ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საეკლესიო ანტისემიტიზმი - განახლებადი ინფორმაცია

ბოლო განახლება: 11 იანვარი, 2021 


ბოლო პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ანტისემიტურ ქადაგებებს საჯარო დისკუსია მოჰყვა. ეკლესია ამ დრომდე არ აღიარებს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებების პრობლემურობას. პარალელურად, სოციალურ ქსელებში არაერთი ანტისემიტური შინაარსის კომენტარი გაჩნდა. არც ეკლესიას და არც სახელმწიფოს არ გაუკეთებიათ ანტისემიტიზმის კონკრეტული შემთხვევების კრიტიკული შეფასება. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) უკვე რამდენჯერმე გამოეხმაურა აღნიშნულს, დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი და ეკლესიას და სახელმწიფოს დროული და მკაცრი შეფასებისკენ მოუწოდა. 

წინამდებარე დოკუმენტში წარმოგიდგენთ განახლებად, ქრონოლოგიურ ინფორმაციას ანტისემიტიზმის კონკრეტული შემთხვევების, მნიშვნელოვანი განცხადებებისა და დაკავშირებული მოვლენების შესახებ. 

20 დეკემბერი, 2020 - ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში ქადაგებისას ანტისემიტური განცხადებები გააკეთა.

იოანე გამრეკელი ამბროსი მედიოლანელის ცხოვრების შესახებ ქადაგებაში ყვება ამბავს, როდესაც ქრისტიანებსა და იუდაურ თემს შორის დაპირისპირებისას, რიცხობრივი უპირატესობის წყალობით, ქრისტიანებმა სძლიეს ებრაელებს და სინაგოგა დაანგრიეს. მოგვიანებით, კი სინაგოგის აღდგენაზე ქრისტიანებმა მათ ფაქტობრივად უარი უთხრეს. რადგან მმართველის თქმით, ებრაელები საუკუნების მანძილზე ქრისტიანებს აწამებდნენ, ამიტომ ჯერ ამის ფასი უნდა გადაეხადათ. ამ მაგალითის საფუძველზე მიტროპოლიტმა ებრაელთა დისკრიმინაცია _ სალოცავის დანგრევა გაამართლა, შემდეგ კი ,,ურწმუნო მოდგმის“ შესახებ შეფასება იმ ადამიანებზე განაზოგადა, რომლებიც ზოგადად საპატრიარქოს აკრიტიკებენ: ,,აი, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, აქ, ეს არ არის - ეთნიკური საზღვრებით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა - ეკლესიის წინააღმდეგ.”. 

28 დეკემბერი, 2020 - TDI-მ საჯარო განცხადება გაავრცელა და დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი. TDI-ს პოზიციით, ქადაგება იმეორებს ებრაელების შესახებ გავრცელებულ საშიშ რელიგიურ სტერეოტიპს, რომლის თანახმად მთელი ებრაელი ერი, კოლექტიურადაა პასუხისმგებელი ქრისტეს ჯვარცმის გამო და ქრისტიანთა მდევნელად წარმოჩნდება, რაც საუკუნეების განმავლობაში, ინსტიტუციური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველი იყო. TDI-მ მოუწოდა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და საქართველოს ხელისუფლებას, კრიტიკულად შეფასონ და დაგმონ ანტისემიტიზმი. 

იხ. TDI-ს 28 დეკემბრის განცხადება

30 დეკემბერი, 2020 - ქუთაის-გაენათის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გამოქვეყნდა მიტროპოლიტის პირველი საპასუხო წერილი. იოანე გამრეკელმა არ აღიარა მისი განცხადებების ანტისემიტური შინაარსი და აღნიშნა, რომ მას ეთნიკური ნიშნით არ გამოურჩევია ებრაელები. მისი თქმით, ისტორიულ წარსულში იუდაურ თემსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტს „რელიგიური ელფერი“ ჰქონდა. ან ასევე ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა უფლებადამცვლები და კონკრეტული ადამიანები, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და დეკანოზი ბასილ კობახიძე.

