TDI საქართველოს საზღვარზე მუსლიმი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობს

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საქართველოს მუსლიმი თემის წევრების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს სწავლობს.

მუსლიმი თემის წარმომადგენლებს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ხშირად ექმნებათ დაბრკოლებები. TDI საკითხის შესწავლის მიზნით, 2016 წლის თებერვლიდან აჭარის რეგიონში კვლევას ატარებს. ორგანიზაციის იურისტმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვა ადგილობრივ მუსლიმებს, ასევე, ჩაატარა მონიტორინგი უშუალოდ სარფში მუსლიმი თემის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ საზღვრის გადაკვეთისას. კვლევის მიზანია სარფის საბაჟოზე შექმნილი პრობლემების სამართლებრივი შეფასება და ადვოკატირება.

აჭარის რეგიონში ჩატარებული კვლევის შუალედური შედეგები გვიჩვენებს, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლების უფლებათა დარღვევის სავარაუდო ფაქტები ხშირად, თურქეთ-საქართველოს საზღვარის გადაკვეთისას, კერძოდ, საქართველოს სასაზღვრო პუნქტზე ხდება, განსაკუთრებით, თუ მათ თან აქვთ არაქართულენოვანი ლიტერატურა ან/და რელიგიური დანიშნულების ნივთები.

მუსლიმების თქმით, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ძირითადად, პრობლემები ექმნებათ  იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული, მუსლიმთა უფლებებს და ინტერესებს საჯაროდ იცავენ და მუსლიმ  სასულიერო პირებს. თუმცა, საზღვარის კვეთისას, დაბრკოლებები რიგით მუსლიმ მოქალაქეებსაც ექმნებათ, რომლებიც სასწავლებლად ან სამუშაოდ დადიან თურქეთის რესპუბლიკაში.

TDI-მ გამოკითხა ის მუსლიმი მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის კვეთის  პრობლემა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შეექმნათ. მათგან ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდა. მათი თქმით, საზღვრის კვეთისას პრობლემები ადრეც ექმნებოდათ, თუმცა, ამ პრაქტიკამ სისტემატური ხასიათი 2013 წლიდან მიიღო.

გამოკითხული მუსლიმები ამბობენ, რომ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე მათ დასაბუთების გარეშე აფერხებენ. არის შემთხევევები, როცა საზღვრის გადაკვეთისას, სასაზღვრო პოლიციის ფორმაში ჩაცმულ პირებს მუსლიმი მოქალაქეები ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გაჰყავთ იზოლირებულ ოთახში, სადაც ხდება მათი ზედაპირული დათვალიერება, სპეციალური შემოწმება და, ხშირ შემთხვევაში, ჩხრეკაც. მუსლიმები აღნიშნავენ, რომ ჩხრეკის ან/და ზედაპირული დათვალიერების დროს არანაირი დოკუმენტი არ დგება და არც პროცედურის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით აწვდიან ინფორმაციას. მუსლიმების აზრით, ამგვარი დამოკიდებულება მათ რელიგიურ კუთვნილებას უკავშირდება.

TDI-სთან საუბარში, მუსლიმი თემის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისას, სარფის საზღვარზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა მომავალში პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, მას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა ურჩია. არაფორმალური გასაუბრების დროს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის თანამშრომლები (გამოკითხულ მუსლიმთა ვარაუდით, შსს-ს თანამშრომლები) ინტერესდებიან ისეთი პირადი ინფორმაციით, როგორიცაა მოქალაქის განათლება, საქმიანობა, რა მიზნით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რომელ უნივერსიტეტში სწავლობდა, რატომ აქვს წვერი მოშვებული, იცის თუ არა არაბული ენა და სხვ.

