ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს

TDI მიიჩნევს, რომ  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, იოანე გამრეკელის ანტისემიტური ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს აქამდე საჯაროდ არ დაუგმია საეკლესიო ანტისემიტიზმის გამოვლენის ფაქტი.

20 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იოანემ, ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა “ქრისტიანთა მდევნელი” და “ურწმუნო მოდგმა”. ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება.

მიტროპოლიტმა იქადაგა ამბროსი მედიოლანელის ცხოვრების შესახებ და მოყვა რამდენიმე ეპიზოდი. მიტროპოლიტის ქადაგება ისტორიული თვალსაზრისით, ბევრ უზუსტობას შეიცავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, TDI-ს მიზანი ისტორიული სიმართლის დადგენა არ არის. მიტროპოლიტმა აღნიშნა: ქრისტიანებმა სძლიეს ებრაულ თემს და სინაგოგა დაუნგრიეს. როდესაც იუდაურმა თემმა სინაგოგის აშენების თხოვნით მიმართა მმართველს, მათ მეფემ შეუთვალა,  ჯერ გადაიხადონ, რაც ,,საუკუნეების მანძილზე ამდენი ქრისტიანი აწამესო”. ებრაელებმა საბოლოოდ უარი თქვეს, ჩვენ თვითონ ავაშენებთ სინაგოგასო. მან ასევე დასძინა, რომ ებრაელები შეიძლება “ქალაქში ცოტანი იყვნენ, მაგრამ მსოფლიოში არ არიან ცოტანი, და გავლენაც აქვთ მეფის კარზე ყოველთვის, ახლაც.”   

იოანე გამრეკელმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ “ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ.” მან პარალელი გაავლო ებრაელებს, “ურწმუნო მოდგმასა” და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. შემაშფოთებელია ამ კონტექსტში უფლებადამცველების ,,ეკლესიასთან მებრძოლებად” მოხსენიებაც.

ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსის (IHRA) განმარტებით, ანტისემიტიზმი არის ებრაელთა იმგვარი აღქმა, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ სიძულვილში გამოიხატოს. ანტისემიტიზმის ვერბალური და ფიზიკური გამოვლინებები მიემართება ებრაელებს, მათ ქონებას, ებრაულ ორგანიზაციებსა და რელიგიურ დაწესებულებებს. ანტისემიტიზმი მოიცავს შეთქმულების თეორიებს ებრაელების შესახებ და ადანაშაულებს ებრაელებს, როდესაც მსოფლიოში რაიმე უარყოფითი მოვლენა ხდება.

ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დეკლარაციაში (2018) აღნიშნულია, რომ ანტისემიტიზმი, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ექსტრემისტული, პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფი დგას მის უკან,  საფრთხეს უქმნის ებრაელი ხალხის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და შესაძლებლობას, გამოხატონ საკუთარი იდენტობა.

უკიდურესად სახიფათოა გავრცელებული სტერეოტიპი, რომ თითქოს ებრაელები ქრისტეს და ქრისტიანებს დევნიან. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში გაეროს საგანგებო მომხსენებელი აჰმედ შაჰიდი 2019 წლის ანგარიშში რელიგიური შეუწყნარებლობის ყველა ფორმის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ანტისემიტურ ნარატივებში ებრაელებს კოლექტიურ დანაშაულს მიაწერენ იესო ქრისტეს მკვლელობისთვის, მოიხსენიებენ იუდასა და სატანის შთამომავლებად; ხშირად ახასიათებენ, როგორც “მზაკვარ, განსაკუთრებული გავლენისა და კონტროლის მქონე ადამიანებად”. ამგვარი სტერეოტიპული წარმოდგენები საუკუნეების განმავლობაში ვრცელდებოდა რელიგიურ სწავლებებში, ქადაგებებსა და ხელოვნებაში  - აღნიშნავს გაეროს სპეციალური მომხსენებელი. 

ანტისემიტიზმის შედეგებმა მსოფლიოზე უმძიმესი კვალი დატოვა. ბევრი უარყოფითი სტერეოტიპი სათავეს იღებს მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთში გამოქვეყნებული ყალბი პროპაგანდისტული ბროშურიდან “სიონის უხუცესთა პროტოკოლები’’, რომელიც ძველი წყაროების პლაგიატის საფუძველზე ქმნიდა შეთქმულების თეორიას ებრაელთა მიერ მსოფლიოს კონტროლისა და დომინაციის შესახებ. ებრაელების შესახებ სტერეოტიპების საფუძველზე დაშენდა ინსტიტუციონალიზებული ანტისემიტიზმი, რომელიც თანამედროვე კონტექსტშიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

საქართველოში მართლმადიდებელი მაღალი იერარქიის წარმომადგენელი სასულიერო პირების მხრიდან იუდაური რელიგიისადმი შეუწყნარებლობის გამოვლენა იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის უგულებელყოფაცაა, რომელიც ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს.

მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის აღნიშნული ქადაგება არ არის მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან ანტისემიტიზმის საჯარო გამოვლენის პირველი ფაქტი. მაგალითად, 2013 წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მონაწილეობდნენ რელიგიური შუღლის გაღვივებისა და ანტისემიტიზმის გამოვლენაში. სადღესასწაულო შეკრებისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ისრაელის ელჩი ესწრებოდნენ, დეკანოზი დავით ისაკაძე შეურაცხყოფდა ებრაელ ხალხს, იუდაურ რელიგიას და აცხადებდა, რომ ხანუქას აღნიშვნა მათთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებლებისთვის, მიუღებელია. საპატრიარქოს მართლმადიდებელი მღვდლების ანტისემიტური მოწოდებები არც მაშინ დაუგმია და მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სკოლის ასაკიდან ისწავლება ანტისემიტიზმისა და ჰოლოკოსტის მძიმე შედეგები და ხდება ამ მოვლენების გააზრება. ჰოლოკოსტი წარმოადგენს საბაზისო მორალური პრინციპების, ღირებულებების შესახებ დისკუსიისთვის კარგ მაგალითს; ამ თემების ღრმად შესწავლა, მათზე მსჯელობა არის მსგავსი ფენომენის განმეორების ყველაზე ეფექტური პრევენცია.

სამწუხაროდ, ანტისემიტიზმის, ჰოლოკოსტისა და მისი შედეგების გააზრება არც საქართველოს ხელისუფლებისთვისაა პრიორიტეტული. ამის დასტურია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყოველწლიური ანგარიში, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ანტისემიტიზმის შედეგების სწავლებასთან დაკავშირებით სახელმწიფოების მიერ გატარებულ ღონისძიებებს აღწერს. ანგარიში სახელმწიფოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება. მათში არაფერია ნათქვამი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.         

TDI მიმართავს

საქართველოს საპატრიარქოს:

  • საჯაროდ კრიტიკულად შეაფასოს და დაგმოს მიტროპოლიტის ანტისემიტური ქადაგება;

საქართველოს ხელისუფლებას:

  • ზოგადი განათლების სისტემაში დანერგოს ანტისემიტიზმისა და ჰოლოკოსტის შესახებ სწავლება, რაც ხელს შეუწყობს ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას;

  • გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები და მკაცრად შეაფასოს ანტისემიტიზმი და სიძულვილის ენის გამოყენება.

 

 

 

 

 

 

 

დეკ/2028