29 დეკემბერი, 2020 - მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ. ელჩმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ქადაგების ანტისემიტიზმად შეფასება არის სასულიერო პირისა და ეკლესიის მიმართ ცილისწამება. მან მიტროპოლიტის ანტისემიტურ ქადაგებაში მონათხრობს 1600 წლის წინანდელი “კონკრეტული არასასიამოვნო ფაქტი” და ამბროსი მედიოლანელის მეფესთან დიალოგის ციტირება უწოდა; ასევე საკუთარი ინტერპრეტაცია გაუკეთა მიტროპოლიტის სიტყვებს ,,ურწმუნო მოდგმის” შესახებ და თქვა, რომ ეს განზოგადებულია კაცობრიობის ურწმუნო მოდგმაზე, მარკოზის სახარების მიხედვით.

TDI მიიჩნევს, რომ ელჩ ლაშა ჟვანიას განცხადება შემაშფოთებელია. საქართველოს ელჩი არ უნდა აკეთებდეს ანტისემიტური ქადაგების მხარდამჭერ განცხადებას, უნდა ჰქონდეს სეკულარული პოზიცია და საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს იცავდეს.

1 იანვარი, 2021 - ქუთაის-გაენათის ეპარქიამ TDI-ს შესახებ მიტროპოლიტის მეორე  განცხადება  გამოაქვეყნა. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ცდილობს ,,შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში.“ მისი თქმით, “ქადაგება რამდენიმე ისტორიული ფაქტის გარდა შეეხო არა ებრაულ თემს, არამედ თანამედროვე საქართველოში მოქმედ TDI-ის ფორმატის ორგანიზაციებს.” 

3 იანვარი, 2021 - იოანე-გამრეკელის ქადაგებას გამოეხმაურა ებრაული ორგანიზაცია “ისრაელის სახლი”. ორგანიზაციის განცხადებით, მიტროპოლიტის ქადაგება ,,ანტისემიტიზმის გამოვლინებად, შუღლის გაღვივებისა და ზოგიერთი რადიკალური ჯგუფის წახალისების” მცდელობად შეაფასა.  “ისრაელის სახლის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას პოზიცია _ „ის გვერდს უვლის მიტროპოლიტის ანტისემიტურ გამონათქვამებს და ცდილობს მას პასუხისმგებლობა ააცილოს გაუგებარი განმარტებებით“.

4 იანვარი, 2021 - საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა საგანგებო ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეპისკოპოსის ქადაგება ,,სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია“. მისი თქმით, „იმედისმომცემი იყო“ 31 დეკემბერს მიტროპოლიტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული წერილი, სადაც ,,მან განმარტა თუ რა იყო ნაგულისხმევი მის სიტყვაში, და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა ებრაელი ხალხის მიმართ.“

4 იანვარი, 2021 - ელჩმა რან გიდორმა მეორე განცხადებაც გააკეთა ამ საკითხზე და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღის მისალოც ტექსტში აღნიშნა, რომ პატრიარქის, როგორც სულიერი წინამძღვრის როლი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია “ახლახან რასისტული, ანტისემიტური და არატოლერანტული გზავნილების გავრცელების სამწუხარო ფაქტიდან გამომდინარე”.

4 იანვარი, 2021 - ქუთაისი-გაენათის ეპარქიის სხვა სასულიერო პირმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ იოანე გამრეკელის დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში ასევე გააკეთა ანტისემიტური განცხადებები. 

ღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან". ილია კარკაძის თქმით, მიტროპოლიტი იოანე საკუთარ ქადაგებში ფაქტებს ყვებოდა: “აი მე რომ წავიკითხო მაგალითად, აბელის წინასწარმეტყველება ხო, და აბელს უწერია რომ ურიებიო, დაგესლავენ რუსეთსო და ფაქტია, ეს რომ ასეა კაცო”. დეკანოზი ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში ებრაელებს დიდი გავლენა ჰქონდათ, სტალინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, მათი დაჯგუფებები რევოლუციას აწყობდნენ.  დეკანოზი ილია კარკაძე საბჭოთა დროს  ებრაელების გავლენებზე საუბრიდან გადადის ფინანსურ გავლენებზე საუბარზე: ,,დღევანდელი მთელი ბანკური სისტემა [იგულისხმება საბანკო სისტემა] ვის ხელშია ჩაპყრობილი? მე არ დავიწყებ ამ საუბარს, გადახედეთ და მიხვდებით”. მისი თქმით, სტალინის მოტყუება ვერ მოახერხეს, რადგან ,,დიდი გენია” იყო, დღეს კი საქართველო და რუსეთიც ამ ძალების მიერ დაპყრობილია “ოფშორული ფულით”. ყველაფრის სათავეში ადვილი მისახვედრია ,,რა ძალები არიან” - ,,ამეების ხელშია დღეს ბერკეტები ფინანსური”- ამბობს დეკანოზი.

5 იანვარი, 2021 - ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, ქუთაისი-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის და დეკანოზი ილია კარკაძის ანტისემიტურ განცხადებებზე, მათ შორის უფლებადამცველების უსაფუძვლო კრიტიკაზე, შეფასებები და შეჯამება გამოაქვეყნა. TDI განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან მიტროპოლიტი იოანეს განცხადებების კრიტიკულად შეფასების მნიშვნელობას. საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.

იხ. TDI-ის მეორე განცხადება

8 იანვარი, 2021 - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, ასევე, ქუთაისი-გაენათის ეპარქიამ, გამოაქვეყნეს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადება ეკლესიის სასულიერო პირების ანტისემიტური ქადაგებების შესახებ. მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აცხადებს, რომ ანტისემიტურ შინაარსს შეიცავდა დეკანოზ კარკაძის განცხადებები, თუმცა არ აღიარებს საკუთარი ქადაგების ანტისემიტურ შინაარსს და ამას კვლავ “მის წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებულ კამპანიას” უწოდებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეკანოზ ილია კარკაძის 4 იანვრის ქადაგება “სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით”. მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ მან დეკანოზ ილია კარკაძეს შენიშვნა გამოუცხადა და რომ დეკანოზი წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

8 იანვარი, 2021 - TDI-ის მესამე განცხადება - TDI-მ, დეკანოზი ილია კარკაძის ანტისემიტური განცხადების კრიტიკულად შეფასება დადებითად, პირველ სწორ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. თუმცა, TDI განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეაგირება არასაკმარისია ეკლესიაში არსებული ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემის დასაძლევად. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, რომ ღიად გამოხატოს პოზიცია და კრიტიკულად შეაფასოს მიტროპოლიტი იოანეს და დეკანოზი ილიას ანტისემიტური განცხადებები. TDI-მ ასევე მოუწოდა საპატრიარქოს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.

იხ. TDI-ის მესამე განცხადება

8 იანვარი, 2021 - ისრაელის ელჩის, რან გიდორის მესამე განცხადება. ელჩი აღნიშნავს: “ზუსტად ერთი კვირის წინ გამოვხატე ჩემი სურვილი და იმედი, რომ ახალ წელს შევხვდებოდით კიდევ უფრო მტკიცე რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არა აქვს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა [..]”. იგი კრიტიკულად აფასებს დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტურ განცხადებებს. მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებასთან დაკავშირებით კი კვლავ აღნიშნავს, რომ  მეუფე იოანე გამრეკელის მიერ ჩატარებული ქადაგება ძალზედ სადავო და პრობლემურია და “შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური”. ელჩი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, “რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები”; ის ასევე აღნიშნავს, რომ იმედს იტოვებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი “კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს”.

8 იანვარი, 2021 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა, ელჩი რან გიდორის განცხადებას, ტვიტერზე მოკლე განცხადებით უპასუხა. ზალკანიანმა განცხადებაში აღნიშნა, რომ “ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში”. მინისტრმა ბოლო პერიოდში გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებებს კრიტიკულად არ უპასუხა; ზალკანიანს, ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გაკეთებულ შემაშფოთებელ განცხადებაზეც არ გაუკეთებია კრიტიკული კომენტარი; ლაშა ჟვანიამ, 29 დეკემბრის განცხადებაში, მიტროპოლიტი გამრეკელის ანტისემიტურ განცხადებებს დაუჭირა მხარი.

