ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI გმობს ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს

TDI გმობს ხელისუფლების წარმომადგენლების მიზანმიმართულ და ორკესტრირებულ შეტავას საქართველოს პარლამენტის წევრ ტარიელ ნაკაიძეზე. მმართველი პარტიის დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ტარიელ ნაკაიძის მიმართ მიზანმიმართულად აქეზებს სიძულვილსა და ძალადობას; იგი მიმართულია არამხოლოდ ბატონი ტარიელის, არამედ ყველა იმ დისკრიმინირებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა უფლებებს ის წლებია პრინციპულად იცავს.   

22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა და მხარდამჭერმა სოზარ სუბარმა ტარიელ ნაკაიძეს უთხრა, რომ 20 წელია იცნობს და აგენტი უწოდა. მოგვიანებით კი, ხელისუფლების პროპაგანდისტულ არხ იმედზე მოღალატე და უღირსი უწოდა. რუსული კანონის მეორე ავტორმა, ე.წ. ხალხის ძალის წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ კი ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ამ მოვლენებს მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომელმაც თქვა რომ ტარიელ ნაკაიძეს “მძიმე რეპუტაცია აქვს” და “მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა”. 

ტარიელ ნაკაიძე, წლებია, იცავს და იბრძვის რელიგიის თავისფულების, თანასწორობის,  რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად. იგი გაბედულად საუბრობს არა მხოლოდ მუსლიმი თემის, არამედ ყველა ჩაგრული ადამიანის და ჯგუფის უფლებების შესახებ. დღესაც ტარიელ ნაკაიძე, დეპუტატის რანგში, ხშირად საუბრობს ქვეყანაში სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფის სახელით, დგას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მუსლიმები წლების განმავლობაში სისტემურ დისკრიმინაციის წინაშე დგანან და დევნას განიცდიან, მათ ხშირად ეძღუდებათ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება. სახელმწიფო მათ საჭიროებებს არა უფლებათა დაცვის,, არამედ მოჩვენებითი უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს. სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა იწვევს საზოგადოებრივი ჯგუფების გარიყვას, უნდობლობას, აღრმავებს დისკრიმინაციას და  აზიანებს ტოლერანტული გარემოს. 

ხელისუფლების მიერ უფლებადამცველების, განსხვავებული რელიგიისა თუ უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენლების დისკრედიტაცია და “აგენტებთან” გაივივება, აღვივებს შუღლს, აქეზებს ძალადობას და მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისგან.  

 

მარ/2325