მუსლიმი თემის წევრების მიერ მოყვანილი სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების გადამოწმების მიზნით, TDI-ის იურისტმა მიმდინარე წლის 20 მარტს ჩაატარა მონიტორინგი სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე მუსლიმი თემის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ საზღვრის გადაკვეთისას. იგი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების ეტაპზე დაახლოებით ნახევარი საათი დააყოვნეს. მის კითხვაზე, თუ რა ხარვეზი იყო მის დოკუმენტებში, საბაჟოს თანამშრომლებმა ვერ უპასუხეს და მხოლოდ ის განმარტეს, რომ ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ. ამ დროის განმავლობაში, სანამ აღნიშნული პირი პასუხს ელოდებოდა, TDI-ს იურისტის დაკვირვებით, რეგისტრაცია გაიარა დაახლოებით 25-30-მა ადამიანმა, რომელთაგან არცერთს არ შექმნია მსგავსი პრობლემა. მათ, საშუალოდ, ერთი წუთის განმავლობაში აყოვნებდნენ. მუსლიმი მოქალაქის ვარაუდით, იგი სასაზღვრო გამშვები პუნქტის სპეციალურ სიაში არის შეყვანილი და ყოველ ჯერზე, საზღვრის კვეთისას, დაუსაბუთებლად და არაგონივრული ვადით აჩერებენ.

მუსლიმების თქმით, რელიგიური ლიტერატურის შემოტანასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მოუთითებს. გამოკითხულთა განმარტებით, მათ ნივთებს უღებენ ფოტოებს და ეუბნებიან, რომ ფოტოები უნდა გაიგზავნოს თბილისში (არ ასახელებენ კონკრეტულ უწყებას),  სადაც გადაწყდება ნივთებისა და მათი მესაკუთრეების ბედი.

TDI-ის მიერ გამოკითხული მუსლიმების თქმით, არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო საზღვარზე რელიგიური ლიტერატურის გადმოტანისთვის მესაზღვრეები სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, “მთავარი მუფტის”, (მუსლიმთა განმარტებით, იგულისხმება დასავლეთ საქართველოს მუფტი - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო) მიერ გაცემულ წერილობით თანხმობას ითხოვენ.

შესაბამისად, სახელმწიფო, სავარაუდოდ, უკანონო წინააღმდეგობებს უქმნის მუსლიმ თემს  უფლებებით ეფექტური სარგებლობისას.  

მუსლიმი თემის წარმომადგენლები საუბრობენ საზღვრის გადაკვეთის დროს ქალების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის პრაქტიკაზეც.  კერძოდ, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ზედაპირულ დათვალიერებას, სპეციალურ შემოწმებასა და ჩხრეკას, როგორც მუსლიმი თემის წევრები უთითებენ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ატარებენ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და „პოლიციის შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტებს.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  იმ ფონზე, როდესაც მუსლიმური იდენტობის მქონე მოქალაქეებს ისედაც შეზღუდული აქვთ საჯარო სივრცეები,  ექმნებათ პრობლემა რელიგიის გაცხადებისას, რელიგიური რიტუალის აღსრულებისას, ხელი არ მიუწვდებათ საჯარო სამსახურზე, საზღვრის გადაკვეთისა და ლიტერატურის შემოტანასთან დაკავშირებული ბარიერები მუსლიმთა დისკრიმინაციის მნიშვნელოვანი სეგმენტია, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს ჯგუფის მარგინალიზებას და გარიყვას.

ამ პრობლემაზე უკვე რამდენიმე წელია, მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველიც და მის სისტემატურობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი პრაქტიკა წარმოადგენს რელიგიური გაერთიანების ავტონომიაში ჩარევას, საქართველოში მოქალაქის შემოსვლის კონსტიტუციური უფლებისა და მიმოსვლის თავისუფლების უფლებათა დარღვევას დისკრიმინაციულ საფუძველზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, TDI მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შემოსავლების სამსახურს:

  • განიმარტოს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ექმნებათ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს აღნიშნული პრობლემები. ამასთან, მოკვლეულ იქნეს მოხსენიებული ფაქტები და, სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში, დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა.

  • უზრუნველყონ სასაზღვრო გამტარ და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება დისკრიმინაციის აკრძალვის, სეკულარობის პრინციპებისა და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.

TDI განაგრძობს სახელმწიფო საზღვარზე მუსლიმი მოქალაქეების უფლებების მონიტორინგს, რომლის დასრულების შემდეგ, წარმოადგენს დეტალურ ანგარიშს.

 

მარ/1623