ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ჩვენ და ისინი

ავტორი: ლიამან მამედოვა

იცოდით, რომ ზოგჯერ შეშინებულ გველს საკუთარი კუდი  სხვა გველი ჰგონია და კბენს? ვერ ხვდება, რომ ამით საკუთარ თავს ვნებს.  სწორედ ეს სურათი მიდგება თვალწინ, როდესაც ერთი სამშობლოს მოქალაქეები, თანამემამულეები უპირისპირდებიან ერთმანეთს  მხოლოდ  იმის გამო, რომ განსხვავებულები არიან. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ამით ქვეყანას ვნებენ.

ბოლო პერიოდში, COVID -19 პანდემიის პარალელურად, ქსენოფობიურმა და რასისტულმა განცხადებებმა თუ ქმედებებმა მსოფლიოს მასშტაბით იმატა.  რაღა თქმა უნდა, არც საქართველოა გამონაკლისი, თუმცა აქ მარტო ჩინელების ლანძღვა-გინებით არ  შემოვფარგლულვართ. უფრო შორსაც წავედით - საქართველოში მცხოვრები ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობებიც გავატარეთ „ჯიშ-ჯილაგის გინების“ საცერში:  ე. წ. „ინფიცირებული მარნეულელი ქალის“ შემთხვევამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებასა და სოციალურ ქსელში. არაერთი რადიკალი „თათრების“ გაგდების ინიციატივითაც გამოვიდა. 

ქსენოფობია  ბერძნული  სიტყვაა - „ქსენოს“ - უცხოს ნიშნავს,  ფობია კი  - ირაციონალური შიშია, ანუ შიში, რომელსაც რეალური საფუძველი არ აქვს. აი მაგალითად,  სიბნელის შიში, ხეების შიში,  ქართველობის ან აზერბაიჯანელობის დაკარგვის შიში და ა.შ. ფობია დასწავლილია - ის ფორმირდება  რაიმე მოვლენის და რეალური შიშის ასოცირებით, შემდეგ კი მისი სხვა მსგავს სიტუაციებზე განზოგადებით. 

ქსენოფობია მჭიდროდაა  დაკავშირებული რასიზმთან. რასიზმი საკუთარი ეროვნების, ეთნოსის თუ კულტურის უპირატესობის განცდაა სხვა ეთნოსებთან მიმართებით. შესაბამისად ადამიანი რომელიც ბავშვობიდანვე ეთნოცენტრულ ნარატივებზე იზრდება როგორიცაა - „ჩვენი ხალხი ყველაზე კარგია, ჩენი გენი ყველაზე ძლიერია, ჩვენ ვართ რაც ვართ“ .... რა გასაკვირია, რომ მისგან განსხვავებულს ეჭვის, შიშის და ზოგჯერ ზიზღის  თვალითაც შეხედავს.

ახლა დავუბრუნდეთ საქართველოს. მოდით, ვაღიაროთ, რომ საქართველოსთვის არც ქსენოფობია და არც რასიზმი არ არის ახალი.  ახალი კორონავირუსის გავრცელებამ  კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოიტანა ის,  რაც ისედაც არსებობდა. იმაზეც შევთანხმდეთ, რომ უმრავლესობას და უმცირესობას გულზე არ ეხატება ერთმანეთი. ჩნდება კითხვა, რატომ?  ერთ მიწა-წყალზე გაზრდილ ხალხს რა აქვს ნეტავ გასაყოფი, ამდენი ხანი რით ვერ ინტეგრირდნენ? რაშია საქმე? პასუხი მარტივია - უბრალოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს და გაცნობის დიდი სურვილი არც გვაქვს. ქსენოფობიაც და  რასიზმიც, საბოლოოდ, გაუცხოებამდე დაიყვანება. 

ერთ სამშობლოში ვცხოვრობთ და უცხოს თვალით შევყურებთ ერთმანეთს. მსგავსი ფაქტის მომსწრე თავადაც გავმხდარვარ. სადღაც ერთი წლის წინ მეგობრებმა (ეთნიკურად ქართველებმა) საახალწლოდ კახეთში, მათი ნათესავების სახლში დამპატიჟეს. წავედით ყანდაურაში,  იქაურებმა ძალიან თბილად  მიგვიღეს, კარგი დრო გავატარეთ ერთად. მეორე დღეს კი ადგილობრივებთან ერთად ჩავსხედით მანქანაში და პატარა ტურის მოწყობა  გადავწყვიტეთ, ყველაფერი მშვენივრად იყო სანამ მეზობელ  სოფელში არ შევედით. თურმე ეს ადგილი მისტიკურობით ყოფილა მოცული, 10 კილომეტრით  დაშორებულ ამ სოფელზე ბევრი არაფერი იცოდნენ, მარტო იმას მიყვებოდნენ რაც გაგონილი ჰქონდათ. ასე მითხრეს: „ აქ სხვანაირი ხალხი ცხოვრობს, უჯიშოები არიან, არ ვიცით საიდან მოვიდნენ, „თათრებსაც“ ეძახიან, მაგრამ მაგარი მდიდრები არიან და სწრაფად მრავლდებიან“.  მე კი ვიცოდი რომ ეს სოფელი იორმუღანლოა  და ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის  დასახლებული, მაგრამ ხმა არ ამომიღია - უფრო ჩავეკითხე,  როგორი ურთიერთობა გაქვთ მეთქი მათთან -  არავითარიო მიპასუხეს - კვირის ბაზრობაზე თუ ვივაჭრებთ ერთად და ეგ არისო.... როგორი უცნაურია არა? - ერთი მხრივ მე, აზერბაიჯანელს მეპატიჟებიან ოჯახში და მეორეს მხრივ, სხვა აზერბაიჯანელებს „უჯიშოდ“ მოიხსენიებენ. არა, არაა უცნაური იმის გათვალისწინებით, რომ მე მიცნობდნენ, მათ შესახებ კი მხოლოდ „ზღაპრები“ იცოდნენ.

ჩვენ, ვისაც მშვიდობა გვინდა, ერთმანეთი უნდა გავიცნოთ და თანაცხოვრება ვისწავლოთ. ამისთვის კი მედიატორი გვჭირდება - ის, ვისაც აქვს რესურსები და ძალაუფლება, რომ შექმნას პირობები და ინტერკულტურული გარემო. ამ როლს კი სახელმწიფოზე უკეთესად ვერავინ შეასრულებს. 

ზოგჯერ მართლა არ მესმის - ნუთუ სახელმწიფო  ვერ აცნობიერებს, რომ ამხელა რესურსი აქვს მრავალფეროვნების სახით? ეკონომიკური, პოლიტიკური თუ  სოციალური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ქვაკუთხედი სწორედ - ხალხის კონსოლიდაცია და მათი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაა და არა „სირაქლემას  პოზაში“ ყოფნა. უარეს შემთხვევაში კი, სახელმწიფო თვითონ აღვივებს ხოლმე ეთნიკურ ნიადაგზე შეუწყნარებლობას. 

იქ, სადაც სკოლის სახელმძღვანელოებში ეთნიკური თუ რელიგიური  უმცირესობების შესახებ  მცირე აბზაცებია  დაწერილი; იქ, სადაც  მედიაში  უმცირესობები, მხოლოდ უმცირესობების საკითხებზე საუბრობენ; იქ, სადაც საჯარო პირები ამბობენ, რომ  თანამოქალაქეები „უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოხოცო!“;  იქ, სადაც ორმაგი სტანდარტები და შერჩევითი სამართალია - რა გასაკვირია , რომ ასეთი ხელისუფლება  მედიატორად კი არა, პირიქით, ხიდჩატეხილობის   ხელშემწყობადაც კი  გვევლინება.

ეს ხდება მაშინ, როდესაც უმცირესობის მხრიდან  მზაობაა ინტეგრაციისთვის - დღეს ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია თუ პლატფორმაა შექმნილი. ეს ადამიანები თავიანთ თავს საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევენ და იბრძვიან თანასწორუფლებიანობისთვის. 

ჩვენ კი დროა, თეორიულად ათასჯერ „გადაღეჭილი“ ინტეგრაცია პრაქტიკაში განვახორციელოთ, ვისწავლოთ განსხვავებულის მიღება - ჩვენივე სასიკეთოდ!

ერთი ირლანდიელი მწერლის სიტყვები მახსენდება: „მეც მძულდა მათგან ზოგიერთი. ზოგჯერ მათი უმრავლესობაც. ისინი ჩვენგან განსხვავებულად ფიქრობენ, მაგრამ ეს კარგია, არა ? ხელი  ფეხი არ არის, მაგრამ ორივე მჭირდება სანადიროდ.“ 


 

სტატია მომზადებულია პროექტ ,,მრავალფეროვნების სახეების” ფარგლებში. 

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.