ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

„ქართული ოცნება“ უცხოელებისათვის საქართველოში შემოშვებაზე დაუსაბუთებელ უარს აგრძელებს

აშშ-ის მოქალაქის საქმის სასამართლო განხილვა აჩვენებს, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელი პირების უფლებების დარღვევა გრძელდება

2026 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სარჩელი, რომელიც 2025 წლის 12 ივლისს მარგარეტ (მეგი) ოსდობი ქატზისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას ეხებოდა. ოსდობი ქატზი არის საქართველოში აშშ-ის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც საქართველოსთან ხანგრძლივი კავშირი აქვს.

სადავო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებამდე, ის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, რომელმაც ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ეს საქმე ბოლოდროინდელი საგანგაშო ტენდენციის თვალსაჩინო მაგალითია. კერძოდ, იგი აჩვენებს პროცესუალური უფლებების უგულებელყოფისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვის საბაბის ბოროტად გამოყენებას იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში შემოშვებაზე გაურკვეველი მიზეზით უარის მიღების შემდეგ, თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავენ.

ეს ტენდენცია 2024 წელს დაიწყო ევროკავშირისა და სხვა დასავლეთ ევროპული ქვეყნების ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საქართველოში შემოშვებაზე სისტემატურად უარის თქმით; ახლა კი, უკვე აშშ-ის მოქალაქეებსა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ყოფილ ოფიციალურ პირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზეც გავრცელდა.

ოსდობი ქატზის საქმე აჩვენებს ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემას:

  • გასაჩივრების პროცესმა ვერ შეასრულა უფლებების დაცვის ფუნქცია: პროცედურული გარანტიები უგულებელყოფილი იყო ყველა ეტაპზე — სახელმწიფო საზღვრიდან სასამართლო დარბაზამდე. სამართლიანი სასამართლოს უფლების პრობლემას ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშიც ეხმიანება. 
  • საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმისთვის თავდაპირველად გამოყენებული სამართლებრივი საფუძვლის სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით შეცვლა სასამართლო დავის ეტაპზე, არა მხოლოდ არასწორი პროცედურა, არამედ მიზანმიმართულად გამოყენებული ტაქტიკაა, რომელიც დაზარალებულ პირს სასამართლოში დაცვის წარმოებისათვის აუცილებელი ინფორმაციის გაგების შესაძლებლობას ართმევს. ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო დიდი და სისტემური პრობლემის არსებობაზე მიუთითებს. 
  • აშშ-ის საელჩოს ყოფილი თანამშრომლისა და ეუთოს მიერ დაქირავებული ექსპერტის სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხედ ოფიციალურად გამოცხადება აჩვენებს, რომ დასავლელ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე თავდასხმები გასცდა მტრულ რიტორიკას და  ქართულმა ოცნებამ ეს ადამიანები სახელმწიფოსთვის რეალური საფრთხის მომტან პირებს გაუთანაბრა. 

ფაქტობრივი გარემოებები

მარგარეტ (მეგი) ოსდობი ქატზს საქართველოში შემოშვებაზე უარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2025 წლის 12 ივლისს ეთქვა. უარის საფუძვლად მითითებული იყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი — ზოგადი ნორმა, რომლის მიხედვითაც, უცხოელს საქართველოში შემოშვებაზე უარი შეიძლება ეთქვას „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“. შემოშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო მხოლოდ ეს ნორმა, “კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევის” დაკონკრეტების გარეშე. ოსდობი ქატზისათვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს იმ დროს არაფერი განუმარტავთ. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი გახდა აშშ-ის პირველი მოქალაქე, რომელსაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა.

ოსდობი ქატზს საქართველოსთან უწყვეტი კავშირი აქვს 1998 წლიდან, როდესაც იგი საქართველოში პირველად ჩამოვიდა, როგორც სტიპენდიატი და საქართველოს პარლამენტში საქმიანობდა. შემდგომ იგი მუშაობდა თბილისში, აშშ-ის საელჩოში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეუთო-ში. იგი ყოველთვის კეთილსინდისიერი რეპუტაციით სარგებლობდა, როგორც საქართველოში ცხოვრების, ისე ქვეყანაში ხშირი ვიზიტების პერიოდში.

საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის შემდეგ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი 10 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. 12 აგვისტოს მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რითაც ძალაში დარჩა თავდაპირველი გადაწყვეტილება, მასში მითითებული სამართლებრივი საფუძვლის ჩათვლით. დამატებითი დეტალები ან რაიმე განმარტება ხსენებულ გადაწყვეტილებაში მოცემული არ ყოფილა. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 10 სექტემბერს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიუხედავად იმისა, რომ, TDI-ის ინფორმაციით, ქალბატონი ოსდობი ქატზი იყო პირველი ამერიკელი, რომელსაც 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა, მისი საქმე უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. 2024 წლის სექტემბრიდან „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყანაში შემოსვლაზე  სისტემატურად უარს ეუბნება ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, ძირითადად, ევროკავშირისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. TDI-ის მიერ დოკუმენტირებულ ყველა შემთხვევაში არშემოშვების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო იგივე ზოგადი ნორმა, ყოველგვარი დამატებითი წერილობითი თუ სიტყვიერი განმარტების გარეშე.

