TDI დმანისში ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების სავარაუდო დისკრიმინაციას იკვლევს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ქალაქ დმანისის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორის მიერ  “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის დირექტორის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევაზე მიუთითებს.

TDI-ის იურისტი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 10-11 ივლისს, ქალაქ დმანისში იმყოფებოდა და პირველი საჯარო სკოლის 5 მასწავლებელი,  3 მშობელი და 2 მოსწავლე გამოკითხა.

ქალაქ დმანისის მოსახლეობა შერეული ეთნიკური კომპოზიციისაა, აქ ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები და ბერძნები ცხოვრობენ. ქალაქ დმანისში სამი საჯარო სკოლაა, მათ  შორის, ერთი - რუსული. დმანისის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის ინფორმაციით, ქართულენოვან, პირველ საჯარო სკოლაში სულ 225 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის, 5 -  ეთნიკურად სომეხი, 1 - ბერძენი, 51- აზერბაიჯანელი.

მასწავლებლების თქმით, სკოლის დირექტორი თანამდებობაზე 2015 წლის 12 იანვარს დაინიშნა. TDI-ის მიერ გამოკითხული მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახსნა-განმარტებებში დირექტორის ქსენოფობიურ განწყობებზე და არაქართველი მოსწავლეების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკაზე საუბრობენ. გამოკითხული მასწავლებლების თქმით, დირექტორს არ გააჩნია დაკავებული პოზიციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები,  მათ შორის,  სასკოლო სივრცეში ინტერკულტურული განათლებისა და ტოლერანტული გარემოს შექმნისთვის საჭირო ცოდნა. დირექტორი არ უწყობს ხელს ეთნიკური ნიშნით განსხვავებული მოსწავლეების ინტეგრაციას და მათთვის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას.  

“დირექტორი ძალიან ხშირად განსაკუთრებული, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ზიზღით მიმართავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლებიც სკოლაში მოდიან რომ შეისწავლონ ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, [...] ხშირად ბავშვებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით “გაეთრიეთ თქვე თათრებო”, “შე ნაგავო სომეხო” და ა. შ” (მ.მ -ს ახსნა-განმარტება).

როგორც სკოლის მასწავლებლებმა TDI-ის განუცხადეს, დირექტორი პირველი კლასის ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების მისაღებად თვითნებური გამოცდების ჩატარებას გეგმავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მათ, თუ ქართული ენა განსაზღვრულ დონეზე ეცოდინებათ. მასწავლებლების თქმით, დირექტორი მაქსიმალურად ცდილობს, სკოლაში ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები აღარ სწავლობდნენ. მათივე თქმით, დირექტორის მიერ ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებისადმი დისკრიმინაციულმა მიდგომამ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ მოსწავლეთა ურთიერთობაზე და წაახალისოს უმცირესობათა ჩაგვრა.

ორი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის მშობელი TDI-თან საუბარში მათი შვილების მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. ა.ა.-ს თქმით, მთელი წლის განმავლობაში, მისი ორივე შვილი ხშირად სკოლიდან სხვა მოსწავლეების მიერ ნაცემი ბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თითოეული ფაქტის შესახებ დირექტორს აწვდიდნენ ინფორმაციას, სიტუაცია უცვლელი რჩებოდა, რადგან, როგორც ერთ-ერთი მშობელი ახსნა-განმარტებაში უთითებს, დირექტორი ჩხუბის პროვოცირებაში, მუდმივად, მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ადანაშაულებდა.

მიმდინარე წლის მარტში ა.ა.-ს შვილი, რომელიც აღნიშნული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა, სკოლიდან სხეულის გარეგანი დაზიანებებით დაბრუნდა. კერძოდ, მშობლის აღწერით, მას თავის არეში აღენიშნებოდა ჩალურჯებები და მაჯაზე სისხლჩაქცევა. როგორც მოგვიანებით მოსწავლემ მშობელს აუხსნა, უფროსკლასელმა ქართველმა მოსწავლემ მას ხელები გადაუგრიხა და  სახეში თავი დაარტყა. მშობლის თქმით, აუცილებელი გახდა ნაცემი მოსწავლისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. მშობლებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩნეს.

მეორე დღეს, მოსწავლე და მისი ერთ-ერთი მშობელი დირექტორთან გამოცხადდნენ,რათა ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია მიეწოდებინათ.

