხვიაშვილმა მასთან არ გაამჟღავნა.

საბოლოო ჯამში, 22 დეკემბერს თეონა ბერიძე სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა მისი და მისი თანაკლასელების თქმით,  დირექტორის მხრიდან დიფერენცირებული მოპყრობა გაგრძელდა და დისკრიმინაციის ფაქტებმა განგრძობადი ხასიათი მიიღო.

TDI-მ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის პირველ ეტაპზე მოამზადა სამართლებრივი შეფასება და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ  „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მიუთითა.

TDI-თვის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, მოხეს საჯარო სკოლაში, თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაციისა და მისი უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა TDI-სთან კომენტარში აღნიშნა, რომ 17-19 იანვარს, სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოკითხეს სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, და მოსმენილი განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნეს, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია და მე-12 კლასელი თეონა ბერიძისთვის თავსაფრის მოხსნა არავის მოუთხოვია.

როგორც უკვე აღინიშნა, განათლების სამინისტროს მიერ TDI-თვის მიცემული განმარტების საპირისპიროდ, სამინისტროს მიერ მოწოდებულ შიდა აუდიტის დასკვნაში დაფარულია ან არ არის მითითებული გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა ან უარყოფდა ბერიძისთვის დირექტორის მიერ თავსაფრის აკრძალვის ფაქტს.

განათლების სამინიტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინსპექტირების დასკვნის სამართლებრივი ანალიზი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაცია არ დგინდება შემდეგი არგუმენტით:

  • თავსაფრის გამოყენება მოხეს საჯარო სკოლაში ეზღუდებოდა არა მხოლოდ თეონა ბერიძეს, არამედ ყველა მოსწავლეს, შესაბამისად, დისკრიმინაციის შემადგენლობის ერთ-ერთი ელემენტი, პირის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, სახეზე არ გვაქვს.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია სკოლაში მიღებისას რაიმე სახის დისკრიმინაცია. TDI-ის შეფასებით, განათლების სამინისტროს უნდა ემსჯელა, რამდენად დაცულია სკოლაში სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოსწავლეების უფლებები და ხომ არ აქვს ადგილი მათ მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას. სამინისტროს არ შეუფასებია, ეზღუდებათ თუ არა სხვა მოსწავლეებს, მათ შორის დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს, რელიგიური ატრიბუტიკის ან სიმბოლოების ტარება, ან რელიგიური იდენტობის სხვა ფორმით გამოხატვა. დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა თავსაფრის ტარებასთან დაკავშირებით შეეხება არამხოლოდ თეონა ბერიძეს, არამედ ვრცელდება ყველა მუსლიმ მოსწავლეზე, რომელიც სკოლაში თავსაბურავით ტარებას გადაწყვეტს. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით,  „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს სკოლაში სადაც მოსწავლეთა 90% მუსლიმია, მანამდე არ ჰქონიათ თავსაფრით სკოლაში სიარულის გამოხატული სურვილი. აღნიშნული ჩანაწერი არ შეესაბამება სიმართლეს, ამახინჯებს TDI-ის შეფასების კონტექსტს და  დაუსაბუთებელი არგუმენტაციის გამართლების მცდელობას წარმოადგენს.  TDI-ის განცხადებაში მითითებული იყო სკოლაში მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსწავლეების პროცენტული განაწილება, და არაფერი იყო ნათქვამი წარსულში მუსლიმი მოსწავლეების მიერ თავსაბურავის ტარების გამოცდილებაზე.

შიდა აუდიტის დასკვნა ამართლებს საჯარო სკოლაში თავსაფრის აკრძალვას შემდეგი არგუმენტებით:

  • „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოები არ უნდა იყოს გამოფენილი არააკადემიური დანიშნულებით.  სამინისტროს ინტერპრეტაციით, თავსაფარი გაიგივებულია იმ რელიგიურ ატრიბუტიკასთან, რომლის განთავსებაც სკოლაში კანონით აკრძალულია.

TDI-ის შეფასებით, სამინისტრო ახდენს კანონის არასწორ ინტერპრეტაციას. მოცემული ნორმა არ ვრცელდება მოსწავლის მიერ რელიგიური ატრიბუტიკის, მათ შორის თავსაბურავის ტარებაზე, რადგან აღნიშნული ნორმით იკრძალება სკოლაში ჯვრების, ხატების და სხვა სიმბოლოების არააკადემიური დანიშნულებით განთავსება და არა მოსწავლის მიერ რელიგიური შინაარსის სიმბოლოების თუ სამოსის, მათ შორის თავსაფრის ან ჯვრის ტარება. ასევე, უგულებელყოფილია ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს. 

