
TDI ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციაზე
7-8 ოქტომბერს, TDI-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით გამართულ “ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციაში 2024” (WHDC). კონფერენცია ეხება ეუთო-ს ფარგლებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობას და რეგიონში უსაფრთხოებაზე მათ გავლენას.
7 ოქტომბერს პლენარულ სესიაზე, რომელიც ეხებოდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, კერძოდ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, სიტყვით გამოვიდა TDI-ს სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ადვოკატირების პროგრამის დირექტორი, მარიამ ღავთაძე. მან ისაუბრა დემოკრატიის განვითარებაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის როლსა და ეუთოს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა შეზღუდვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილა საქართველოში რუსულ კანონთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.
მონაწილეთა სიტყვის ფარგლებში, საქართველოში რუსული კანონის მავნე შედეგებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მასშტაბსა და ხელისუფლების მიერ რელიგიის ინსტრუმენტალიზაციაზე ისაუბრა TDI-ის დირექტორმა ეკატერინე ჭითანავამ. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის სახელით, ლუკა ქილიფთარმა ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის დინამიკაზე.
“დემოკრატიის უკუსვლა და რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართ გაზრდილი საფრთხეები” - ამ სახელწოდებით, 8 ოქტომბერს, კონფერენციის ფარგლებში, TDI-მ და ოსლოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე ოსლოს კოალიციამ, პარალელური ღონისძიება გამართეს USAID-ის პროგრამასთან “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” პარტნიორობით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კონფერენციის მონაწილეები, მათ შორის წევრი სახელმწიფოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, დიპლომატები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ეკატერინე ჭითანავა (TDI), ბექა მინდიაშვილი და ლუკა ქილიფთარი (სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი), ჯენი ჰოლკ კლაუზენი (ოსლოს კოალიცია, ოსლოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრი) და ჯონ კინაჰანი (Forum 18). პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა მარიამ ღავთაძე (TDI).
მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაზე. დისკუსიის უმთავრესი ნაწილი დაეთმო რუსული კანონისა და ავტორიტარიზმისკენ გადახრილი სახელმწიფო მმართველობის საფრთხეების განხილვას. საერთაშორისო ექსპერტებმა მიმოიხილეს ის მძიმე შედეგებიც, რაც მოჰყვა მსგავსი რეპრესიული კანონების აღსრულებას რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში. დისკუსიაზე ასევე აღინიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობა და ძალისხმევა იმედს იძლევა, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზით ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გაარძელებს.