TDI მოხეში მოსწავლის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს სწავლობს

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“(TDI) სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ  „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მიუთითებს.

TDI სწავლობს მოხეს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის სავარაუდო დისკრიმინაციისა და უფლებების დარღვევის ფაქტს და ადეკვატური რეაგირებისთვის მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას.

სკოლის მოსწავლე აცხადებს, რომ მან ბათუმის 27-ე საჯარო სკოლიდან მოხეს საჯარო სკოლაში მობილობის წესით გადასვლის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაცია 11 დეკემბერს  წარადგინა და დირექტორისგან სკოლაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანებას ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე საჭირო პროცედურისთვის დადგენილ ყველა კანონიერ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, ერთ-ერთმა მასწავლებელმა გააფრთხილა, რომ არსებობდა დირექტორის მიერ სკოლაში ჩარიცხვაზე უარის თქმის რისკი, თუკი იგი სკოლაში თავსაფრის ტარებას გააგრძელებდა.

როგორც მოსწავლემ TDI-ს განუმარტა, მოგვიანებით,  სკოლაში თავსაფრის ტარება მას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია რეხვიაშვილმაც აუკრძალა. რეხვიაშვილის თქმით, მოხეს სკოლაში, სხვა სკოლებისგან განსხვავებული წესები მოქმედებს რომელთა მიხედვითაც, ცალკეული მოსწავლეების მიერ თავსაფრით სიარული დაუშვებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება საჯარო სკოლის საქმიანობის პრინციპებს.

მოხეს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას ნათია რეხვიაშვილი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მოხეს ადგილობრივი მოსახლობა ეჭვქვეშ აყენებს თავად რეხვიაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის კანონიერებასაც. მათი თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ  დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლდა წინა დირქტორი, ასევე, სავარაუდოდ დისკრიმინაციული საფუძვლით უარი ეთქვა იმავე პოზიციის დაკავებაზე   მუსლიმი თემის წარმომადგენელს, რომელიც ადგილობრივების თქმით, ამ თანამდებობისთვის უფრო  კვალიფიციური და გამოცდილი იყო.

ამასთან, როგორც გამოკითხული პირები უთითებენ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მოხეში 2014 წლიდან სადავო ნაგებობის გარშემო განვითარებული მოვლენების დროს გამოირჩეოდა  მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით. TDI-ის მიერ გამოკითხული   მუსლიმები ასევე აღნიშნავენ, რომ ნათია რეხვიაშვილი თავისი საქმიანობითა და პოზიციის გამოხატვის ფორმით სკოლაში დისკრიმინაციული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

TDI-ის ინფორმაციით, მოხეს საჯარო სკოლაში 180-მდე მოსწავლე სწავლობს, რომელთაგანაც დაახლოებით 90% მუსლიმია. სკოლაში სწავლობენ როგორც სოფელ მოხეს, ასევე მიმდებარე სოფლების მოსწავლეებიც.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია რელიგიის თავისუფლება. სახელმწიფო არათუ არ უნდა ჩაერიოს ადამიანის რწმენასა და  პირად სივრცეში, არამედ თავად უნდა აღკვეთოს უფლების გამოყენებისთვის ხელისშეშლის ფაქტები. ასევე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-13 მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს სკოლაში  რაიმე სახის დისკრიმინაციას და კრძალავს სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილების იმგვარ გამოყენებას, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის არახელსაყრელ პირობებში ჩაყენება.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი კრძალავს მოსწავლეს დაეკისროს ისეთი ვალდებულების შესრულება, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მის რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს. კანონით ასევე დაუშვებელია საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური დანიშნულებით განთავსება, თუმცა, მოსწავლეებს არ ეზღუდებათ რელიგიური ატრიბუტიკის, მათ შორის, თავსაფრის ტარება. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დირექტორის მხრიდან კანონის  დარღვევასა  და მოსწავლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #80/ნ ბრძანება სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ, უთითებს, რომ  დირექტორმა უნდა დაიცვას პროფესიული სტანდარტი და მოსწავლეზე არ მოახდინოს ემოციური ან/და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამავე კოდექსის თანახმად, დირექტორი თანასწორად უნდა ეპყრობოდეს ყველა მოსწავლეს, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა.

საქმის დეტალების საფუძვლიანი კვლევის შედეგად,  TDI მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს სკოლაში მომხდარი ფაქტის შესწავლისა და ეფექტური რეაგირების მოთხოვნის მიზნით. TDI ასევე საჭიროდ მიიჩნევს, დეტალურად იქნეს შესწავლილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წინაპირობები, მისი პროფესიული კომპეტენტურობა და საჯარო საქმიანობისა და განცხადებების შესაბამისობა დირექტორის პროფესიული  ეთიკის სტანდარტებთან.

 

 

დეკ/1624