მაშინ როდესაც სამინისტრო საუბრობს სკოლაში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის საფრთხეზე, გასათვალისწინებელია ამ კუთხით სამინისტროს რეაგირება წლების განმავლობაში საჯარო სკოლებში გამოვლენილ, სეკულარობის პრინციპების დარღვევის სისტემურ შემთხვევებზე. საქართველოს სახალხო დამცველისა და რელიგიის თავისუფლების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები და კვლევები ადასტურებს საჯარო სკოლებში არააკადემიური დანიშნულებით მართლმადიდებლური სიმბოლიკის განთავსებისა და რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის პრაქტიკას[2].  აღნიშნული ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სამინისტრო ძირითადად არ რეაგირებს კანონდარღვევებზე და მისი პოლიტიკა რელიგიური ნეიტრალობის დაცვისა და თანასწორუფლებიანი გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, არაეფექტური და არაადეკვატურია. ასევე, დასკვნაში არ ჩანს, დაინტერესდა თუ არა სამინისტრო მოცემული მუხლის სავარაუდო დარღვევის რეალური ფაქტებით, კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციის მიერ სასკოლო სივრცეში რელიგიური სიმბოლიკის გამოფენის შემთხვევებით. ამ ფაქტთან მიმართებით შიდა აუდიტს კონკრეტული მითითება არ გაუკეთებია.

  • დასკვნაში აღნიშნულია, რომ  „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა. მოსწავლის „ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება“ კი შეუძლებელია, თუ სკოლა არ განცალკევდება რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისგან.

TDI-ის შეფასებით, მოცემული არგუმენტით არათუ ვერ საბუთდება მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვა, არამედ იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების მიერ დასახულ მიზნებს. ლიბერალური ფასეულობების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი სწორედ რელიგიის თავისუფლებაა და ამ კუთხით ნებისმიერი აკრძალვა უნდა ისახავდეს ლეგიტიმურ მიზანს. „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

  • დასკვნა თავსაფრის ტარების აკრძალვას ამართლებს „რელიგიური შუღლის გაღვივების“ თავიდან არიდების არგუმენტით - სამინისტროს თქმით, სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე “ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივებისა“. დასკვნაში ვკითხულობთ: „სასკოლო სივრცეში მყოფ პირთა ნაწილი თავსაფრის ტარების თემას უკავშირებს სასკოლო სივრცის გარეთ მიმდინარე პროცესებს, კერძოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში რელიგიური მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის საკითხს, შესაბამისად სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის შეუფერებლად და რაიმე ნიშნით დაპირისპირების გარეშე წარმართვის უზრუნველსაყოფად სკოლა უფლებამოსილია იმსჯელოს და კანონით დადგენილი წესით დაადგინოს დაპირისპირების გამომწვევი შესაძლო მიზეზების შემზღუდველი ნორმები და მოსთხოვოს შინაგანაწესის რეგულაციებს დაქვემდებარებულ პირებს ამ შეზღუდვების დაცვა“.

TDI-ის შეფასებით, მოხეს ე.წ. სადავო ნაგებობასთან დაკავშირებული მოვლენების კონტექსტში კონკრეტული მოსწავლისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის გამართლება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ ინდივიდის მიერ რელიგიური თვითგამოხატვა კონფლიქტის მაპროვოცირებელია. მსგავსი მიდგომა რელიგიური ჯგუფის მარგინალიზებას და მის მიმართ ნეგატიური განწყობების გავრცელებას უწყობს ხელს.  თუკი, სამინისტრო სოფელ მოხეში რელიგიური კონფლიქტის გამომწვევი მიზეზებითა და არსებული სოციალური კონტექსტით ინტერესდება, შიდა აუდიტის დეპარტამენტს პირველ რიგში უნდა შეესწავლა,  რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის აქტივიზმი და განცხადებები.  როგორც ცნობილია, სკოლის დირექტორი, მართლმადიდებელი მრევლის წევრის სახელით, აქტიურად მონაწილეობდა მოხეს სადავო ნაგებობის საკითხთან დაკავშირებულ აქციებში და მუსლიმების წინააღმდეგ საჯარო განცხადებებსაც აკეთებდა. ამდენად, განათლების სამინისტროს მსჯელობის საგანი შეიძლება გამხდარიყო საკითხი, თუ რამდენად აკმაყოფილებს დირექტორი პროფესიული ეთიკის სტანდარტებს იმ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა მუსლიმია.  

  • დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შინაგანაწესი არ კრძალავს კონკრეტულად თავსაფრის ტარებას, ასეთი შეზღუდვა მაინც შეიძლება დაწესდეს სხვა ჩანაწერებით გათვალისწინებული მიზნებიდან გამომდინარე, როგორიცაა მოსწავლისთვის შეღებილი თმით სიარულის აკრძალვა.        

