
სოფელი ჩანტლისყურე, ყვარელში, ალაზნის ვაკეზე მდებარეობს. აქ ძირითადად ორი ეთნიკური ჯგუფი, ავარლები და ქართველები ცხოვრობენ. რელიგიაც განსხვავებული აქვთ, ზოგი ქრისტიანია, ზოგიც მუსლიმი. რწმენა იშვიათად გამხდარა მეზობლებს შორის უთანხმოების საფუძველი. პირიქით, ნათელ-მირონის უჩვეულო ტრადიცია ხშირად თემის წევრებს უფრო აახლოებს და აკავშირებს ერთმანეთთან. '
ავტორი: მარიამ სამუშია
- ოთხმოციანი წლები იყო, ყვარელში სამბეჭდაო კურსი იმართებოდა მაშინ, ბეჭდვას ვსწავლობდი. მერე მუშაობაც იქიდან დავიწყე.. საღამოს რვიდან ათ საათამდე იმართებოდა ხოლმე ეს კურსი. ერთხელ, იქ რომ სწავლას მოვრჩით, ყვარელიდან ჩამოვუყევით გზას გოგოები. ასე, გზაში გავიცანი თამარა. გზის ბოლომდე მე და თამარამ იმდენი ვიარეთ ერთად, ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ისიც აქვე ცხოვრობდა. ასე ორას მეტრაზე ჰქონიათ ბინა. თავისთან მიმიპატიჟა საღამოს, ჩემთან შემოდი ცოტა ხნით, მესტუმრეო. ცოტა ვიქეიფეთ, გავიცანით ერთმანეთი. კარგი ოჯახი იყო.
მერე გავიგე, რომ სოფიკოს, მის დას, შვილის ყოლა სდომებია დიდხანს. წლების მერე გაჭირვებით ეყოლა შვილი ამ გოგოს, ოღონდ თავიდან ეგონათ ვერ გადარჩებოდა. მაგრამ მერე, არ ვიცი, როგორ, ალბათ ვიღაცამ ურჩია, ანაც, ბებიებისგან ჰქონდათ გაგონილი, რომ ბავშვს თუ ორი რელიგიით მონათლავდნენ, შეიძლებოდა, უკეთ გამხდარიყო. სოფიკო არ იცნობდა არავის, სხვა რწმენისა რომ ყოფილიყო. თამარას, დას უთქვამს, ახლოს რომ ცხოვრობს ჩვენთან, ხადიჯათი, მუსლიმია და იქნებ, იმას ვთხოვოთ დახმარებაო. იცოდნენ, სკოლაში რომ ვმუშაობდი მასწავლებლად და ერთ დღეს ცოლ-ქმარმა მოგვაკითხა მე და ჩემს ქმარს. ისეთი დარცხვენილები იყვნენ. მორიდებით, ძლივს გვითხრეს, ასე, ბავშვი გვეღუპებაო. გაჭირვებით ვათქმევინეთ, რა უნდოდათ. თქვეს ბოლოს, იქნებ, ბავშვი მოგვინათლოო ქრისტიანული წესით. ისე მოწიწებით გვითხრეს, იქნებ, მოლასთან მივსულიყავით, ნებართვა გეთხოვათო. მე ვიცოდი, მოლა ნებას რომ არ მოგვცემდა. მიუღებელია ეს ჩვენთან. ამიტომ მოლასთან მისვლაზე მაშინვე უარი ვუთხარი. ნათლობაზე კიდევ უარი როგორ მეთქვა? ბევრი არც გვიფიქრია მე და ჩემს ქმარს, მაშინვე დავთანხმდით. გვიყურებდნენ და მართლაო, ბევრჯერ გვიმეორებდბენ, გვეკითხებოდნენ, არ სჯეროდათ. ვიდექით ჩვენც და ვეუბნებოდით, რომ მართლა. დიდი ფიქრი რად უნდოდა. არც იმაზე მიფიქრია, ვინმეს არ გავეკიცხე. ან ვის რა უნდა ეთქვა. მაგრამ სოფელში არასოდეს მქონდა გაგებული, რომ ვინმეს რამე ასეთი უქნია.
- შიში ხომ არ გიგრძვნიათ რაიმე? - მოხუც ცოლ-ქმარს ვეკითხები.
- არა, რა შიში, - ქმარი, მაგომედ-გადჯი გვერთვება საუბარში. - იმათ უფრო ეშინოდათ ჩვენ გამო, მოლას რაიმე არ დაეშალა.. მერე მე ვიჩხუბე, მოლა რას ქვია, თქვენ დახმარება გჭირდებათ და ჩვენ რაღაცა თუ შეგვიძლია, რა არის საშიში მეთქი.
- რანაირად უნდა გვეთქვა, აბა, სხვა რამე. იმედით მოვიდნენ ჩვენთან ის ადამიანები..
მერე, რაც იყო საჭირო, ყველაფერი ვიყიდეთ, მივიტანეთ ჩვენი მხრიდან. რავიცი, რაც შეგვეძლო. მოვნათლეთ. ქრისტიანულად. ბავშვი მეჭირა ხელში, მირონი აცხეს. წირვა იყო, ქრისტიანული რიტუალი. ახლა ზუსტად ვეღარც ვიხსენებ...