პროცესუალური უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა

2026 წლის 16 მარტის სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას ქალბატონი ოსდობი კატზის სამართლიანი სასამართლოს უფლება და პროცესუალური გარანტიები მრავალჯერ დაირღვა:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც საქმეში მოპასუხე მხარეა, 16 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა.
  • ამასთან, სასამართლომ ვერ უზრუნველყო ოსდობი ქატზისთვის ვიდეოკავშირი და თარჯიმანი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ 2025 წლის 29 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გასცა განკარულება 16 მარტის სხდომისთვის თარჯიმნის საჭიროების შესახებ, რითაც დაადასტურა, რომ ოსდობი ქატზს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, სხდომაზე დასწრებისა და განცხადების გაკეთების უფლებით ესარგებლა. TDI-ის ადვოკატს ეცნობა, რომ თარჯიმანთა ბიურომ თარგმნის მომსახურების კონტრაქტი სასამართლო სხდომის დღეს გააუქმა და რომ სასამართლოს მოსარჩელის სხდომაში მონაწილეობისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნდა.
  • მოპასუხის არყოფნისა და თარჯიმნის არარსებობის პირობებში, TDI-ის ადვოკატმა, რომელიც ერთადერთი დამსწრე მხარე იყო, სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და სხდომა განაგრძო.
  • სასამართლოზე არ იქნა წარმოდგენილი ხელმისაწვდომი მტკიცებულებები, რომლებიც ქვეყანაში შემოშვებაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობას დაადასტურებდა; ასევე ქალბატონ ოსდობი ქატზს არ მიეცა შესაძლებლობა, არშემოშვების შესახებ  გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველზე ედავა ან ემტკიცებინა თავისი პოზიცია, რომელიც სარჩელით ჰქონდა გამოხატული.
  • მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაურკვეველი მიზეზით მიღებული, საქართველოში შემოშვებაზე უარის გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია და უარის საფუძველი „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებით“ შეცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული უფლებების დარღვევა ოსდობი ქატზის მიერ სახელმწიფო საზღვარზე მიღებული გამოცდილების გაგრძელებაა. კერძოდ, 12 ივლისს მასთან ინტერვიუ არ ჩატარებულა, ხოლო სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებს არ აუხსნიათ და არ განუხილავთ უარის მიზეზი. ამის ნაცვლად, მათ უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე აღნიშნეს, რომ ოსდობი კატზმა უარი განაცხადა დოკუმენტის ხელმოწერაზე მაშინ, როდესაც მისთვის ხელის მოწერა არც კი შეუთავაზებიათ. საზღვარზე იძულებით დაყოვნების პერიოდში მას ტელეფონი უკანონოდ ჩამოართვეს.

ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტის ბოროტად გამოყენება

ამ საქმეში განსაკუთრებით საგანგაშო გარემოებაა სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველზე მითითება პროცესის გვიანდელ ეტაპზე.

2025 წლის ივლისში მიღებულ თავდაპირველ გადაწყვეტილებაში, რომლითაც ოსდობი ქატზს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა, საერთოდ არ ყოფილა მითითება სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველზე. ეს საკითხი პირველად რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე სასამართლო განხილვის პროცესში წამოიჭრა. 2025 წლის დეკემბერში ჩატარებული მოსამზადებელი სხდომის წინ, სასამართლოში წარდგენილ წერილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემოშვებაზე უარი „შესაძლოა დაკავშირებული იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან“ და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან გამოთხოვილიყო.

TDI მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა, როდესაც უარის თავდაპირველი საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების საფუძვლით მხოლოდ მას შემდეგ იცვლება, როდესაც დაზარალებული პირი სასამართლოში სარჩელს შეიტანს, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პროცესუალური უფლებების თვალსაზრისით. შსს-ს მიერ ასეთი სტრატეგიის გამოყენება მოსარჩელისათვის გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანისას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების არგუმენტის შესაბამისად ჩამოაყალიბოს და სასამართლო სხდომისთვისაც სათანადოდ მოემზადოს. TDI ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი კლასიფიკაცია,  „სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის საფრთხე“, პროვოკაციულია დაზარალებული პირისთვის და შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი გადაადგილების თავისუფლებასა და სხვა უფლებებზე საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ქალბატონი ოსდობი ქატზის შემთხვევაში, ეს კლასიფიკაცია აჩენს დამატებით კითხვებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილი დიპლომატები და თანამშრომლები, ყოველგვარი ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადოს.

კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება

ოსდობი ქატზის საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების მაგალითია. საყურადღებოა ორი ასპექტი: 

  • ზოგადი ნორმის გამოყენება, როდესაც არ ხდება უარის კონკრეტული საფუძვლის მითითება;
  • „სახელმწიფო უსაფრთხოების“ საფუძვლის შემოტანა მხოლოდ სასამართლო ეტაპზე, ნაცვლად იმისა, რომ ეს მითითებულიყო უშუალოდ უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს.

სამწუხაროდ, სასამართლოც ერთვება კანონმდებლობის ამგვარ ბოროტად გამოყენებაში, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ კითხვებს, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არის დასმული ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშსა და საქართველოს შესახებ სხვა ანგარიშებში. ხშირად მოსამართლეები არ ახდენენ რეაგირებას კანონმდებლობის ასეთ ბოროტად გამოყენებაზე. პირიქით, მოსამართლე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უარის საფუძვლის ცვლილებას ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იღებს. ამასთან, მოსამართლე ეთანხმება უარის შესახებ გადაწყვეტილებას და, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებულ საეჭვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამინისტროს გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებს. ასეთი პრაქტიკული პროცედურული დარღვევები მიუთითებს ძირითადი პროცესუალური გარანტიების დაცვის კუთხით როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების სისტემურ პრობლემებზე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მარგარეტ ოსდობი ქატზის საქმე სცდება ერთჯერადი ადმინისტრაციული დავის ფარგლებს. სახეზეა უცხოელთა საქართველოში არშემოშვების თვითნებური აკრძალვა, სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტის ბოროტად გამოყენება და პროცესუალური დაცვის მექანიზმების არარსებობა.  

 


 

მარ/2620