როგორც მშობელმა TDI-ის განუმარტა, დირექტორი მათ აგრესიულად შეხვდა და მოსწავლის სკოლიდან გადაყვანა მოითხოვა. მშობლის თქმით, დირექტორმა განაცხადა, რომ  ,,საერთოდ არ სჭირდებოდა თათარი, სომეხი და რუსი მოსწავლეები საკუთარ სკოლაში და თუ მშობლებს სიტუაცია არ მოსწონდათ შეეძლოთ  ბავშვი სკოლიდან გადაიყვანათ”.   ა. ა-მ დააკონკრეტა, რომ ეს არ იყო სკოლიდან მოსწავლის გადაყვანის მოთხოვნის პირველი შემთხვევა. ადრე დირექტორმა ა. ა.-ს შვილები სიზარმაცეში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მოუწოდა, რომ ბავშვები მაინც არ სწავლობდნენენ და სჯობდა, ისინი სკოლიდან გაეყვანა.  ა.ა.-ს უმცროსი შვილის, ნ.მ.-ს თქმით, დირექტორი საკმაოდ ხშირად იყენებს ტერმინს “თათარი,” უშუალოდ მოსწავლეებთანაც. მოსწავლე TDI-სთან განმარტავს, რომ დირექტორი ხშირად შედის მათ საკლასო ოთახში და მთელი კლასის თანდასწრებით აცხადებს, რომ “თათრები მოსულან”, ან/და “თათრები წასულან”.

გამოკითხული მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ დირექტორი ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული აგრესიით და ქსენოფობიური განწყობით გამოირჩევა. მაგალითად, 2016 წელს, მან ერთ-ერთ სომეხ მოსწავლეს “დამპალი სომეხი” უწოდა. მოსწავლის მშობლებმა ფაქტის თაობაზე, ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ოფიციალურად განცხადებით მიმართეს, თუმცა, მოგვიანებით, თავად დირექტორის დაჟინებული მოთხოვნით, უარი თქვეს ადმინისტრაციულ წარმოებაზე და წერილი უკან გამოიტანეს.  

ა. ა.-ს თქმით, დირექტორი ხშირად ჩხუბობს, ყვირის და არ შეუძლია ნორმალური კომუნიკაცია. მშობელი გამოთქვამს ეჭვს, რომ დირექტორი შესაძლოა, ზოგჯერ იყოს ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ა.ა-ს თქმით, 2017 წლის მარტის შემდეგ, მისი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მოსწავლე მუდმივი სტრესის ქვეშ არის და შიშობს, რომ, შესაძლოა, სექტემბრიდან, როცა სასწავლო პროცესი განახლდება, დირექტორი ისევ მოითხოვს ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების მიერ სკოლის დატოვებას ან/და გააგრძელებს არასრულწლოვანების შეურაცხყოფასა და დისკრიმინაციას.

დისკრიმინაციულ მოპყრობას, მათ შორის ეროვნული/ეთნიკური ნიშნით, კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლები და, ასევე, საქართველოს კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”.

“ზოგადი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, სკოლა ვალდებულია, დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა. ამავე მუხლის მიხედვით, სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.

გარდა იმისა, რომ კანონის საფუძველზე სკოლის ადმინისტრაცია თანაბრად უნდა ზრუნავდეს ყველა მოსწავლეზე, განურჩევლად მათი ეროვნებისა, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სკოლას მყისიერი რეაგირება უნდა ჰქონდეს სკოლაში მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. TDI-ს მიერ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ დმანისის საჯარო სკოლაში არც კანონის ნორმები სრულდება და არც ძალადობისა და დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევებზე მომხდარა შესაბამისი რეაგირება.

სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი კრძალავს დირექტორის მხრიდან შერჩევით მოპყრობას და ადგენს, რომ სკოლის დირექტორი უნდა იჩენდეს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ,   მათი სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.  გარდა ამისა, ეთიკის კოდექსის თანახმად, სკოლის დირექტორი არ უნდა აყენებდეს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ უნდა ახდენდეს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

TDI სწავლობს ქალაქ დმანისის პირველ საჯარო სკოლაში მომხდარ სავარაუდო დარღვევებს და უახლოეს დღეებში მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და ეფექტიანი რეაგირების მოთხოვნით.


*მშობლებისა და მასწავლებლების პირადი მონაცემები (სახელი/გვარი)  დაფარულია, მისათითებლად გამოყენებულია ინიციალები, მათი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონიერი ინტერესიდან გამომდინარე.

 

 

TDI სამართლებრივ დახმარებას და სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებს "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.

 

ივლ/1718