მე აარონ ჩარლზი ვარ, ცეკვის მასწავლებელი. ახლა კერძოდ ინგლისურსაც ვასწავლი. საქართველოში თითქმის ექვსი წელია, რაც ვცხოვრობ. ვცდილობ, ფული პატიოსანი გზით გამოვიმუშავო. იმით, რაც ვიცი, შემიძლია, მიყვარს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
ნუცა, ჩემი ცოლი, წლების წინ ლონდონში გავიცანი. საქართველოზე წარმოდგენა არ მქონდა მანამდე. არც ის ვიცოდი, აქ რისი მოლოდინი უნდა მქონოდა. მაგრამ მარტივად გადავწყვიტე აქ მეცხოვრა. ჩამოსვლიდან პირველივე კვირაში დავიწყე მუშაობა ცეკვის მასწავლებლად და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას ბოლო ფილმში, „სავარძელი“, ვითამაშე. მასთან მუშაობა ძალიან მაგარი იყო და უნდა ვთქვა, რომ ეს გამოცდილება ჩემი ცხოვრებისეული მიღწევა მგონია.
როცა ბავშვებთან ვმუშაობ, ვცდილობ მათთვის მეგობარი, შთაგონების წყარო და მისაბაძი მაგალითი ვიყო. უფროსებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ გარშემო ბავშვები არიან და ყველაფერს ჩვენგან სწავლობენ, ჩვენ გვბაძავენ. ეს ყველგან ხდება, მაგრამ მე აქ ვცხოვრობ და აქ ვგრძნობ, როგორ გვაკლია როლური მოდელები, ადამიანები ჩვენ გვერდით, ცოცხლები, ვინც მზად იქნებიან, რომ დაგვეხმარონ, წარმატებულები, შინაგანად ბედნიერი ადამიანები. ცეკვა განსაკუთრებული იარაღია, რომ საკუთარი შინაგანი მე გამოხატო და არასასურველი ენერგიისგან გათავისუფლდე.
ყველა ის პრობლემა, რაც აქ შემქმნია, იმ ადამიანების გამო შემქმნია, ვინც, დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ხედავს, როგორ გამოხატოს საკუთარი მე დადებითად. სევდიანია ეს ყველაფერი. ერთხელ მაკდონალდსში ჩემს 14 წლის მოსწავლე გოგონასთან ერთად ვიყავი. გვერდით ორი ტიპი მოგვიჯდა. გადაწყვიტეს გამოეძიებინათ, ვინ ვიყავი, რატომ ვიყავი აქ და ა.შ. მაგრამ ამას ძალიან უხეში და დამამცირებელი სახით აკეთებდნენ. არ მინდოდა დიალოგში შევყოლოდი. უფრო ანერვიულდნენ და სცადეს ჩხუბი პირდაპირ იქვე წამოეწყოთ. ყველაზე შემაწუხებელი ის იყო, რომ ამას ჩემი მოსწავლე უყურებდა. ეს ყველაფერი ბავშვების თვალწინ ხდებოდა. იყო შემთხვევა, ჩემს ცოლთან ერთად სუპერმარკეტში ვიყავი. ვიღაც კაცი მოგვიახლოვდა, ყვირილით, აგრესიით, გარეთ გასვლას, იქ საქმის გარჩევას მთხოვდა. დაცვა ზუსტად ჩემ უკან დაბნეული სახით იდგა და არაფერი გაუკეთებია. სხვა შემთხვევებიც ყოფილა, მაგრამ დიდად არ მილაპარაკია ამაზე. ისეთი განცდა მაქვს, რომ როდესაც ადამიანს რაღაც შეემთხვევა, კიდევ და კიდევ, ერთი და იგივე... ჰო, რა თქმა უნდა, უნდა ილაპარაკო, მოვალეც ხარ, მაგრამ მეორე მხრივ, ხალხი ამას ეჩვევა და ბეზრდება. სერიოზულად ვეღარ აღგიქვამენ.
ბევრი უარყოფითი შემთხვევის მოწმე ვყოფილვარ, არა მხოლოდ რასიზმის და არა მხოლოდ ჩემ მიმართ. ყურსასმენები ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მათი დახმარებით ვირიდებ თავიდან სიცილს და შეურაცხმყოფელ კომენტარებს, რაც ჩვეულებრივი ამბავია. როცა პატარა ვიყავი, გარშემო მეც მეხვია ხალხი, ბევრი მათგანი კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებულიც, ვინც, მაგალითად, თვლიდა, რომ გეები ამაზრზენები იყვნენ. მიწევდა, რომ მათ მოვრგებოდი, მაგრამ საკუთარი ცნობიერების გადარჩენაზეც უნდა მეზრუნა. სინამდვილეში, ცეკვა ასე დავიწყე.
კიდევ, იცით რას ვხედავ? ადამიანების უმეტესობას დეპრესია აქვს, მათაც, ვინც დისკრიმინირებულია, მათაც, ვინც სხვების დისკრიმინაციას ცდილობს, ესენიც თავის მხრივ, ვიღაცის დისკრიმინაციის მსხვერპლები არიან და ა.შ. და ა.შ. ძალიან გრძელი ჯაჭვია გულგრილობის, სიძულვილის, შეუწყნარებლობის, დეპრესიის. როცა ვლაპარაკობ, ხშირად მგონია, რომ ჩემი არ ესმით. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ზუსტად ასეთი განცდა, ძალიან ბევრს, ვინც ამას წაიკითხავს. უნდა ვილაპარაკოთ. ერთმანეთს უნდა გავეხსნათ, მოვუსმინოთ, გავუგოთ, ყველამ, ამ ერთმანეთისგან განსხვავებულმა ადამიანებმა, შავკანიანებმა და თეთრკანიანებმა, კაცებმა და ქალებმა, მორწმუნეებმა და ათეისტებმა, ახალგაზრდებმა და მოხუცებმა, ბედნიერებმა და ნაღვლიანებმა. მეგობრობა და გულწრფელობა გვასწავლის, ეს გვეხმარება.
გაოგნებული ვარ ოჯახის ღირებულებით საქართველოში. სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც ბრიტანეთში ვიყავი მიჩვეული. აღფრთოვანებული ვარ ამ სიმჭიდროვით და მიკუთვნებულობით. შეიძლება ზოგჯერ ეს ზედმეტებშიც გადადიოდეს, არ ვიცი. მაგრამ ეს უპირობო სიყვარული აღმაფრთოვანებს. რატომ არ შეიძლება, რომ ეს უძვირფასესი რამ, რაც გაქვთ ქართველებს, საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის გამოიყენოთ.
სულ ვაკვირდები ხალხს და ვხედავ, იცვლებიან. უნდა ვაღიარო, განსაკუთრებით ქალები. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ასე ვხედავ, რომ ქალები ბევრად უფრო კეთილები, მოწიფულები, ემოციური ინტელექტის თვალსაზრისით ბევრად უფრო განვითარებულები და გახსნილები არიან. ქალები, ბავშვები და ახალგაზრდობაა მთავარი მამოძრავებელი ძალა მომავლისკენ ამ ქვეყანაში.
შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო, იმიტომ, რომ ხუთი წელია ჩუმად ვარ. ჩემი ყველაზე დიდი მიზანია, რომ გავაგრძელო რასაც ვაკეთებ უფრო ფართო აუდიტორიასთან. მე არ მაინტერესებს ფული. მინდა დავეხმარო ადამიანებს, ვასწავლო ბავშვებს, რომ გამოხატონ საკუთარი მე პოზიტიურად. ეს მე თვითონაც მეხმარება, რომ გადავრჩე და წინ წავიდე.