TDI საპატრიარქოს მიერ აკადემიური და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნაზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეშფოთებას იწვევს საქართველოს საპატრიარქოს უხეში მცდელობა, გავლენა იქონიოს აკადემიური და გამოხატვის თავისფლების შეზღუდვაზე. განსაკუთრებით საგანგაშოა  ის გარემოება, რომ აღნიშნული მცდელობები საპატრიარქოს სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისაკენ შეფარული მოწოდების, მეცნიერთა, ხელოვანთა, მედიის წარმომადგენლთა საქართველოდან იძულებით გაძევების მუქარის ფონზე მიმდინარეობს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 24-25 ოქტომბერს გაიმართა კონფერენცია "როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში? - კულტურა, ისტორია, პოლიტიკა". ამ კონფერენციის თანმდევი გამოფენის ერთ-ერთმა სურათმა, რომელზეც საქართველოს საპატრიარქოს მოსაზრებით, „თვითმკვლელი ღვთისმშობელია“ გამოსახული,  საპატრიარქოს არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია.

ფორმულა “მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა”, რომელსაც საპატრიარქო მიმართავს, საქართველოში ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილია და სამართლებრივ კატეგორიას არ წარმოადგენს. ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოები, როგორიცაა რუსეთი, “მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას” პირდაპირ იყენებენ ცენზურის დასაბრულებლად, გამოხატვის თავისუფლების მოსასპობად. კერძოდ, ანალოგიური მოტივები გამოყენებული იყო რუს ხელოვანთა და ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფის “Pussy Riot”-ის  პოლიტიკურ პროცესში.

სამწუხაროდ, საპატრირქო არ შემოიფარგლება გამოხატვის თავისუფლების პრინციპთან იურიდიულად არაკომპეტენტური დაპირისპირებით. პატრიარქის ქორეპისკოპოსი, იაკობ იაკობაშვილი პირდაპირ მუქარაზე გადადის. კერძოდ, იგი ემუქრება ილიას უნივერსიტეტის პროფესურას: “ვიღაცამ ახლა თავის თავზე რომ რაღაც აიღოს და რაღაც უქნას მაგათ, დაგვბრალდება ეკლესიას.”…. “მერწმუნეთ, საკმაო ძალა მაქვს იმისა, რომ ამის დამგეგმავები, თუ კიდევ გააგრძელებენ, საქართველოში მათი ფეხი აღარ იყოს. სადაც მოსწონთ და სადაც მასეთი თავისუფლებაა, ჩვენ თავისუფლებას მივცემთ მათ და გავუშვებთ”. ასევე ანგარიშსწორებაზე ქადაგებს ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტების წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საპატრიარქოს, თავი შეიკავოს აკადემიური და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებისგან. ამასთან ერთად, მოვუწოდებთ უარი თქვას ძალადობის პროვოცირებაზე, მუქარის, დაშინებისა და ანგარიშწორების ენით სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ მორალს, ასევე საზოგადოებაში დემოკრატიული და პლურალისტური  ღირებულებების დაცვას.

ნოე/1505