TDI- ის განცხადება სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით

26 აგვისტოს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში სამართალდამცველების ჩარევის შედეგად მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორია, რომელზეც მეჩეთი მდებარეობს წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას.

სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ მინარეთის დემონტაჟს მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენება; ნაცემი და დაკავებულია 11 მუსლიმი მოქალაქე.

იმ ფონზე, როდესაც ნიგვზიანის, წინწყაროსა და სამთაწყაროს მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ლოცვის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება, როდესაც პასუხისგებაში არ არიან მიცემული მუსლიმთა კონსტიტუციური უფლებების დამრღვევი პირები, რის შედეგადაც სისტემური ხასიათი მიიღო მუსლიმთა დევნამ, სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უპასუხისმეგბლო ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში რელიგიური მშვიდობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კატეგორიულად გმობს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს; აფასებს ამ ფაქტს, როგორც მუსლიმთა მორიგ დისკრიმინაციას და მიმართავს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათი შელახული უფლებების აღსადგენად.

აგვ/1326