
როგორც არქივები გვამცნობს, ბოშები საქართველოში პირველად მე-19 საუკუნეში, რუსეთის იმპერიის დროს ჩამოვიდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უკრაინიდან და რუსეთიდან გადმოსახლებული ბოშების რიცხვმა იმატა. 1959 წლის მონაცემებით, საქართველოში 1024 ბოშა ცხოვრობდა. დღეს საქართველოში ბოშების უმრავლესობა სწორედ ამ ხალხების შთამომავლები არიან.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით და არასამთავრობო ორგანიზაციების სტატისტიკით, ეს რაოდენობა შეიძლება 3000-ს აღწევდეს. ამ რაოდენობაში მოიაზრება ე.წ. რომა ჯგუფი - ეს ბოშების ის შტოა, რომელიც ათასწლეულზე მეტი ხნის წინ ევროპის ტერიტორიაზე დასახლდა. საქართველოში ყველაზე მეტად დამკვიდრებულია ორი ბოშური განშტოება – "ვლახი" და "კრიმი". ასევე ცხოვრობენ სომხურენოვანი ბოშებიც - „ლომ-ის ბოშები“, რომლებიც ძირითადად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გხვდებიან. ბოშები, რომელთაც ქუჩაში უფრო ხშირად ვხედავთ, „დომ-ის“ შტოს მიეკუთვნებიან. მათ განსხვავებული ენა, რელიგია და კულტურა აქვთ, ამიტომ დანარჩენი ბოშები მათ თავიანთი თემის ნაწილად ნაკლებად აღიქვამენ. ისინი საუკუნეების წინ, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ტერიტორიაზე დასახლდნენ. საქართველოში „დომ“-ის შტოს ბოშები სეზონურად აზერბაიჯანიდან ჩამოდიან ხოლმე.
ბოშები ძირითადად განსახლებულები არიან თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ქობულეთში, კახეთის სოფლებსა და გარდაბანში.
ელენე პროშიტიანის ოჯახი საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან ცხოვრობს. ელენე ინოვაციების და რეფორმების ცენტრში ბოშებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.
„ქართველები მართლა ტოლერანტი ხალხია. ყოველ შემთხვევაში, ასეთები იყვნენ - ბევრად უფრო მეგობრულები, სხვისი პრობლემებით დაინტერესებულებიც და დახმარებაზე ორიენტირებულები. მე ასე ვიცი მამაჩემისგან, ბაბუაჩემისგან, რომლებიც იხსენებენ, როგორ ცხოვრობდნენ ქართველების გარემოცვაში. არ აგონდებათ არცერთი კონფლიქტი და შეგრძნება, რომ აქ ისინი უცხოები და არასასურველები იყვნენ. ხალხი შეიცვალა. ქართველებიც შეიცვალნენ, ბოშებიც. ცხოვრება გართულდა. ძალიან დიდი ნეგატივი დაგროვდა. ყველანი მზად ვართ ერთი ადამიანის, მცირე რაოდენობით ადამიანების შეცდომის, ცუდი საქციელის გამო, ათასები შევიძულოთ.
მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა, გაუცხოებამ თანდათან ეს მოიტანა. აქ მცხოვრები, აქაური ბოშები მთლიანად მოსწყდნენ დანარჩენ მოსახლეობას. არ იციან ქართული, 95%-მა წერა-კითხვაც არ იცის. აღარც უნდათ რამე, თავის გატანის გარდა. არც მოქალაქეობა, და არც მაგალითად საავადმყოფო. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ბოშების აბსოლუტურ უმრავლესობას გამოჩენაც არ უნდა. იმ უმცირეს ნაწილს, ვინც ამ ყოფაში არ ცხოვრობს, ურჩევნია არც კი გაამხილოს, ბოშები რომ არიან.
მაგრამ ნელ-ნელა ჩნდებიან ახალგაზრდები, რომელთაც აღარ უნდათ საკუთარი დედ-მამასავით ცხოვრება, აღარ სურთ ჩაკეტილობა, აღარ სურთ მათი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ბაზრის დახლთან დგომით იყოს შემოსაზღვრული, თორემ ცხადია, არც ამაშია რამე სამარცხვინო. უფროსი თაობისთვის აღარაფერი შეიცვლება. მაგრამ ბავშვების, მოზარდების, ახალგაზრდების გადარჩენა შეგვიძლია.
თბილისში დაახლოებით 10 ბავშვი სწავლობს სკოლაში, როცა სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობა 200-ია. მთელი საქართველოს მასშტაბით სრული საშუალო განათლება ალბათ 10 ადამიანს აქვს ამ დროისათვის. სამი ადამიანი ვართ, ვისაც უმაღლესი სასწავლებლის კარი შეუღია. ბავშვებს არავინ ასწავლის და არავინ უნერგავს, არავინ აჩვენებს, რომ მათ შეიძლება სხვანაირადაც იცხოვრონ, რაღაცას მიაღწიონ. მათ ეს უბრალოდ არ იციან.
ჩაკეტილი წრეა. ეს ყველაფერი განაპირობებს საზოგადოების დამოკიდებულებას ბოშების მიმართ და საზოგადოების დამოკიდებულება თავის მხრივ კიდევ კვებავს ბოშების ამგვარ ყოფას, უნდობლობას.
ერთბაშად ყველაფერი არ გამოსწორდება, მაგრამ სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივის და ბიძგების გარეშე, დღეს ბოშები ვერ ინტეგრირდებიან საზოგადოებაში, ვერ განვითარდებიან, ვერ გახდებიან სარგებლობის მომტანნი ქვეყნისთვის და ვერც საკუთარ თავს შეინარჩუნებენ. ისინი ვერ ივლიან სახელმწიფო უწყებებში და ვერ ილაპარაკებენ კანონის ენაზე.“
თუმცა, ამ სურათის შესაცვლელად ერთი ადამიანის ძალისხმევაც კი მნიშვნელოვანია. მაგალითად, ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაში ორმოცდაათამდე ბოშა სწავლობს. მათგან ზოგი უკვე დამამთავრებელ კლასშია და სამომავლო გეგმები აქვთ. ეს სკოლის დირექტორის, ნარგიზ ჯინჭარაძის დამსახურებაა.
ჯუმბერ ალიმოვი, 20 წლის. ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლა, მეთორმეტე კლასი:
„სკოლის დამთავრების მერე იურიდიულ ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება. მინდა, რომ ჩემს თემს დავეხმარო. მათი უფლებები დავიცვა და პირველ რიგში მათ დავეხმარო, რომ თავად დაიცვან საკუთარი უფლებები. სახელმწიფომ მეტი ყურადღება მიაქციოს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. მთავარი პრობლემა სრული უგანათლებობაა. განათლებისა და ცოდნის გარეშე, ვერც დასაქმდები. სახელმწიფო უნდა უფრო აქტიური იყოს. განათლება ყველაზე დიდი ეტაპია. მერე ჩვენ თვითონ მივხედავთ. ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია. არც სწავლა შეგვიძლია. თვითონ ბოშებიც ასე ფიქრობენ ხოლმე. მე მინდა, რომ მაგალითი ვიყო. ასე არაა!“