ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საპატრიარქოს განცხადებაზე “ტრადიციულ რელიგიებთან” დაკავშირებით

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რელიგიის თავისუფლება დაასახელა. რელიგიის თავისუფლების საკითხი იყო პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის მიზანიც.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია: “ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და რომ ეს დღესაც ასეა. ამდენად, რელიგიის თავისუფლების იდეა ჩვენთვის უცხო არ არის”.

საგანგაშოა საპატრიარქოს მიერ შემწყნარებლობაზე საუბარი “ტრადიციული რელიგიების” კონტექსტში. საქართველოს კანონმდებლობა არ ყოფს რელიგიურ ჯგუფებს ტრადიციულ, არატრადიციულ ან რაიმე სხვა ნიშნით განსხვავებულ გაერთიანებებად. კონსტიტუცია იცავს ყველას რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა. გაუგებარია, ვის გულისხმობს საპატრიარქო “ტრადიციულ რელიგიებში”, თუმცა ნათელია, რომ იგი შემწყნარებლობას და რელიგიის თავისუფლებას მხოლოდ რელიგიური გაერთიანებების ერთი ნაწილის მიმართ აღიარებს. 

საქართველოში შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია არადომინანტური რელიგიური ჯგუფების მიმართ სისტემური პრობლემაა. ამგვარი დამოკიდებულების წყარო ხშირად საზოგადოება, სახელმწიფო ან თავად მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არიან. რელიგიური უმცირესობები დღემდე განიცდიან სისტემურ დისკრიმინაციას, ვერ ახერხებენ ისტორიული ქონების დაბრუნებას, ხელოვნური დაბრკოლებები ექმნებათ ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობისას, ხშირია შეუწყნარებლობის შემთხვევები საგანმანათლებლო სივრცეში, პასუხისგებაში არ არიან მიცემული კონკრეტული პირები რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამო და სხვ. 

ამ ფონზე, გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის მიერ უმაღლესი დონის შეხვედრაზე გაკეთებულმა განცხადებამ, რომლის თანახმად, ის შემწყნარებლობას იჩენს მხოლოდ რელიგიური ჯგუფების ერთი ნაწილისადმი, შესაძლოა, შეუწყნარებლობის ახალი ტალღა წარმოშვას და ხელი შეუწყოს რელიგიური გაერთიანებების კატეგორიზაციასა და იერარქიზაციას. 

გარდა ამისა, თუკი საპატრიარქო “ტრადიციულ რელიგიებში” მაგალითად, სომეხთა სამოციქულო ან კათოლიკე ეკლესიებსაც მოიაზრებს, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ  სომხური და კათოლიკური ისტორიული ტაძრების ნაწილი, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა ჩამოართვა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საპატრიარქომ მიისაკუთრა. მსგავსი მაგალითები ნამდვილად ვერ გამოდგება შემწყნარებლობის ნიმუშად.

გულდასაწყვეტია, რომ უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან რელიგიის თავისუფლების თემატიკაზე გამართული შეხვედრისას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, როგორც საპატრიარქოს მიერვე გავრცელებული განცხადებიდან იკვეთება, რელიგიური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ კონტექსტში საუბარი არჩიეს. 

 

 

ფოტო: აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდი.


 

ნოე/2019