მოხეს საჯარო სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით აკრძალულია მოსწავლისათვის სკოლაში გამოცხადდეს შეღებილი თმით. დასკვნის მიხედვით, თავსაფრის ტარების შემთხვევაში შეუძლებელია დადგინდეს იცავს თუ არა მოსწავლე შინაგანაწესის აღნიშნულ მოთხოვნას.  თავსაბურავის ტარებასა და სკოლაში შეღებილი თმით სიარულს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი აბსურდულად ჟღერს, მოკლებულია სამართლებრივ მსჯელობასა და დასაბუთებას.

  • დასკვნა თავსაფრის ტარების აკრძალვას ამართლებს ზოგიერთ სახელმწიფოში არსებული პრაქტიკიდან მაგალითების მოხმობის საფუძველზე, სკოლაში თავსაბურავის აკრძალვა შეიძლება გამომდინარეობდეს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპიდან და არ ზღუდავდეს რელიგიის თავისუფლებას.

TDI-ის შეფასებით, კომპარატიული ანალიზისთვის აუცილებელია კონკრეტული ქვეყნების სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური კონტექსტის გათვალისწინება. პირველ რიგში კი განხილული უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები. მაგალითად, გერმანიაში, სადაც დებატები იმართებოდა საკითხზე, უნდა ჰქონოდათ თუ არა მასწავლებლებს უფლება, ეტარებინათ ისლამური თავსაბურავები, 2003 წლის 24 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მასწავლებელსა და ბადენ-ვურტენბერგის მიწას შორის საქმეზე დაადგინა, რომ კანონში ამკრძალავი ნორმის არარსებობა ნიშნავდა, რომ მასწავლებლებს უფლება ჰქონდათ, თავსაბურავი ეტარებინათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განსაზღვრა სახელმწიფოში რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა, ფარგლები და ჩარევის ლეგიტიმურობა. „ რწმენის თავისუფლება ერთგვარად მსოფლმხედველობის თავისუფლებაა, რადგან შესაძლებლობა, იცხოვრო და განვითარდე საკუთარი ინტერესების, სურვილის, გემოვნების, წარმოდგენების და შეხედულებების, ამასთან შესაძლებლობების შესაბამისად, ქმნის ადამიანის „მე“-ს, მის შინაარსს, პიროვნებას, განსაზღვრავს მის დანიშნულებას პირად, კერძო გარემოცვასა თუ საზოგადოებაში, ორიენტაციას აძლევს მის ცხოვრებას. ამიტომაც ამ თავისუფლებაში უხეში, გადამეტებული ჩარევა [...] იწვევს მის სულიერ ტანჯვას“. „ზოგადად, პიროვნების იძულება, მოიქცეს თავისი რწემენის საწინააღმდეგოდ, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა რწმენის უარყოფის ეკვივალენტური იყოს“[3]. კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმა აღმჭურველია და რელიგიის თავისუფლებაში მოიცავს რელიგიის გამოხატვის, მათ შორის რელიგიური ატრიბუტიკის და სამოსის ტარების უფლებას. საქართველოს  კონსტიტუციის მე-19 მუხლი რწმენის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს „მისი გამოვლინების შემთხვევაში მხოლოდ სხვათა უფლებების და თავისუფლებების დაცვის მიზნით“[4]

იმ სამართლებრივ მოცემულობაში, როდესაც ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობს სკოლაში თავსაბურავის ტარების ამკრძალავი ნორმა და არც სხვათა უფლებების ხელყოფის საფრთხე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინსპექტირების დასკვნა და მასში აკრძალვის გამართლების ნებისმიერი მცდელობა მოკლებულია დასაბუთებას და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

აღნიშნულ დოკუმენტში უგულებელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ კანონისა“ და საერთაშორისო სამართლით დადგენილი რელიგიის თავისუფლების სტანდარტები, რითაც სამინისტრო ფაქტობრივად, დისკრიმინაციის ლეგიტიმაციას ახდენს და შეუძლებელს ხდის რელიგიური უმცირესობებისთვის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული სასწავლო სივრცის არსებობას.

 

[1] საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა #0902171610

[2] https://www.ombudsman.ge/ge/reports/saparlamento-angarishebi; http://www.tdi.ge/sites/default/files/religiuri-diskriminaciisa-da-konstituciuri-sekularizmis-kvleva.pdf; https://emc.org.ge/2017/02/08/emc-213/;

[3] საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ, 2011 წელი, 22 დეკემბერი.

[4] იქვე:

მარ/1707