ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI “წილხვდომილობის” შესახებ ლექციებში მასწავლებლების მონაწილეობაზე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს რეგიონებში პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების ჩატარებას ეხმაურება.

8 ივნისს მედიისა და  სოციალური ქსელების მეშვეობით  ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა რეგიონში საჯარო სკოლების ასეულობით მასწავლებელს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის შესახებ თეოლოგიური ლექციები ჩაუტარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგების ნაწილს ლექციაზე დასწრება დაავალეს და განსახილველი თემის შესახებ წინასწარ არ შეატყობინეს. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ლექციები დაეთმო ქრისტიანობისა და სახარების არსზე საუბარს და არ ყოფილა ინტერაქტიული. ამასთან, საყურადღებოა, რომ წალკის რაიონიდან რუსთავში ლექციაზე დასასწრებად ჩასული პედაგოგების უმრავლესობა მუსლიმი იყო.

საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, 2019 წლის 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით გამოაცხადა.  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 900 ათას ლარამდე გამოიყო. მთავრობის კიდევ ერთი განკარგულებით, დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომლის მიხედვით თბილისსა და რეგიონებში წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები დაიგეგმა.

საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა. მიუხედავად ზოგადი განათლების შესახებ კანონის მკაცრი მოთხოვნისა, სკოლებში ხშირად არ არის დაცული რელიგიური ნეიტრალობა, მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა რელიგიურ რიტუალში, ხდება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით გამოფენა, ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, დისკრიმინაციისა და რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის შემთხვევებს სახელმწიფო არ უწევს სათანადო მეთვალყურეობას და მათზე შესაბამისად არ რეაგირებს[1].

იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ხელს უწყობდეს საჯარო საგანმანათლებლო სივრცეში დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და ამ კუთხით, პედაგოგების ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, მასწავლებლებს მონაწილეობა უხდებათ მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური შინაარსის ღონისძიებებში.

TDI მიიჩნევს, რომ პროცესი, რომელიც მოიცავს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში პედაგოგების ჩართვას, ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს. ასევე ირღვევა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მთელი რიგი ნორმები:

  • სახელმწიფო ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზნად აცხადებს რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას (მუხლი 3);
  • დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია. (მუხლი 13);
  • დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს (მუხლი 18).

მსგავსი ტიპის ლექციებში პედაგოგების, მით უმეტეს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მასწავლებლების ჩართვა ყოვლად მიუღებელია. პრობლემურია ის გარემოებაც, რომ პედაგოგებს დაგეგმილი ღონისძიების მიზნისა და შინაარსის შესახებ წინასწარ არ მიეწოდათ შესაბამისი ინფორმაცია.

გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების გამართვა, რამდენადაც  ისინი, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული,  მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების მიერ ორგანიზებულ და აკრედიტებულ ოფიციალურ ტრენინგად მეტისმეტად ძნელია მივიჩნიოთ. ყოველივე აქედან გამოდინარე, მსგავსი ლექციები ვერ მოემსახურება მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, რაც მათ პროფესიულ წინსვლაში დაეხმარებოდა და მისცემდა შესაბამის კრედიტს. 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს საპატრიარქოსგან დისტანცირებას და არღვევს რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ პრინციპს. ღვთისმშობლის წილხვდომილებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, ამ მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი და დახარჯული თანხა სწორედ მოცემულ სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს.

მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიცვან სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციური პრინციპი და რელიგიური ნეიტრალობა;

საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, არ დაუშვას საჯარო სკოლებში კონსტიტუციითა და “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით განმტკიცებული რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დარღვევა; განმარტოს, აღნიშნულ ლექციებში მასწავლებლების ჩართვის საფუძვლები და მიზნები, წარმოადგინოს პასუხისმგებელი უწყებებისა და გაწეული ხარჯების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.

 

 

 

[1] რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარობის კვლევა საქართველოში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, http://tdi.ge/sites/default/files/religiuri-diskriminaciisa-da-konstituciuri-sekularizmis-kvleva.pdf

ივნ/1910