“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევ საპარლამენტო საკონკურსო კომისიას

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი პროცესი დასრულდა და საბჭო სრულად დაკომპლექტდა, რაშიც საკონკურსო კომისიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მთელი პროცესის, მათ შორის, საკონკურსო კომისიის მუშაობის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია კონკურსის თითოეული ეტაპის გაანალიზება.

სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსისადმი მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილა მეურვეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნინო ცინცაძემ და შესაბამისად, ვერ გადავიდა შერჩევის შემდეგ ეტაპზე. ნინო ცინცაძეს აქვს მედიის, გამოხატვის თავისუფლების, განათლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი არის საქართველოში პორტიჯის ასოციაციის, ასევე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ვებგვერდის რედაქტორი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომისიის დებულების თანახმად, კანდიდატები ფასდებიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების საფუძველზე.

გთხოვთ, გვაცნობოთ, რას ითვალისწინებს აღნიშნული კრიტერიუმები, როგორ ფასდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია და შესაბამისად, რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ნინო ცინცაძემ.

ასევე, გვაინტერესებს, რატომ არ გახდა კომისიის წევრებისათვის მნიშვნელოვანი, ნინო ცინცაძის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში მკაფიოდ ხაზგასმული პრიორიტეტები:

  • სახელისუფლებლო, რელიგიური და პოლიტიკური გავლენებისაგან მაუწყებლის სრული განთავისუფლება
  • სამეურვეო საბჭოს როლის ზრდა ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეწყობაში
  • გასაჩივრების გამჭვირვალე მექანიზმებითა და საზოგადოებრივი საბჭოების ამოქმედების გზით, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა
  • ჟურნალისტთა ეთიკური სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის ზრდა.

თავის ხედვასა და ამ ხედვის წარდგენისას ნინო ცინცაძემ ასევე ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებაში ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და რასიზმის წინააღმდეგ, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს გენდერული თანასწორობის, პოზიტიური მშობლობისა და წიგნიერების კულტურის ხელშეწყობის მხარდასაჭერად.

ჩვენი მოსაზრებით, სწორედ ესენია ის საკვანძო საკითხები, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სანდოობას, და შესაბამისად, მისი რეიტინგის ზრდას შეუწყობს ხელს.

გვჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის გაანალიზება, გამჭვირვალობა და საზოგადოების დაინტერესებულ წევრთა ჩართულობა საშუალებას მოგვცემს,  ვისაუბროთ შესარჩევი პროცესის ძლიერ მხარეებზე და თავიდან ავიცილოთ შესაძლო შეცდომები მომავალში.

 

ხელმომწერები:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო (BBSA- Georgia)

საფარი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

სახარების რწმენის ეკლესია

საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის

აპრ/1615