9 იანვარი, 2021 - დეკანოზმა ილია კარკაძემ საკუთარ ანტისემიტურ ქადაგებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. მისი მიმართვაში არ ჩანს აღიარება ან სინანული წინა განცხადებების გამო. იგი აღნიშნავს, რომ პატივს სცემს და უყვარს ქართველი ებრაელები, საუბრობს ებრაელ კლასელებთან მეგობრობის გამოცდილებაზე. მისი თქმით, ქართველი ებრაელები განსხვავდებიან სიონისტი ებრაელებისგან, რომლებსაც სტალინი, “ისტორიული ცნობების” მიხედვით, მტრებად მიიჩნევდა. 

9 იანვარი, 2021 - ანტისემიტიზმის შემთხვევებს გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო". პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ "ნებისმიერი რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ ქადაგება არის უზნეობა და სამარცხვინო საქციელი. განსაკუთრებით ანტისემიტიზმი, მთელი კაცობრიობის უახლესი ისტორიის გამო". მან კიდევ უფრო საგანგაშო და სამარხვინო უწოდა ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებას, რომელმაც გაამართლა მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი. პარტიის შეფასებით ""ეს განცხადებები არის სამარცხვინო, უზნეო და მიმართულია ადამიანის თავისუფლების და ღირსების წინააღმდეგ და საფრთხეს წარმოადგენს. ამაზე ხელისუფლების რეაქცია უნდა იყოს მკაფიო". ევროპული საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრისგან ელჩ ლაშა ჟვანიას გამოწვევას მოითხოვს.  

10 იანვარი, 2021 - მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარმა რაბინმა, იაკობ გაგულაშვილმა განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში გაგულაშვილი ებრაელი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე საუბრობს და აღნიშნულზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი ვერ იქნება. მან ანტისემიტურ განცხადებებზე კრიტიკული გამოხმაურება პროვოკაციად შეაფასა და საზოგადოებას მოუწოდა, არ აჰყვნენ მას. 

10 იანვარი, 2021 - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეუფე იოანე გამრეკელს არ მოუხსენიებია ებრაელი ხალხი კნინობით ფორმაში; აღნიშნა, რომ მიტროპოლიტმა საკუთარ ქადაგებაში წმინდანის ციტატა მოიყვანა, ხოლო მისი დანარჩენი ნათქვამი საზოგადოების იმ ჯგუფებს ეხებოდა, რომლებიც ცდილობენ ეკლესიისთვის ჩრდილის მიყენებას. ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მიტროპოლიტმა გამრეკელმა უკვე გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტება და ეკლესია დამატებით განმარტებებს საჭიროდ არ მიიჩნევს.  

11 იანვარი, 2021 - საქართველოს სახალხო დამცველმა და მასთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის განცხადებით, “ქვეყანაში ანტისემიტური მოსაზრებების გავრცელება საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ებრაელი ხალხის თანასწორუფლებიანობას და ამასთან, წარმოაჩენს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული - ჰოლოკოსტი და მისი გამომწვევი წინაპირობები სათანადოდ არ არის გააზრებული. ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება საფრთხის შემცველია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის”. 

ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ანტისემიტური რიტორიკა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ცალკეული პიროვნებების განხილვის საგნად და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ უნდა დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ერის მიმართ.  

12 იანვარი, 2021 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ჟურნალისტის მიერ ანტისემიტურ განცხადებებზე დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ “ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და, რა თქმა უნდა, განმარტებები სასულიერო პირების განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა თვითონ ეკლესიამ და ჩვენ უკვე ვნახეთ. მე, რა თქმა უნდა, დამატებით ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ”. მან ასევე გაიმეორა საგარეო საქმეთა მინისტრის ზალკანიანის ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადება და აღნიშნა, რომ “ანტისემიტიზმის ადგილი ქვეყანაში არასდროს ყოფილა და არც იქნება”.





 

იან/2111