სოფელ თივის ერთ ორღობეში, ლურჯ სკამზე ჩამომსხდრები იცინიან ხალიბეგი და საფია შორეულ ინგლისელებსა და აქაურ, თავიანთ თავგადასავლებზე. რომეოს და ჯულიეტას ეძახდნენ თურმე აქ ადრე ამ ორს. დიდი ხანია, მეგობრობენ, იმდენად, რომ უერთმანეთობა უძველეს მოგონებებშიც არ ახსენდებათ. 16 წლისაა ორივე და ამდენივე წელია, ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან ერთმანეთისთვის. ოღონდ თურმე ცოტა ხნის წინ, როცა წამოზრდილან, ხალხში რატომღაც სახუმარო გამხდარა მათი ეს მეგობრობა და დაცინვის შიშით, დროებით გაძნელებიათ სიახლოვეც. იმის როგორ არ გრცხვენია, ქუჩის ბოლოს თვალს რომ მომკრავდი და მემალებოდი, ვინმეს ერთად არ ვენახეთო - ლურჯ სკამზე მჯდარი საფია ახსენებს ხალიბეგს ღიმილით. ეღიმება, მორიდებით ხალიბეგსაც, ოღონდ მიყვება მერე სამაგიეროდ, მალევე როგორ მიხვდა, არაფერი რომ არ იყო სასირცხვილო გოგოსა და ბიჭის მეგობრობაში. იმაზეც მიყვება, ადრე იმისიც როგორ რცხვენოდა, გარშემო სოფლის ყველა ბიჭი დიდი მონდომებით რომ ჭიდაობდა, თვითონ კიდევ არც უყვარდა ასე გართობა და არც ორთაბრძოლებში ყოჩაღობდა მაინცდამაინც, მაგრამ თავს მაინც აძალებდა, სხვებთან ერთად ევლო ჭიდაობაზე. თუმცა საბოლოოდ, ერთხელ რომ მიხვდა, ჯობდა სულ ისე მოქცეულიყო, თვითონ როგორც ეგონა სწორი, შეეშვა ჭიდაობასაც, “ბირჟაზე” ნაძალადევად დგომასაც, მკლავი საფიასაც თამამად გაუყარა და მასთან ერთად დაიწყო ყველაფერ იმაზე ხმამაღლა ლაპარაკი, რაც აწუხებდა დიდხანს. ასეთი კი იყო უამრავი რამ და არის ახლაც. ხალიბეგს, მაგალითად, ყოველთვის შეუძლია, ილაპარაკოს იმაზე, რომ:
რადგან მის ხალხს “ეთნიკური სამშობლო” დაღესტანში აქვს, ოთხმოცდაათიან წლებში კი, როცა მათი, ავარელების დევნა აგრესიით დაიწყო, სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იძულებული გახდა, თავი დაღესტნისთვის შეეფარებინა. უამრავმა ოჯახმა საუკუნის განმავლობაში ქართულ მიწაზე ნაშენი სახლი დატოვა შიშით. მას მერეც, დღემდე, სოფელ თივს უამრავი ავარელი ტოვებს, რადგან ამ იზოლირებულ სოფელში პრობლემა უამრავია. აგრესია აშკარა აღარაა, მუსლიმებს აღარ დევნიან, მაგრამ სიუცხოვეს და სიშორეს მაინც გრძნობენ ხალიბეგიც და საფიაც ყოველდღიურად. მაგალითად, მეუბნებიან, რომ მუნიციპალიტეტისთვის სოფელში ნაგვის ყუთის დადგმა უამრავჯერ უთხოვიათ. პასუხად კი მიუღიათ, რომ აქაური მოსახლეობა ნაგვის ყუთს გააფუჭებს აუცილებლად. დღეს ასეა, რომ ნაგვის ყუთი სოფლის მოშორებულ ქუჩებში ფორმალურად დგას. ეს დამოკიდებულება ხალიბეგს ძალიან აბრაზებს, თუმცა საზოგადოების განწყობებზე ფიქრისას, ერთ საკითხზე ბრაზობს უფრო მეტად. იმაზე, ზემოთ რომლის თხრობაც დავიწყე: დაღესტანთან კავშირის გამო მის იდენტობას, ავარლობას, ხშირად რუსეთთან ურთიერთობასთან აიგივებენ.