იმხელა იმედი ჰქონდათ ჩემი, უარი არ ვუთხარი.. მოვნათლეთ, ვიქეიფეთ, წამოვედით. იმის მერე მისვლა-მოსვლა გვაქვს.
აქ მთავარი, ალბათ ის იყო, რომ ჩვენ არ დავკარგეთ მერე ერთმანეთი. რაც საშუალება გვქონდა, სულ ერთმანეთს ვუზიარებდით. თუ ჩვენი მხრიდან რამე
იყო.. აი, ჩვენ, ინდაურები გვყავდა სახლში. უამრავი ინდაური იყო, 200-300 მაინც. ისე ვუვლიდით, განსაკუთრებით პატარა ინდაურებს. ყოველ ღამე ვიღვიძებდით და ვამოწმებდით, როგორ იყვნენ.. ჰოდა ამ ინდაურებს, ყოველ ახალ წელს, დედალი იყო თუ მამალი, ვაძლევდით იმ ოჯახს. მერე გავიგეთ, თვითონ სოფიკომ გვითხრა, რომ თურმე ამ ინდაურებს ბავშვის მკურნალ ექიმებს ჩუქნიდნენ. კიდევ მეტად მომილბა გული, სულ წაიღეთთქო, ვეხვეწებოდი. იმათი მხრიდანაც დიდი იყო პატივისცემა.
- ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა. ჩემი ბრალი იყოთქო, ოღონდ, ეგ როგორ ვთქვა. მაინც ასე იყო, რომ სკოლაც დაამთავრა, მაშინვე უნივერსიტეტშიც მოეწყო, იურიდიულზე ისწავლა. ძალიან ჭკვიანი და განათლებული გოგოა ახლა. ახლახანს ყვარელში შეჯიბრებაზე რომ ვიყავი…
- უკაცრავად, რა შეჯიბრებას გულისხმობთ, რომ მითხრათ..?
- ყოველ წელს იმართება ხოლმე ყვარელში შეჯიბრება, ბევრი სკოლის მასწავლებლები ჩავდივართ და ერთმანეთს ვეჯიბრებით.
- რაში?
- რავიცი, წელს მაგალითად, ფრენბურთში შევეჯიბრეთ, კიდევ, ბაგირის გადაძალვაში, სირბილშიც.. ჩვენ მეორე ადგილზე გავედით. (სანამ გაოცებისგან წარბებს ვზიდავ და სიხარულით ვიღიმი, ხადიჯათი თხრობას აგრძელებს) - ჰოდა ამ შეჯიბრზე შემხვდა სოფიკოც, დედამისი. ასე მითხრა, შენს ნათლულს თბილისში ვუხდით ქორწილს და აუცილებლად მოდიო. მე ვუთხარი, რას ლაპარაკობ, ეს სოფლელი ქალი ქალაქში როგორ ჩამოვიდე.. ან თუ ჩამოვედი, სად უნდა წამიყვანო მეთქი. რას ამბობ, ჩვენთან დარჩები, გვაქვს ჩვენ სახლიო. არ ვიცი.. შევძლებთ? შეიძლება, ვერც შევძლოთ.
- წავიდეთ, ქალო, წავიდეთ.
- ხო, მაგრამ მე ვუთხარი, იმხელა სახლი გვაქვს, იმდენი საქმე, დილა-საღამოს საქონელი, სამუშაოები, ბალახი.. როგორ მოვწყდე? იმან, ერთი-ორი დღე აუცილებლად უნდა წამოხვიდეო. ცოტას დაისვენებო.
… ასე, მეტი რა გითხრათ. რავიცი, კი ეშველა ბავშვს. ექიმების გარეშე, რა გამოვიდოდა, იმხელა იყო იმათი წილი. მაგრამ ჩვენი იმედიც ხომ ჰქონდა იმ ოჯახს და ასე, ერთად, გამოვიდა მაინც რაღაც. ისეთი თბილი ურთიერთობა გვაქვს იმის მერე. რაღაც განსაკუთრებულად ვუყვარვარ დღემდე იმ ქალს. მე მგონია, ალბათ იმიტომ, რომ სჯერა, ჩვენ ვუშველეთ გოგონას. იმ რწმენით, რომ შეიძლებოდა, ორი რელიგიით ბავშვს დავხმარებოდით.
- კი, ვუშველეთ, ვუშველეთ, ხადიჯათ.
- რავიცი, ასე ვართ. სხვა ისეთი არაფერი. ახლა 28-ში აქვს ქორწილი. აი, არ ვიცი, რა უნდა მოუხერხდეს ამ საქმეებს.
მაგრამ მაინც, იქნებ როგორღაც წავიდეთ თბილისში. ახლახანს ხადიჯათს დავურეკე. ქორწილში წასვლაზე რა მოიფიქრეთ მეთქი. დარდიანი ხმით მიპასუხა, მგონი, ვერ ვტოვებო აქ საქმეებს.
მე მაგომედ-გადჯის იმედი მაინც მაქვს. რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებს, მეუღლის დათანხმებასაც შეძლებს და იქნებ, როგორღაც წამოვიდნენ თბილისში.
მასალა მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)-ის "მრავალფეროვნების სახეების" პროექტის ფარგლებში, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტთან (CIPDD) ერთობლივად, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით