მეტრომშენის დასახლებაში ერთი შენობაა - ფერადი, დასურათებული დერეფნებით და ჭრელი ხალხით: 103-ე საჯარო სკოლაში ეთნიკური ქართველები, ოსები, ებრაელები, აზერბაიჯანელები და სომხები ერთად სწავლობენ. ქართულ სკოლას სომხურენოვანი სექტორიც აქვს, სულ 120 მოსწავლით.
ავტორი: მარიამ სამუშია
გაიანეს, სკოლის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელს, ჩვენთან საუბრისთვის თავისუფალი დრო რომ მოენახა, დღეები დასჭირდა: დაწყებითი კლასის დამრიგებელი რამდენიმე საგნის სწავლების შემდეგ სახლში აჩქარებით ბრუნდება და ბავშვების დამატებით მომზადებას იწყებს, საღამოს კი ონლაინ-გაკვეთილებს უძღვება უფროსებისთვის - სომხურ ენაზე მოსაუბრეებს ქართულს ასწავლის.
ქართული თავადაც, ფაქტობრივად, 18 წლისას აქვს ნასწავლი. ახალქალაქში დაიბადა, ეთნიკურად სომხურ ოჯახში; სახლში და ირგვლივ სოფელში, ეთნიკურ სომეხთა შორის ცოტა თუ საუბრობდა ქართულად. ბარალეთს სახელმწიფოს ყურადღება საკმარისად არასოდეს დათმობია და სკოლაშიც, გაიანეს თქმით, ქართულს სათანადოდ ვერ ასწავლიდნენ. ამიტომაც, სკოლის დასრულების შემდეგ უმეტესობა სომხეთში წავიდა. გაიანე ერთადერთი აღმოჩნდა თავის კლასში, ვინც თბილისში გადაწყვიტა სწავლა. ამაში, ერთი მხრივ, ქუთაისში მცხოვრები ქართულად მოლაპარაკე ბებია დაეხმარა, მეორე მხრივ კი, თბილისში შეძენილი მეგობრები. ამბობს, რომ უნივერსიტეტში სწავლისას ქართულენოვან სტუდენტებთან მუდმივი კომუნიკაცია რომ არა, ენის ათვისება მეტად გაუძნელდებოდა. ამიტომ ფიქრობს, რომ სომხურად მოსაუბრე ახალგაზრდებს პანდემიამ კიდევ მეტად გაურთულა საქართველოში განათლების მიღება. დისტანციური სწავლის პირობებში ენის გაწაფვა ბევრად ჭირს. თუმცა იმასაც ამატებს, რომ ბოლო წლებში ახალქალაქის ცხოვრება მნიშვნელოვნადაა შეცვლილი: სოფლებში მასწავლებლები ჩავიდნენ, ყურადღება სკოლებისაკენ მიიმართა და შედეგად, დღეს, მაგალითად, ბარალეთში ახალგაზრდების ნაწილი გამართული ქართულით ახერხებს საუბარს. ამ მიზეზით, ბევრი გაიანეს მსგავს გზას ირჩევს და საქართველოში რჩება სწავლის გასაგრძელებლად. მისი უმცროსი ძმაც ასეთია, რომელსაც გაიანეს მაგალითმა მისცა თავდაჯერება, თბილისში, იურიდიულ ფაკულტეტზე ესწავლა
.
ზარი ირეკება და გაიანე აწრიალებულ ბავშვებს ქურთუკებს სათითაოდ არგებს. ზურგზე ჩანთის მოკიდებაშიც ყველას ცალ-ცალკე ეხმარება, მერე მოსწავლეებს მწკრივად აწყობს და ეზომდე აცილებს.
საუბრის ბოლოს ვეკითხები, ხომ არ ეფიქრება ხოლმე, თავისი კლასელების მსგავსად ერევანში რომ წასულიყო, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ცხოვრება. დაუყოვნებლად მპასუხობს, აქაურობას არაფერი მირჩევნია, ისე შევიყვარე თბილისიო. თავიდან რომ ჩამოვედი, მიჭირდა აქ ყოფნა, თავს მარტოდ ვგრძნობდი, მაგრამ მერე, ერთხელ მეიდანზე აღმოვჩნდი და რაღაც უცნაური, მშობლიური შეგრძნება გამიჩნდა, რატომღაც დღემდე განსაკუთრებულად ვარ ამ ადგილზე შეყვარებულიო.
ქალაქთან ერთად, განსაკუთრებულადვე უყვარს თავისი თხუთმეტი, პატარა მოსწავლეც. თან, დანამდვილებით ორმხრივია ეს სიყვარულიო, მომღიმარი მიბრუნებს პასუხს.
მასალა მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)-ის "მრავალფეროვნების სახეების" პროექტის ფარგლებში, ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის (EED) მხარდაჭერით.