ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI: ანდრია ჯაღმაიძის სიძულვილის ენის შემცველი განცხადების შეფასება

შეშფოთებას გამოვხატავთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებასთან დაკავშირებით, დმანისში განვითარებული მოვლენების თაობაზე.

ანდრია ჯაღმაიძე 18 მაისს, პირად ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს და ეთნიკური ქართველებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონი ,,არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად” მოიხსენია

,,აქ მცხოვრები ქართველების "ეკომიგრანტებად მოხსენიება" არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა, უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მაშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას, სწორედ ეს უსამართლობა იყო მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველიც.” - აღნიშნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.  

მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების “არასახარბიელო” ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფად მოხსენიება შეურაცხმყოფელია, აძლიერებს ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას. 

თავის პოზიციაში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის გამართლებასაც ცდილობს. 

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა, მედიის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებამ,  ჟურნალისტებზე თავდასხმამ ან მათზე თავდასხმის გამართლებამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და  საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე.

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის, პასუხისმგებლობა და როლი, დაგმოს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სიძულვილის ენის შემცველი პოზიცია და შეწყვიტოს საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება.  

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაფასოს და დაგმოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აღნიშნული განცხადება. 

 

ფოტო: ტვ პირველი

მაისი/2118