“რა მაკავშირებს მე, აქ დაბადებულს, საქართველოში გაზრდილს, რუსეთთან? რაიმე კავშირი თუ მაქვს, პირიქით, ისაა, რომ რუსული პოლიტიკა მტრული მგონია. ამიტომ სკოლაში რომ მესმის, მაგალითად, რომ სწავლის დამთავრების მერე რუსეთში წავალ, როგორ ვთქვა.. ძალიან მწყინს. მე ახლაც აქ ვარ და აქამდეც, ყოველთვის აქ ვიყავი, ჰოდა ჟურნალისტიკაზე სწავლის გაგრძელებაც, მუშაობაც და ცხოვრებაც, საქართველოში მინდა.“ - მეუბნება ხალიბეგი. სიცილით ამატებს საფია, რომ ,,ამისი შიშით საუბარი გვიჭირს მეგობრებს, სადმე შემთხვევით რუსული სიტყვა არ გაგვერიოს. ჩასაფრებულია, ყველა ჟარგონს გვისწორებს. კიდევ, მესიჯიც, ლათინურად თუ გაუგზავნე, შენიშვნა აქვს გამზადებული. ხალიბეგს ყოველთის უნდა მი-ვწეროთ ქართულად!“ - ამაზე ახსენდება ხალიბეგს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მცდარ წარმოდგენებზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ როცა თივში სკოლა პირველად გაიხსნა, აქ რუსული სექტორი ამუშავდა. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ ამ სოფლის მოსახლეობა დღეს ორ ენაზე - ქართულად და ავარულად საუბრობს. რუსული კი ცოტამ თუ იცის.
სკოლას და ხალხის განწყობას უკავშირდება საფიას უმთავრესი დარდიც. როცა ვეკითხები, სად უნდა ისწავლოს სკოლას რომ დაასრულებს, არ ვიციო, დაყოვნებით მეპასუხება. აქ ხალიბეგი გვერთვება და დაბღვერით აძლევს მეგობარს შენიშვნას. მერე მე მიბრუნდება და მიყვება, საფიამ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ იურისტობა უნდა. რამდენჯერმე თქვა ეს ხმამაღლა სკოლაშიც და მასწავლებლებისგან დამცინავი პასუხი მიიღო, რომ ის ,,ლეკია“ და ან გაათხოვებენ, ან თუ მაინცდამაინც რომელიმე პროფესიის შერჩევას მოინდომებს, აჯობებს, რამე მეტად ქალური საქმე მოძებნოს. მაგალითად, ისწავლოს მედიცინა და გახდეს სოფლის ექიმი. ამ შენიშვნებით დაღლილი თურმე შეკითხვას აღარც პასუხობს საფია. თუმცა ასეთ აზრებს, ისევ, ქართველებისგან უფრო ისმენს, ვიდრე თანასოფლელი ავარელებისგან. თივში, წლებია, ქალებს განათლების მიღებაში ხელს აღარ უშლიან და აღარც ადრეულ ასაკში, ნაძალადევად ათხოვებენ. თუმცა ეს პრობლემა ახლაც გადაუჭრელია მეზობელ ორ სოფელში, სადაც ასევე ავარელები ცხოვრობენ. ეს სოფლები, ჩანთლისყურე და სარუსო, თივთან შედარებით მეტადაა იზოლირებული.
ავარული ტრადიციებიდან, საფიასთვის, ყველაზე ძვირფასი და შესაბამისად, აუცილებლად შესანარჩუნებელიც, ის რიტუალებია, რომლებითაც ადამიანები სითბოს უზიარებენ ერთმანეთს. ასეთია, მისთვის, მაგალითად “სიმინდობა”. გაზაფხულის დადგომას ცეკვით და თამაშით აღნიშნავენ ავარელები; ოჯახები უამრავ სიმინდს აგროვებენ, სოფლის ცენტრში შეკრებილები ერთად ხარშავენ და მიირთმევენ შეგროვილ საჭმელს.
ასეთ რამესაც მეუბნებიან თავიანთ პრობლემებზე საუბრისას:
“სკოლაში ფილმებზე ან სერიალებზე თუ იწყებენ ბავშვები საუბარს, ჩვენ ყოველთვის ვჩუმდებით და ასე, მოწყენილები ვსხედვართ”. თურმე ისაა მიზეზი, რომ თივის მოსახლეობას ინტერნეტი არ აქვს. აქაც, რამდენჯერმე შეუგროვებიათ ბავშვებს ხელმოწერები, მაგრამ ვერ მიუღწევიათ მაინც მიზნისთვის. ამიტომ, დღემდე ასეა, რომ ინტერნეტით სარგებლობისთვის საფიას და ხალიბეგს სხვა სოფლებში ან ქალაქებში გადასვლა უწევთ. ვერც ინფორმაციას იღებენ მარტივად და ვერც ერთობიან. მით უმეტეს, რომ სოფელში ყოველთვის მოწყენილობაა. აქ არც კაფეა, არც თეატრი, არც სკვერი. თუმცა ამ ორ მეგობარს უამრავი იდეა აქვს თავში, ეს პრობლემა როგორ უნდა მოაგვარონ. რაღაც პროექტის დაწერაც აქვთ გადაწყეტილი ახლა და გატაცებით საუბრობენ ერთმანეთში მომავლის გეგმებზე.
მასალა მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) "მრავალფეროვნების სახეების" პროექტის ფარგლებში, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტთან (CIPDD) ერთობლივად , ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით